ალბერტ ფრეი შვეიცარიელი არქიტექტორია, რომელმაც სახელი გაითქვა დამახასიათებელი ხელწერით მოდერნისტულ არქიტექტურაში, დაამკვიდრა თანამედროვე არქიტექტურის სტილი პალმ სპრინგსში, კალიფორნიაში, რომელიც ცნობილია, როგორც "უდაბნოს მოდერნიზმი" და შექმნა პროექტები, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა შენობები და ნაგებობები შეუფერხებლად ერწყმის გარემოსა და ბუნებას. 

ფრეის კარიერა 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა და საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საცხოვრებელი სახლი - Frey House II, რომელიც ქმნის ბუნებრივი კლდისა და მაღალტექნოლოგიური მასალების კონტრასტს. მისი სახლი, რომელიც მთის ფერდობზე დგას და ქალაქ პალმ სპრინგსს გადაჰყურებს, ახლა ქალაქის ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის.

პირველი შენობა, რომლითაც ფრეიმ პალმ სპრინგსის დიზაინის ჩამოყალიბება დაიწყო, შეიქმნა Lawrence Kocher-თან თანამშრომლობით, ნამუშევარი, სახელწოდებით Aluminaire, მათი ერთობლივი კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგია. სამსართულიანი ნაგებობა 1931 წლით თარიღდება და სულ რაღაც ათ დღეშია შექმნილი, ის პირველი სახლია აშშ-ში, რომელიც სრულად ლითონისგან არის დამზადებული და შთაგონებულია Le Corbusier-ის პრინციპებით, რომელთანაც ფრეი მუშაობდა და ხშირად იღებდა მისგან ინსპირაციას. 

ფრეის არქიტექტურულ პორტფოლიოში შედის Aerial Tramway Valley Station, რომელიც დაპროექტებულია ჯონ პორტერ კლარკთან ერთად, ასევე Cree House II, Frey House I - არქიტექტორის  პირველი საცხოვრებელი სახლია პალმ სპრინგსში. Loewy House, რომელიც  დიზაინერ Raymond Loewy-სთვის აშენდა, ფრეის მინიმალისტური სტილის საკულტო მაგალითია. Tramway Gas Station - შენობა, რომელიც 1990-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, როგორც ბენზინგასამართი სადგური, შემდეგ  სამხატვრო გალერეად გადაკეთდა. 

გარდა ამისა, ფრეის კიდევ მრავალი საჯარო ადგილი აქვს დაპროექტებული, მაგალითად, 1960 წლით დათარიღებული - Monkey Tree Hotel, რომელიც ბუნებისა და არქიტექტურის მშვენიერი შეხამებაა. ერთსართულიანი ნაგებობა მოქმედებს, როგორც ბუტიკ სასტუმრო 16 ნომრით და სან ჯაკინტოს მთების ფონზე მდებარეობს.  

ასევე ფრეის უკავშირდება North Shore Beach And Yacht Club-ის შექმნა, საზღვაო თემატიკით დაპროექტებული ორსართულიანი შენობა, რომელიც თავისი აგებულებით გემს წააგავდა, ფასადზე კი საზღვაო დროშები იყო გამოფენილი. კლუბი ვანდალიზმის გამო დაიკეტა და წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, თუმცა შემდეგ გარემონტდა და საზოგადოებრივ ცენტრად ფუნქციონირებს. 

IMG_7650.png 770.82 KB
ფრეის არქიტექტურის სტილი და მისი შემოქმედება გამოირჩევა დახვეწილი პროექტებით, მიწიერი ფერებითა და როგორც გარე, ისე შიდა ელეგანტური, მოდერნისტული დიზაინით. მისი პროექტების უმეტესობა გადაურჩა უდაბნოს რთული კლიმატის პირობებს. ფრეის დიდებული მემკვიდრეობა ემყარება მის უშრეტ ფანტაზიას, რომლის შედეგადაც არქიტექტორმა სრულიად ახალი განზომილება შესძინა პალმ სპრინგსის არქიტექტურას.


ფოტოს წყარო: Palm Springs Art Museum, Dezeen, Artsy, Wikipedia