შიგერუ ბანი იაპონელი არქიტექტორია, რომელსაც მსოფლიოში გამორჩეული სამუშაო პრაქტიკა აქვს, იგი სხვადასხვა ნაგებობებს ქაღალდის, ხე-ტყისა და ბამბუკის სტრუქტურებით აშენებს და მარტივი კონსტრუქციებით საინტერესო პროექტებს ქმნის. არქიტექტორი წლების განმავლობაში ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების ზონაში მუშაობდა, მას ქაღალდის სამშენებლო მასალად გამოყენების იდეა თავდაპირველად 1980-იან წლებში გაუჩნდა და 1986 წელს ქაღალდის მილის სტრუქტურებით მუშაობა დაიწყო. 

შიგერუს უკავშირდება მოხალისე არქიტექტორთა ქსელის დაარსება, რომლის ფარგლებში ევაკუირებული ხალხისა და ლტოლვილებისთვის სახლები შენდება, არქიტექტორი ცდილობს დაეხმაროს ომებისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთ, რათა უმოკლეს დროში დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას, მსგავსი წვლილისთვის შიგერუს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ხალხის არქიტექტორს’’. 

მან ეს საქმიანობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიაში, კობის ძლიერი მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანი ქუჩაში დარჩა, შიგერუმ მუყაოს მილებისა და ფარდების გამოყენებით დაზარალებულებისთვის დასარჩენი ადგილი შექმნა.

შიგერუ ბანის შემოქმედება და არქიტექტურა საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობას აერთიანებს - იქნება ეს სახლები, მუზეუმები, ეკლესიები, კორპორაციული შტაბ-ბინები, გოლფის კლუბი თუ სხვა. შიგერუმ 1995 წელს იაპონიაში შექმნა პირველი ქაღალდის მუდმივი სახლი, ამავე წელს ააშენა საზოგადოებრივი ცენტრი მოხალისეებთან ერთად, რომელსაც ჰქონდა სალოცავის დანიშნულება.

არქიტექტორს უკავშირდება Nomadic Museum-ის, საგამოფენო სივრცის შექმნა, რომელიც მიეძღვნა ფოტოგრაფ გრეგორი კოლბერტის ფოტოებსა და ვიდეონამუშევრებს, ეს ნაგებობა აგებული იყო დიდი ზომის კონტეინერებისგან. 

2000 წელს შიგერუმ საიტამაში, იაპონიაში დააპროექტა Naked House სახლი, რომელმაც საერთო ატმოსფეროში გააერთიანა ინდივიდუალური, მცხოვრებლებზე მორგებული სივრცეები, ინოვაციური სახლი მოეწყო ისე, რომ სივრცეები საჭიროებების მიხედვით მოძრაობდა.

კიდევ ერთი უნიკალური პროექტია - Nicolas G Hayek Center, ტოკიოში მდებარე Swatch Group Japan-ის სათავო ოფისი, რომელიც შიგერუმ 2007 წელს შექმნა. შენობამ გააერთიანა მაღაზიები, მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი და ოფისები, მისი კონცეფცია სათავეს იღებს Ginza-ს კონტექსტიდან, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო უბანია. შენობის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ შუშის ჟალუზები იხსნება ისე, რომ ნაგებობა გარდაიქმნება Ginza-ს ქუჩის ნაწილად, სადაც ადამიანებს ჩვეულებრივად შეუძლიათ მოძრაობა. პლაზა ვერტიკალური მწვანე კედლითა და ღია სივრცეებით არის დინამიკური და სანახაობრივი ადგილი ნებისმიერი სტუმრისთვის.

Haesley Nine Bridges Golf Club House არის 16000 კვ. მ. ფართობის გოლფის კლუბი, რომელიც კორეაში 2010 წლიდან მდებარეობს და აერთიანებს მიწისქვეშა სივრცესა და ზედა სამ სართულს. შიგერუმ ატრიუმი და მთავარი შენობის ზედა ნაწილი ხის სვეტებითა და მინის კედლებით დააპროექტა, ხოლო საძირკველი დამზადებულია ქვისგან.
 

შიგერუ ბანის შემოქმედება ინოვაციურობით და ბუნების სიყვარულით გამოირჩევა, იგი ფიქრობს, რომ არქიტექტურას საზოგადოებისთვის დახმარების უნარი აქვს, შესაბამისად, მის კოლეგებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს მოუწოდებს, რომ თავიანთი რესურსი, ნიჭი და შესაძლებლობები კაცობრიობის კეთილდღეობისკენ მიმართონ და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ლამაზი და მდიდრული ნაგებობების შექმნით.


ფოტოს წყარო: Arquitectura Viva, Shigeru Ban Architects