იტალიელ დიზაინერს ალესანდრო მიკელეს განსაკუთრებული ინტერესი აქვს უძველესი ისტორიული, ლამაზი ადგილებისადმი, სწორედ ამიტომ მან რომის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და იდუმალი შენობა - Palazzo Scapucci განაახლა.  პალაცო ბაროკოს სტილში, ხელოვნების და ისტორიისადმი პატივისცემით ააღორძინა.

მისი გატაცება ბავშვობიდან იწყება - დიზაინერის ბიძას სტუდია ჰქონდა, რომელიც ანტიკვარულ ავეჯს აღადგენდა, ალესანდრო დიდ დროს ატარებდა Villa Giulia-ში, რენესანსის სასახლეში და იკვლევდა რომაულ სიძველეს, ათვალიერებდა სახურავებს, გუმბათებს, სხვადასხვა ობიექტებს. მისი ინტერესი ხელოვნების, წიგნების, უცნობი ისტორიებისა და არტეფაქტებისადმი დღემდე გრძელდება. 

Palazzo Scapucci უძველესი პალაცოა შუასაუკუნეების კოშკით, 1400-იან წლებში ნაგებობა ფუნქციონირებდა, როგორც პაპი სიქსტუს IV-ის მონასტერი, რესტავრაციის დროს ალესანდრომ აღმოაჩინა პაპის ამოტვიფრული გერბები, უძველესი და საინტერესო გრავიურები, ფრესკები, საფრანგეთის მეფეებისა და Della Rovere-ის ოჯახის სიმბოლოები. 

როდესაც იგი პირველად მივიდა Palazzo Scapucci-ს სანახავად, იქ მას დახვდა ბნელი და დაბალჭერიანი ადგილი, გადატვირთული ოთახებით. რესტავრაციის შედეგად, პალაცოს ახლა ნათელი სამზარეულო ამშვენებს, ალესანდროს ჰოლანდიური Delft ფილების ულამაზესი კოლექციით, უძველესი ხის და მინის კარადებით.  

მარმარილოს კიბე სამუშაო სტუდიამდე და ბიბლიოთეკამდე ადის. წიგნების კარადაში ფარულ და საიდუმლო გასასვლელსაც შეხვდებით, შენობაში თავდაპირველად მრავალი ასეთი სარდაფი იყო, ერთ-ერთში ახლა დიზაინერის გარდერობია. მის საყვარელ ოთახში თითოეული დეტალი - პრინტები და ტექსტილი მისივე ხელით არის შექმნილი.  

სახლის ყოველი კუთხე ისტორიას ინახავს და ხელოვნებისადმი სიყვარულს გამოხატავს - უძველესი და უამრავი პორტრეტით, ხავერდოვანი, მოხატული სავარძლებით, გულდასმით შერჩეული თითოეული ობიექტით. დიზაინერის სამუშაო სტუდიაში უამრავ ხელოვნების ნიმუშსა და არქივს შეხვდებით, მაგალითად, ძველ ინდურ ნახატებსა და მარიონეტებს. პალაცოს ტერასიდან კი Sant'Antonio dei Portoghesi-ის ხედი ეშლება, მოჩანს აყვავებულ მცენარეთა ფოთლები, ვარდის ბუჩქები და ბანანის ხეები.


ფოტოს წყარო: Vogue