ცნობილ კონცეპტუალურ მხატვარს, არტისტსა და მოქანდაკეს - დანიელ ბურენს მსოფლიოს გარშემო მრავალი საკულტო სასტუმროს გარდაქმნა უკავშირდება, მათ შორის სამხრეთ აფრიკაში, იტალიაში, ესპანეთსა თუ ბრაზილიაში. იგი ხელახლა წარმოადგენს სასტუმროებს თავიანთი მახასიათებლებით, ტოვებს თავის გამორჩეულ ხელწერას, რომელშიც ფერისა და სივრცის მიმართ ინტერესი ჩანს და ეხმიანება უშუალოდ გარემოსა და არქიტექტურას. ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც არტისტმა იმუშავა, ცნობილი Copacabana Palace-ია, ბრაზილიის კოპა კაბანას სანაპიროს მოპირდაპირედ მდებარე სახელგანთქმული ადგილი.
ბურენმა შენობის ფასადის ტრანსფორმაციისთვის წითელი, ლურჯი, ყვითელი, მწვანე და ვარდისფერი ფერის პანელების სერია დაამონტაჟა. როდესაც დილას თეთრ არტ-დეკოს სტილის ფასადს მზის სხივები ხვდება, იქმნება მხატვრული ვიტრაჟები და ოთახებს ფერადი შუქით ავსებს. ღამით კი, როცა პლაჟი ცოცხლდება წვეულებებითა და ცოცხალი მუსიკით, სასტუმროს დამსვენებლები თავად ხდებიან ნამუშევრების ნაწილი - ისინი ოთახებში ნათურებს ანთებენ, რაც ჩრდილებისა და ფერების თამაშის ლამაზ სანახაობას ქმნის.
ბურენის ნამუშევარი Copacabana Palace-ში აგრძელებს სასტუმროს მრავალწლიან მემკვიდრეობას და სტუმრებს საშუალებას აძლევს, შეიგრძნონ ხელოვნება, რომელიც არა მხოლოდ დეკორაციის ნაწილია, არამედ წარმოაჩენს კულტურასა და სასტუმროს ისტორიას.
Copacabana Palace უკვე საუკუნეზე მეტია რიო-დე-ჟანეიროში თავისი სახელობის პლაჟს გადაჰყურებს, 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სასტუმრომ უმასპინძლა ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან - უოლტ დისნეი, მარლენ დიტრიხი, ჯინჯერ როჯერსი, პრინცესა დიანა, ბრიჯიტ ბარდო. სასტუმროს მრავალი წლის ისტორიები უკავშირდება ქალაქის საკულტო სახეებს - ბოსა ნოვას მუსიკოსებსა და რიოს კარნავალის ვარსკვლავებს.
ფოტოს წყარო: Galleria Continua, Dazed
დაწერე კომენტარი