ენდი უორჰოლი არის არტისტი, რომელიც თავისი შემოქმედებით და ნამუშევართა სერიებით მუდამ ღიად საუბრობდა Queer იდენტობაზე, შეერთებულ შტატებში LGBTQ უფლებების მოძრაობის ფონზე, რომლის ერთ-ერთი პირველი აქტივისტი და მხარდამჭერი იყო. 1950-იანი წლების Boy Book-იდან დაწყებული, 1980-იანი წლების ავტოპორტრეტებით დამთავრებული, უორჰოლმა თავისი იდენტობა ხელოვნებაში ასახა.
უორჰოლის შემოქმედება ასახავს მისი, როგორც ჰომოსექსუალი მამაკაცის ცხოვრებას მე-20 საუკუნის ამერიკაში, როდესაც ჰომოსექსუალობა მიუღებელი, აკრძალული და კრიმინალიზებული იყო. 1950-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში, ტანაგერის გალერეაში უორჰოლის Queer ნამუშევრების წარდგენისას, ბევრმა დამთვალიერებელმა, მეგობარმა და თანამემამულემ გამოთქვა პროტესტი და ნამუშევრები თემატიკის გამო უარყო.
1950-1962 წლებში შესრულებული ნამუშევრების და ესკიზების სერია უორჰოლმა წიგნში - Love, Sex & Desire-ში მოაქცია, რომელიც სავსეა მამაკაცის პორტრეტებით, სიყვარულის გამოხატვის ფორმებით, იუმორისტული გამოსახულებებითა და სხეულის ნაწილების შესწავლით.
1960-იან წლებში, როდესაც მან კინოინდუსტრიაში შეაბიჯა, სექსუალობის და იდენტობის გამოხატვით მაყურებელს საკმაოდ თამამი სცენები შესთავაზა ფილმებში - Blow Job, My Hustler და Lonesome Cowboys.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უორჰოლი ხაზს უსვამდა თავის რომანტიკულ, ინტიმურ ურთიერთობებს პარტნიორებთან, რომელთა შორის იყვნენ - ედვარდ უოლოვიჩი, ტედ კერი, ჯონ ჯორნო, ჯედ ჯონსონი და ჯონ გულდი - მისი კოლეგები და თანამშრომლები. ისინი უორჰოლს მხატვრული კარიერის ჩამოყალიბებაში დაეხმარნენ.
1977-78 წლებში უორჰოლმა გამოაქვეყნა ახალი სერიები - Sex Parts და Torso - სხეულსა და მის შესწავლაზე ფოკუსირებული ნამუშევრების სერია. 1981 წელს კრისტოფერ მაკოსისა და ენდი უორჰოლის თანამშრომლობით შეიქმნა სერია - Altered Image, რომელშიც უორჰოლი შეცვლილი გარეგნობით, მაკიაჟითა და პარიკით არის გადაღებული. შემდგომში სწორედ ამ ერთობლივ ნამუშევარს 2007 წელს მაკოსის ინიციატივით მიეძღვნა სერია - Andy Dandy, რომელიც არის 20 საარქივო ფოტოსერია და აერთიანებს უორჰოლის Altered Image-ის პორტრეტებს სოლბერგის Bloom სერიის ყვავილების სურათებთან.
უორჰოლის ხედვამ და იდენტობამ მკვეთრი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე და განსაზღვრა მისი როლი ხელოვნების სამყაროში. მისი მრავალი ცნობილი ნამუშევარი ემყარება ეროტიკულ ფოტოგრაფიას, ჰომოსექსუალობასა და გეი იდენტობის საკითხებს.
დაწერე კომენტარი