პარიზის სიახლოვეს, დაახლოებით 30 წუთის სავალზე, 280 ჰექტარზე მდებარეობს მე-17 საუკუნის შატო, სახელწოდებით - Château de Wideville, რომელიც ცნობილ დიზაინერს - ვალენტინო გარავანის 1995 წლიდან ეკუთვნის. აზიური კულტურითა და ტრადიციული ხელოსნობის სილამაზით შთაგონებული შატო ვალენტინომ ინტერიერის დიზაინერ - ჰენრი სამუელთან ერთად გულდასმით მოაწყო და შედეგად კომფორტული, ამავდროულად კი მდიდრული საცხოვრებელი სივრცე მიიღო.
აზიისადმი და ჩინეთის მიმართ დიზაინერის გატაცება და ინტერესი 1993 წელს დაიწყო, როდესაც პირველად ეწვია პეკინს, განსაკუთრებით მოიხიბლა ქვეყნის ისტორიითა და კულტურით - ”როდესაც პირველად ვიყავი პეკინში, 1993 წელს, მე ვნახე ძველი ჩინური კოსტიუმების კოლექცია და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი’’, იხსენებს ვალენტინო.
ვალენტინო წელიწადის რამდენიმე თვეს Château de Wideville-ში ატარებს, იწვევს მეგობრებსაც და მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას. ვალენტინო თითოეული ოთახის დიზაინის შექმნის პროცესში სამუელთან ერთად აქტიურად იყო ჩართული, მისი საყვარელი ადგილი Wideville-ში კი შატოს ზამთრის ბაღია, დამახასიათებელი თაღოვანი ჭერითა და ფრანგული კარით, რომელიც ტოპიარის ბაღში გადის.
აზიური კულტურით შთაგონებულ ვალენტინოს თავის შატოში არაერთი ფიგურა და ობიექტი აქვს წარმოდგენილი, რომლებიც თავად შეაგროვა დროთა განმავლობაში, მისი პირველი მნიშვნელოვანი შენაძენი 1964 წელს მინგის ცხენი იყო, ასევე მის კოლექციას ავსებს ჩინელი ქალბატონების კერამიკული ფიგურები, 45-დან 50 სანტიმეტრის სიმაღლის, აზიური კოსტიუმებით, მოოქროული სახეებითა და ხელებით.
20-იანი წლების შანხაის დიზაინის მიხედვით შექმნილ ოთახებს ხელით მოჩუქურთმებული მაგიდები მარგალიტის ჩანართებით, ხავერდის სავარძლები, შორეული აღმოსავლეთის სტილის ავეჯი, კედლებს კი Qing დინასტიის წინაპრების პორტრეტები ამშვენებს.
ფოტოების წყარო: Architectural Digest
დაწერე კომენტარი