ჰანს ფიურერი, რომელიც 50 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა მოდის ფოტოგრაფიაში, ამ ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება, რომელმაც თავისი უნიკალური სტილით - მკვეთრი ფერებით, სინათლისა და ჩრდილის კონტრასტით, ინტენსიური ბუნებრივი გარემოსა და ძლიერი, თავისუფალი და თავდაჯერებული ქალების გადაღებით დაიმკვიდრა თავი, ფოტოგრაფი ამბობდა: "მე მიყვარს თავისუფალი ქალის ჩვენება, რომელსაც არაფრის ეშინია." მისი დამოკიდებულება ქალების გადაღებისადმი, იყო პატივისცემისა და მათი სიძლიერის, ავტონომიის გამოხატვის სურვილი.

IMG_9403.png 582.76 KB

ფიურერის ფოტოგრაფიული კარიერის, ვიზუალური ესთეტიკის და დამახასიათებელი ხელწერის გადამწყვეტი ფაქტორი 1960-იანი წლების მიწურულს მისი აფრიკაში მოგზაურობა აღმოჩნდა, სადაც ფიურერმა 2 წელიწადი გაატარა და სწორედ ამ დრომ განსაზღვრა მისი შემდგომი ნამუშევრები. აფრიკაში ფიურერმა აღმოაჩინა განსაკუთრებული ხედვა და მგრძნობელობა სინათლისადმი, შთაგონებული იყო კონტინენტით, ბუნების საოცრებებითა და თავგადასავლებით.

IMG_9385.png 2.42 MB

გარდა იმისა, რომ ფიურერს სურდა საზოგადოებას ფოტოებში ენახა ძლიერი, შეუზღუდავი, თავისუფალი ქალის ფიგურები, მისთვის გადამწყვეტი იყო განსაკუთრებული მომენტების გაცოცხლება და ცდილობდა, ობიექტივში მოდელების მოძრაობა და მიმიკები, რეალური, გულწრფელი ემოციები და სცენები გადმოეტანა. სანამ ფოტოგრაფობას დაიწყებდა, ფიურერი გრაფიკულ დიზაინერად და სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, რამაც გავლენა მოახდინა მის გადაღებულ ფოტოსურათებზე, ზუსტი კომპოზიციებითა და სტილით.

ფიურიერის მოდის ფოტოგრაფიაში გარდამტეხი მომენტი 1980-იან წლებში დიზაინერ კენზო ტაკადასთან თანამშრომლობა აღმოჩნდა, იმდროინდელმა Kenzo-ს ესთეტიკის ამსახველმა სარეკლამო კამპანიამ, რომელშიც მონაწილეობდა სუპერმოდელი იმანი, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე და მსოფლიო  პოპულარობა მოიპოვა. კამპანიამ წლების შემდეგაც არ დაკარგა აქტუალურობა და იყო Kenzo-ს მოდის სახლის რამდენიმე კოლექციის შთაგონების წყარო. 

გარდა Kenzo-სი, ფოტოგრაფის ნამუშევრები პერიოდულად ხდებოდა სხვადასხვა დიზაინერის შთაგონება, მათ შორის - იზაბელ მარანტის, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულის კოლექციისთვის ფიურერის 90-იანი წლების ფოტოებიდან აიღო მინიშნებები. 

1960-იანი წლების ცნობილი კადრების - "Swinging London’’-ის გადაღებიდან, 1970-იანი წლების Nova-ს და 1980-იანი წლების გარდამტეხი Kenzo-ს კამპანიებიდან მოყოლებული, ფიურერმა ითანამშრომლა მსოფლიო მოდის ჟურნალებთან, გადაიღო ფოტოები სხვადასხვა კამპანიისა და ჟურნალის გარეკანებისთვის, მათ შორის - Elle, Numero და Vogue-ს რამდენიმე ქვეყნის გამოცემებისთვის. 

ჰანს ფიურერის შემოქმედებას მიეძღვნა ილუსტრირებული წიგნი, რომელმაც გააერთიანა ფოტოგრაფის 175 ფოტოსურათი. ფიურერმა გადაიღო ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან - კლაუდია შიფერი, კრისტი ტურლინგტონი, ლინდა ევანგელისტა, შანელ იმანი, კარმენ პედარუ და მრავალი სხვა.


ფოტოს წყარო: The Eye of Magazine, WWD, Vogue, Hans Furer