ვენაში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - Belvedere 21 მხატვარ თამუნა სირბილაძის ნამუშევრების რეტროსპექტივას წარმოადგენს. გამოფენა სახელწოდებით - “Not Cool but Compelling”, Sergey Harutoonian-ის კურატორობით, 22 მარტიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს, ნახატებსა და ინსტალაციებს, მათ შორის ადრეულ ნამუშევრებს, რომლებიც თბილისში შეიქმნა.
თამუნა სირბილაძის უნიკალური ხელწერა ექსპრესიული მიდგომითა და ანთროპომორფული ვიზუალური ენით გამოირჩევა. მისი ნახატების თემები მოიცავს ადამიანის სხეულს, სექსუალობასა და დაუცველობას, რომელიც მან თავდაპირველად ფიგურალურად აღბეჭდა ფორმალური ლექსიკის გამოყენებით, შემდეგ კი აქცენტი გადაიტანა აბსტრაქციაზე.
რეფერენსები ისეთ მხატვრებთან, როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი, ანრი მატისი და მარტინ კიპენბერგერი, ხშირად შეინიშნება სირბილაძის შემოქმედებაში. ასევე, შეხვდებით ისტორიულ ფიგურებსა და რელიგიურ გამოსახულებებს, მათ შორის - ბროწეულს - ნაყოფიერების ქრისტიანულ სიმბოლოს.
თამუნა სირბილაძე 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ საცხოვრებლად ვენაში გადავიდა და სწავლა სახვითი ხელოვნების აკადემიაში განაგრძო, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ფრანც გრაფი და ჰეიმო ზობერნიგი, ასევე განათლება მიიღო ლონდონის Slade School of Fine Art-ში.
2003 წლიდან თამუნა სირბილაძის ნამუშევრები წარმოდგენილია არაერთ ეროვნულ და საერთაშორისო, პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებზე, მათ შორის: ლონდონის Saatchi Gallery-ში, კიოლნის Galerie Gisela Capitain-ში, პარიზის Colletpark-ში, ლონდონის Jonathan Viner Gallery-ში, მაიამის Rubell Family Collection-ში და ვენის Charim Gallery-ში.
2016 წლის 2 მარტს მხატვარი ორმოცდახუთი წლის ასაკში გარდაიცვალა და დატოვა არაერთი საინტერესო ნამუშევარი, მის შემოქმედებას მიეძღვნა წიგნი, ნამუშევრების ალბომი - „თამუნა სირბილაძე”, რომელიც David Zwirner Books-მა გამოსცა.
დაწერე კომენტარი