The Marqués de Riscal Hotel ესპანეთში, ელსიეგოში მდებარე სასტუმროა, რომლის დაპროექტება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტორს - ფრენკ გერის ეკუთვნის. გერიმ სასტუმრო მისივე შექმნილ ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმში გამოყენებული მეთოდებით, თავისი დამახასიათებელი ხელწერით დააპროექტა. სასტუმრო აერთიანებს მეღვინეობის ტრადიციას ავანგარდულ, ექსტრავაგანტურ და მოდერნისტულ დიზაინთან, სადაც კარგად იგრძნობა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები და თანამედროვეობა.
სასტუმროს ფასადი ფოლადითა და ტიტანით არის შექმნილი, ამერიკელმა არქიტექტორმა ექსტერიერის თითოეული დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით შექმნა. The Marqués de Riscal Hotel 2006 წელს გაიხსნა და გამორჩეულია თავისი სანახაობრივი ფორმებითა და დიზაინით.
სასტუმროში სულ 61 ნომერია წარმოდგენილი, მათგან 10 ლუქსია. ოთახები ორ კორპუსს შორის არის განაწილებული, რომლებიც ერთმანეთს ბილიკით უკავშირდება. თითოეული ნომერი ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალურია, ინტერიერს ნეკერჩხლის ხის კედლები და ტყავის დეკორაციები აფორმებს.
სასტუმრო იდეალურად აერთიანებს ღვინის სამყაროსა და გასტრონომიას, აქ რამდენიმე რესტორანს შეხვდებით, მათ შორის - Restaurante Marqués de Riscal, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელია და შეფმზარეული Francis Paniego უძღვება. რესტორანი ეფუძნება ტრადიციულ სამზარეულოს - ინოვაციური მეთოდებით. კიდევ ერთი რესტორანია - Restaurant 1860 Tradición, რომელიც ბასკურ და Riojan-ის სამზარეულოს აერთიანებს - კერძებით, რომელიც ჯანსაღი, სეზონური პროდუქტებისგან იქმნება. სასტუმროში ასევე მდებარეობს ღვინის ბარი - Vinoteca & Bistro, სადაც მრავალფეროვანი ღვინის მენიუსთან ერთად, მსუბუქი კერძების, კოქტეილებისა და ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
The Marqués de Riscal Hotel კონტრასტს ქმნის 1860 წელს არქიტექტორ Ricardo Bellsolá-ს მიერ დაპროექტებულ ისტორიულ ღვინის სარდაფებთან, რომლებიც ახლაც ინარჩუნებს მე-19 საუკუნის ხიბლს. დღესდღეობით სწორედ აქ მზადდება Marqués de Riscal-ის უმაღლესი ხარისხის ღვინოები, უახლესი ტექნოლოგიებით, ისტორიისა და კულტურის გათვალისწინებით.
სასტუმრო დამსვენებელს უნიკალური კონცეფციის სპას - SPA Vinothérapie® Caudalie Marqués de Riscal-ს სთავაზობს, რომელსაც კოსმეტიკური ბრენდი - Caudalie წარმოადგენს. სპაში მრავალი სახეობის რიტუალი და პროცედურა ტარდება, ძვირფასი ზეთებით, ვაზისა და ყურძნის თვისებების გამოყენებით, სპაში ვინოთერაპიის სპეციალისტები Caudalie-ს პროდუქტების გამოყენებით მუშაობენ. ასევე სასტუმროში შეხვდებით დახურულ აუზს, ორთქლის ოთახს, ჯაკუზებს, სპორტულ დარბაზსა და სხვადასხვა სახის აბანოებს.
დაწერე კომენტარი