ვენეციაში წელს საერთაშორისო ხელოვნების მე-60 ბიენალე გაიმართება, რომელიც 2024 წლის 20 აპრილს დაიწყება და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წლევანდელი ბიენალე, სახელწოდებით “Stranieri Ovunque - Foreigners Everywhere”, ადრიანო პედროსას კურატორობით ვენეციის Giardini-სა და Arsenale-ში ჩატარდება, ძირითადი აქცენტი და მთავარი თემა - მიგრაცია და დეკოლონიზაციაა. დამთვალიერებელი იხილავს არაერთი უცხოელის, ემიგრანტის, საკუთარი ქვეყნიდან გადასახლებული როგორც ძველი თაობის, ისე თანამედროვე 300-მდე ხელოვანის ნამუშევრებს. ტრადიციულად, Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად გააშუქებს ვენეციის ბიენალეს. თვალი ადევნეთ ჩვენს ინსტაგრამ გვერდს, სადაც მე-60 ბიენალეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგიყვებით.
წლევანდელ ბიენალეზე ქართულ პავილიონს კურატორები - Julia Marchand და დათო კოროშინაძე წარადგენენ, რომლის ფარგლებშიც ქართველი საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მხატვრის - ილია ზდანევიჩისა (ილიაზდის) და გერმანელი ასტრონომის - ტემპელის ისტორია გაცოცხლდება.ხელოვნების ისტორიული პავილიონი - “The Art of Seeing - States of Astronomy” - მე-20 საუკუნის სამ პიროვნებას ოთხ თანამედროვე ქართველ და ფრანგ არტისტთან აკავშირებს. მოიცავს იშვიათ დოკუმენტებს, არქივებს, ისტორიულ ხელოვნების წიგნებს, ვარსკვლავური ტიპოგრაფიით შექმნილ ხელოვნების ნიმუშს - ,,მაქსიმილიანას’’, რის საკვლევადაც კურატორებმა იმოგზაურეს ვენეციაში, ფლორენციაში, მარსელსა და თბილისში. Maximiliana (65 Maximiliana ou l'exercice illégal de l'astronomie) შეიქმნა ილია ზდანევიჩსა და გერმანელ მხატვარს - მაქს ერნესტს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის შედეგად, გამოიცა 1964 წელს ილია ზდანევიჩის რედაქტორობით, მხოლოდ 65 ეგზემპლარი და ეძღვნება გერმანელი ლითოგრაფის და ასტრონომის, ვილჰელმ ტემპელის ცხოვრებას, რომელიც თანაავტორად არის მოხსენიებული. ილიაზდი 1960-იანი წლების დასაწყისიდან იკვლევდა ვილჰელმის ცხოვრებას და იმოგზაურა ყველა იმ ადგილას, სადაც ტემპელი ცხოვრობდა. სათაური ,,მაქსიმილიანა’’ ეხება ტემპელის მიერ 1861 წელს აღმოჩენილ პლანეტოიდს, რომელსაც მან დაარქვა მაქსიმილიან II. ტემპელი მხარს უჭერდა ისეთ ასტრონომიას, რომელიც დიდად არ ეყრდნობოდა ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს. ,,მაქსიმილიანა" სრულიად სხვა სამყაროს სურათების 28 გრავიურისგან შედგება, ტემპელის ლექსებსა და დღიურებს კი თან ახლავს ილიაზდის თანავარსკვლავედის ტიპოგრაფია და მაქს ერნესტის იეროგლიფური დამწერლობა.მხატვარს, ფუტურისტს, მწერალს, პოეტსა და მკვლევარს - ილია ზდანევიჩს გამოცემული აქვს ოცზე მეტი წიგნი - ლიტერატურული, ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული კვლევები, მათ შორის პაბლო პიკასოსთან ერთად. ილიაზდის დიდი წვლილი მიუძღვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში.
პავილიონი მოიცავს ილიაზდის ტექსტილის დიზაინის ნიმუშებს, რომელიც მან კოკო შანელისთვის ფუტურისტული პოეზიის სტრიქონების შთაგონებით შექმნა. იგი მუშაობდა შანელის ტექსტილის ქარხანაში და იყო გრაფიკის განყოფილების ხელმძღვანელი, 1932 წელს კი ახალი მოდელების ესკიზები წარმოადგინა. შანელისთვის შესრულებული ნამუშევრები მოწმობს ილიაზდის ინტერესს კოსმოსური ფორმების მიმართ ვიზუალურ პეიზაჟებში.
ქართველი მხატვარი - ნიკა კოპლატაძე “მაქსიმილიანას” ინტერპრეტაციაზე მუშაობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაშრომის ინსპირაციით, თანამედროვე ფორმებითა და მისი პირადი არტისტული პრაქტიკის გამოყენებით, პავილიონზე ახალ რვა ნამუშევარს წარმოადგენს. ფრანგმა არტისტებმა - როდრიგ დე ფერლუკმა და ჯულიეტ ჯორჯმა შექმნეს უნიკალური ავეჯი, რომელიც შთაგონებულია ილიაზდის ტიპოგრაფიით, პავილიონის ვიზუალური და სივრცითი იდენტობისათვის. პავილიონში ასევე შევხვდებით გრიგოლ ნოდიას ვიდეო ხელოვნებას, სახელწოდებით Lonely Planet.
დაწერე კომენტარი