ფოტოგრაფი ჯორჯ ბირნი ქმნის ფართომასშტაბიან ფოტოებს, რომლებიც ასახავს არქიტექტურულ ნაგებობებს, პეიზაჟებს, როგორც ფერწერულ აბსტრაქციას და ურბანულ ყოველდღიურობას. ბირნმა ლოს-ანჯელესის გადაღება საშუალო ფორმატის კამერით 2010 წელს დაიწყო, მის ფოტოებში ხშირად შეხვდებით ნათელი ფერებითა და გეომეტრიული ფრაგმენტებით აწყობილ ამერიკის ასკეტური ურბანული პეიზაჟების კოლაჟებს.
ჯორჯ ბირნი დაიბადა სიდნეიში, ავსტრალიაში 1976 წელს და დაამთავრა სიდნეის ხელოვნების კოლეჯი 2001 წელს. მისი საერთაშორისო გამოფენები გაიმართა იტალიაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში. ბირნს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის - მინიმალისტური ფოტოგრაფიის რამდენიმე ნომინაციაში.
ბირნის ერთ-ერთი ცნობილი სერიაა - Local Division, რომელიც 2010 წელს, ფოტოგრაფის ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში შეგროვებულ ფოტოებს აერთიანებს. სერია მრავალფეროვან, ნათელ ფერთა პალიტრის 18 ფოტოს მოიცავს და ბირნის ქალაქისადმი სიყვარულს გამოხატავს, ფოტოებში კარგად ჩანს ლოს-ანჯელესის ესთეტიკა და დამახასიათებელი ბუნება.
შემდეგი სერია, რომელიც ბირნმა შექმნა, არის 2016 წლის Halcyon House - ფოტოები გადაღებულია ავსტრალიაში, კაბარიტას სანაპიროზე მდებარე სასტუმროში, შეხვდებით ბუნების სხვადასხვა ელემენტის ფოტოებს, იქნება ეს ოკეანე, მთვარე თუ ტყის ამსახველი მრავალფეროვანი პეიზაჟები ხეებით, ბალახებითა და ბუჩქებით.
Color Field - კიდევ ერთი სერიაა, რომელიც კალიფორნიის ცის ქვეშ გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს, რომელშიც ისეთი ელემენტების ურთიერთქმედებას ვხვდებით, როგორიცაა ფერები, შუქი და ჩრდილი, ხაზები, ფორმები და მასალები. სერია მოიცავს 16 ფოტოს, მათ შორისაა - Burton Way, East Hollywood Carpark, El Chavo, Palm Springs #1, რომელიც ასახავს კალიფორნიისთვის დამახასიათებელი პალმების ესთეტიკასა და სილამაზეს. გარდა ამ კონკრეტულისა, პალმებს ბირნის სხვა სერიებშიც შეხვდებით, მათ შორის - 2019 წლის Exit Vision-სა და 2021 წლის Innervisions-ში.
2024 წლის სერია - Synthetica ასახავს ამერიკის სხვადასხვა ადგილების პეიზაჟებს, მათ შორის შეხვდებით ფოტოებს ლოს-ანჯელესიდან, დეიტონის პლაჟიდან, სიკვდილის ველიდან და იელოუსტოუნის ეროვნული პარკიდან. როგორც თავად ფოტოგრაფი აღნიშნავს, სერია აერთიანებს რეფერენსებს მაგიურ რეალიზმთან, თეოსოფიასთან, ახალ ტოპოგრაფიკასთან, აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმსა და მოდერნიზმთან.
დაწერე კომენტარი