ფრანგმა მომღერალმა და მსახიობმა ფრანსუაზა ჰარდმა პოპულარობა თავისი ჰიტებით - "Tous les Garçons et les Filles"-ითა და "Le Temps de l'Amour"-ით მოიპოვა, მან ასევე ითამაშა ცნობილ ფილმებში - 1966 წლის Grand Prix-სა და Une Balle au Cœur-ში. თუმცა, გარდა მისი შემოქმედებისა, ფრანსუაზა ცნობილია, როგორც ფრანგული სტილის სიმბოლო, მისმა უნიკალურმა ჩაცმულობამ, კლასიკური და თანამედროვე მოდის შერწყმამ, მინიმალიზმისა და ბოჰემის გაერთიანებამ, იგი მრავალი ადამიანის შთაგონებად აქცია, მათ შორის იყო ლეგენდარული დიზაინერების - პაკო რაბანისა და ივ სენ ლორანის მუზა.
ფრანსუაზა დასამახსოვრებელი, დღემდე ცნობილი და შთამაგონებელი ჩაცმულობით არაერთხელ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია Rabanne-ს ოქროსფერი კაბა, რომელიც ფრანსუაზამ 1968 წელს მოირგო. ის წლების წინ "მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კაბად’’ ითვლებოდა, რომელიც შეიქმნა 1000 ოქროს “დაფითა” და ბრილიანტებით. ფრანსუაზას დამახასიათებელი სტილი კარგად ჩანს ფილმ Grand Prix-სა და კადრს მიღმა, გადასაღებ მოედანზე აღბეჭდილი მსახიობის ფოტოსურათებში.ფრანსუაზა ჰარდის ყოველდღიური ჩაცმულობა, თუნდაც ძალიან მინიმალისტური და უბრალო, მუდამ ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ასოცირდება, მის რამდენიმე ქუჩის სამოსის ლუქებს შორის გამორჩეულია 1967 წელს ლონდონში, Carnaby-ს ქუჩაზე გადაღებული მოდელი - შავი მოკლე პიჯაკით, ბერმუდას შორტებითა და თეთრი ჩექმებით, ასევე 1966 და 1969 წლის ჩაცმულობები ლონდონიდან და მილანიდან, სადაც ფრანსუაზამ ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის ბეწვის მოსასხამები მოირგო.
როდესაც მინიმალიზმზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ფრანსუაზას კლასიკად ქცეული, ყველასთვის საყვარელი და ძალიან მარტივი ლუქი - სადა, უბრალო პერანგის ან მაისურის და ჯინსის შარვალის შეხამება, რომლითაც ფრანსუაზა ძალიან ხშირად ჩნდებოდა, მათ შორის ვხვდებით 1977 წელს ნიცაში გადაღებულ სურათებს.
ფრანსუაზა ჰარდი წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი, როგორც ფრანგული ელეგანტურობის და სტილის სიმბოლომ, განსაზღვრა 60-იანი წლების სტილი და რჩება უამრავი ქალის შთაგონების წყაროდ.
ფოტოს წყარო: Vogue, Harper's Bazaar
დაწერე კომენტარი