ამერიკელი მოქანდაკე, არტისტი რიჩარდ სერა, რომელიც ცნობილია მასიური ლითონის კომპოზიციებითა და ქანდაკებებით, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960-იანი წლების ბოლოდან სერას ნამუშევრებმა დიდი როლი ითამაშა თანამედროვე აბსტრაქტული ქანდაკების ტრადიციის განვითარებაში. სერამ მისი თითოეული ნაშრომი მჭიდროდ დააკავშირა კონკრეტულ გარემოსთან და შექმნა სივრცეები, რომელშიც მაყურებელს საშუალება აქვს შეიგრძნოს როგორც წონის, სიმძიმისა და სისწრაფის უნივერსალური თვისებები, ისე ერთგვარი მედიტაცია. მისი ნამუშევრები ერთდროულად წარმოადგენს ქანდაკების, ფერწერისა და არქიტექტურის ნიმუშს.
სერას ქანდაკებები, მათი კონცეფციიდან გამომდინარე, ხშირად გვხვდება მუნიციპალურ პარკებში, მოედნებსა და მემორიალურ ადგილებში, სხვადასხვა საჯარო სივრცეში, რითაც მხატვრული ნაშრომი ცვლის ადამიანების ყოველდღიურ განსაზღვრულ რუტინას. მისი სკულპტურები ისეა ადაპტირებული გარემოსთან, რომ აუცილებლად ქმნის კავშირს მნახველთან, ერთგვარ დაბრკოლებას, რომ ადამიანები ხელოვნებამ თუნდაც წამიერად გამოაფხიზლოს და მისცეს საშუალება, გაიზიარონ ის სივრცე, სადაც ყოველდღე დადიან. სერას შემოქმედება არის ხელოვნების ,,მონაწილეობითი’’ ჟესტი საზოგადოებაში.
რიჩარდ სერა სან-ფრანცისკოში გაიზარდა, მისი შემოქმედების ყველაზე ადრეული შთაგონება გემთმშენებლობის ქარხნებში დროის გატარებისას გაჩნდა, სადაც მამამისი მუშაობდა. სწორედ სან-ფრანცისკოდან ერთ-ერთი ტანკერის გაშვების დროს სერა შთააგონა გემის კორპუსის მიერ შექმნილმა ჰორიზონტალურმა მრუდმა, ურთიერთსაწინააღმდეგო სიმსუბუქითა და სიჩქარით. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა გემის წყალში შესვლამ და მას შემდეგ ხატვა დაიწყო, რაც ძალიან დაეხმარა განვითარებაში და მისცა თავდაჯერებულობა მხატვრული პოტენციალის გამოსავლენად.
1966 წელს ნიუ-იორკში დასახლებულმა სერამ პირველი ქანდაკების დამზადება დაიწყო, რომელიც, როგორც ამბობენ, შთაგონებული იყო ჯექსონ პოლოკის ნახატით - ფრესკა (1943). მას შემდეგ, 1968-დან 1970 წლებში, სერა მუშაობდა Splash სერიებზე, რომლებიც წარმოადგენდა ნახევრად სკულპტურულ ნამუშევრებს, რასაც მოჰყვა Prop სერია - სერას უზარმაზარი, ლითონის ქანდაკებების უშუალო წინამორბედი ნამუშევრები, რითაც არტისტი შეისწავლიდა წონასწორობას, წონასა და გრავიტაციას.
რიჩარდ სერამ 1981 წელს შექმნა 12 ფუტის სიმაღლისა და 120 ფუტის სიგრძის ნამუშევარი - Tilted Arc - ნიუ-იორკის ერთ-ერთ მოედანზე, მანჰეტენის ქვედა ფედერალურ პლაზაში. სერას დახრილი თაღის საჯარო ინსტალაციამ გამოიწვია ნეგატიური გამოხმაურება, ხალხის უმეტესობამ ქანდაკება უხეშ ჩარევად და სიმახინჯედ ჩათვალა, პროტესტმა მიიქცია საერთაშორისო ყურადღება და მუნიციპალური მთავრობა იძულებული გახდა ამ საკითხზე საჯარო მოსმენების სერია მოეწყო, საერთაშორისო დებატების და მოსმენების შედეგად კი Titled Arc საბოლოოდ დაიშალა და 1989 წელს ფედერალური პლაზადან გაიტანეს.
სერას ეკუთვნის სპეციალურად Guggenheim Bilbao-სთვის შექმნილი ნამუშევარი - Snake - რომელიც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერწყმის სკულპტურის კონცეფცია და შემდგომი გამოცდილება ბუნებრივ ლანდშაფტსა და გარემოს. მისი მასიური, გიგანტური ზომის სხვა ნამუშევრებია - Torqued Ellipse, Te Tuhirangi Contour, The Matter of Time.
სერას სხვადასხვა ნამუშევარი წარმოდგენილია და ინახება მრავალი ქვეყნის ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში.
დაწერე კომენტარი