ქალაქის მაღალი ტემპერატურისგან თავის დასაღწევად, ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად იდეალური ვარიანტი ტყე, სუფთა ჰაერი და სიმწვანეში ჩაფლული კოტეჯებია, რომლებიც საქართველოში უკვე მრავლად გვაქვს. იმისათვის, რომ საზაფხულო დასვენებისა და განტვირთვისთვის ადგილის შერჩევა გაგიმარტივოთ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მთებში მდებარე 10 კოტეჯს გიზიარებთ, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში გიმასპინძლებენ და სასიამოვნო გარემოს დაგახვედრებენ. 

სერი 

სერი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მდებარეობს და სამ ხის გუმბათოვან კოტეჯს აერთიანებს, თითოეულ მათგანს გამორჩეული პანორამული ხედები აქვს, რომელიც აჭარისწყალის ხეობას გადაჰყურებს. კოტეჯებს კერძო საცურაო აუზები აქვს, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ზაფხულის ცხელ დღეებში სერში დასვენებას. დროის კომფორტულად გასატარებლად კოტეჯები აღჭურვილია დასვენებისთვის  საჭირო ყველა ინვენტარით.

ზღვარი 

რაჭაში, ამბროლაურში, სოფელ კრიხისკენ მიმავალ გზაზე, ბერდიას ტბის პირას ზღვარი მდებარეობს, რომელიც ორ კოტეჯს აერთიანებს, პირველს „ჰობიტონი“ ეწოდება, რომელიც ხავსითაა დაფარული და მისი სახელწოდებაც მოწმობს, რომ კოტეჯი ჰობიტების საცხოვრებელს წააგავს და ზღაპრულ გარემოს ქმნის. მეორე - "ესგაროთი" ტბაში შეჭრილი, მინით დაფარული კოტეჯია, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში ულამაზეს ხედებს ქმნის - დღისით ტბისა  და ბუნების პეიზაჟებით, ხოლო ღამით კი რაჭის ვარსკვლავებიანი ცის ცქერით ტკბობა შეგიძლიათ.

გალილეო

აბასთუმნის ტყეში ჩაფლული გალილეოს ხის კოტეჯები იდეალური ვარიანტია მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის სუფთა ჰაერსა და წყნარ გარემოში. გალილეოს კოტეჯებში დროის გასატარებლად ყველა საჭირო ინვენტართან ერთად, საერთო ღია საცურაო აუზი და ბავშვთა გასართობი სივრცეც მდებარეობს. შუაგულ ტყეში კოტეჯის მდებარეობა ეკოლოგიურად სუფთა დასასვენებელ სივრცეს ქმნის და თითოეულ დამსვენებელს ბუნებასთან მაქსიმალურად აახლოებს. ვიზიტორებს შეუძლიათ ტყეში სასეირნო ბილიკებით გასეირნება, სალაშქრო ტურებში ჩართვა და ღამის ცაზე დაკვირვება სპეციალური ტელესკოპებით.

ჰილ ინნ 

ჰილ ინნ მაღალმთიან აჭარაში მდებარე კემპინგის სივრცეა, რომელიც ოთხი ტიპის ნომერს - ტენტებსა და ხეზე სახლებს აერთიანებს. ჰილ ინნი ქედის რაიონში, სოფელ დანდალოში მდებარეობს, ორ ტენტს - "განდაგანა" და ‘’გალაქტიკა“, ხოლო ასევე ორ სახლს ხეზე - „ენდორფინი“  და „ტერაბიტია“ ეწოდება. უნიკალური ნომრები დამსვენებელს სპა ზონას, საუნას და ღია აბაზანას, გარე მოსასვენებელ სივრცეებს, ამფითეატრს კოცონისთვის, სახლის კინოთეატრსა და მცირე ბიბლიოთეკას სთავაზობს.

Mestia Eco Huts - ეკო ქოხები მესტიაში

მყუდრო და გამორჩეული ტყისპირა ეკო-ქოხები სვანეთში, მესტიაში მდებარეობს, სადაც დასასვენებლად ძალიან მყუდრო, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. გარდა იმისა, რომ ეკო-ქოხები ბუნებაშია ჩაფლული, იგი მთლიანად ხისგანაა დამზადებული, ქოხებს თავისი აივნები აქვს, საიდანაც ბუნების ულამაზესი ხედები იშლება. ასევე ეკო-ქოხების მახლობლად, 200 მეტრში, კურორტის საბაგირო მდებარეობს, რომლითაც გასეირნება იდეალურია მესტიის დასათვალიერებლად.

ლარდა

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე კოტეჯი ლარდა სოფელ ლატალშია განთავსებული. ორსართულიანი კოტეჯი დამსვენებელს მშვიდ და სიმწვანეში ჩაფლულ გარემოს სთავაზობს, ლარდას ულამაზესი ხედები აქვს სვანეთის ქედსა და მყინვარ ლაილაზე, ეზოში კი მოსასვენებელ ადგილებთან ერთად, კოცონის დასანთები სივრცეც დაგხვდებათ, რაც სვანეთის გრილ საღამოს მეგობრებთან ერთად გართობაში და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

ბუდე

ბუდე კიდევ ერთი კოტეჯების კომპლექსია, რომელიც მესტიაში, ცენტრიდან 3 კილომეტრში, ჰაწვალის ქვედა საბაგიროსთან ახლოს მდებარეობს და დამსვენებელს ზღაპრულ გარემოს სთავაზობს ბუნების წიაღში განტვირთვის მოსაწყობად. ბუდეს სულ 10 კოტეჯი აქვს და თითოეული მათგანი ტყეში, სრულიად იზოლირებულ, მყუდრო ადგილასაა განთავსებული და ულამაზესი ხედებისა და კომფორტული სივრცის შერწყმას ქმნის. 

Duende 

ეკო-მეგობრული, უნიკალური დიზაინის კოტეჯების კომპლექსი - Duende სოფელ ხიზაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. კოტეჯების კონცეფცია ეკოლოგიურ სისუფთავეს ეფუძნება, ისინი კავკასიის ფლორისა და ფაუნის პატივისცემით აშენდა და მშენებლობისას არცერთი ხე არ მოჭრილა. სახლები გამორჩეულ ბუნებაშია განლაგებული. Duende სამ ხის დელუქს-კოტეჯს და ერთ საოჯახო ტიპის კოტეჯს აერთიანებს, კოცონის დასანთები სივრცითა და პატარა, ორიგინალური დიზაინის გარე საცურაო აუზებით. 

Sunland
სანლენდი ქობულეთში, სოფელ ბუკნარში მდებარეობს, დახვეწილი დიზაინის ოქროსფერი კოტეჯი ციტრუსის ბაღებშია ჩაფლული და კომფორტული, ყვავილებით სავსე ეზო ამშვენებს. კეთილმოწყობილი კოტეჯი დამსვენებელს ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს, სანლენდის ფანჯრებიდან და აივნებიდან კი შავი ზღვის ხედები იშლება. 

Glamping Georgia Krikhi

Glamping Georgia Krikhi რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში მდებარეობს და დამსვენებლებს კომფორტსა და ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს სთავაზობს. ლუქს ტიპის კოტეჯები პირველია საქართველოში, რომლითაც "გლემფინგის" კონცეფცია დამკვიდრდა. თავდაპირველად სივრცე 2 კარავს მოიცავდა, დღეს კი Glamping Georgia დამსვენებლებს 12 კარავს სთავაზობს. სრულიად ტყით გარშემორტყმულ, კომფორტულ საცხოვრებლებს გარე საცურაო აუზიც დაემატა და სტუმრებს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე განახლებული სახით უმასპინძლებს.