სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკელი ფოტოგრაფის - როქსენ ლოუიტის ობიექტივში არაერთი კულტურისა და მოდის სახე, სუპერმოდელი და პოპვარსკვლავი მოხვდა, მისი არქივი კი მოდის ისტორიას მოგვითხრობს. მისმა შემოქმედებამ და ფოტოგრაფიულმა ხედვამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოდის ინდუსტრიაზე და სრულიად ახალი მიმართულება შექმნა - ლოუიტი არის პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც დაამკვიდრა Backstage ფოტოგრაფია, მოდის ჩვენების მიღმა გადაღებული რეალური კადრებით. 

ფოტოგრაფმა განათლება ნიუ-იორკში, მოდის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ხელოვნების ისტორიისა და ტექსტილის დიზაინის სპეციალობით მიიღო და თავდაპირველად ტექსტილის დიზაინერად მუშაობდა კომპანიაში, სადაც ხელით მოხატულ აბრეშუმის დიზაინს ქმნიდა, თუმცა მალევე თავისი ჭეშმარიტი და უმთავრესი მოწოდება აღმოაჩინა, 70-იანი წლების ბოლოდან ფოტოების გადაღება დაიწყო და შექმნა ფოტოგრაფიის ახალი ჟანრი. 

მისმა კარიერამ მკვეთრი ცვლილება მაშინ განიცადა, როდესაც მეგობარმა მოდის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, ილუსტრატორმა ანტონიო ლოპესმა ლოუიტს Kodak Instamatic 110 ფოტოაპარატი უსახსოვრა, რომელიც მან თავისი ნამუშევრების აღსაბეჭდად გამოიყენა ჩვენებების Backstage-ში. მისმა გადაღებულმა ფოტოებმა მიიპყრო ენი ფლანდერის ყურადღება, რომელიც იმ დროისათვის The SoHo News-ის მოდის რედაქტორად მუშაობდა, ფლანდერმა ლოუიტს პარიზის მოდის კვირეულის გაშუქება დაავალა. 

ლოუიტმა ფოტოების გადაღება დაიწყო იქ, სადაც იმ დროისთვის ამას არცერთი ფოტოგრაფი არ აკეთებდა - მოდის ჩვენებების კულისებში. იმ პერიოდში, როდესაც ყველა უშუალოდ ჩვენებას და პოდიუმს იღებდა, ლოუიტმა კადრს მიღმა გადაიღო მოდელები, დიზაინერები, მზადების მრავალფეროვანი და ქაოსური პროცესი, შექმნა ახალი შესაძლებლობები და გარდაქმნა მოდის ფოტოგრაფია. 

როქსანს გამოცემული აქვს ოთხი წიგნი, რომლებშიც

შესულია მისი გადაღებული სურათები - Moments (1990), People (2001), Backstage Dior (2009) და Yves Saint Laurent (2014). ლოუიტის ფოტოგრაფია დიდი ხნის განმავლობაში იყო წარმოდგენილი Vogue-ის ამერიკულ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ გამოცემებში, ასევე Vanity Fair-ში, Tatler-ში, GQ-ში, W-ისა და სხვათა პუბლიკაციებში. 

მისი ინოვაციური სარეკლამო ნამუშევრები მოიცავს დასამახსოვრებელ კამპანიებს წამყვანი ბრენდებისთვის. მათ შორისაა: Armani, Coca-Cola, DeBeers, Acura, Dior, Land Rover, Moët & Chandon და Vivienne Westwood. წლების განმავლობაში გადაიღო ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან - ივ სენ-ლორანი, ჯონი დეპი, მადონა, ჯორჯ კლუნი, ენდი უორჰოლი, სალვადორ დალი და კეიტ მოსი.

ლოუიტის ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს ბევრ მნიშვნელოვან მუზეუმში, მათ შორის - მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმსა და უორჰოლის მუზეუმში. მისი ფოტოები იაპონიის პრესტიჟული კობის მოდის მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილია.


ფოტოს წყარო: Roxanne Lowit