თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა - VA[A]DS სადიპლომო ნამუშევრების გამოფენას წარმოადგენს, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსის გალერეა 27 ივლისამდე უმასპინძლებს, გამოფენა ღიაა წინასწარი შეთანხმებით. საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელი თამუნა ჭაბაშვილის კლასის, ვიზუალური ხელოვნების სამი კურსდამთავრებულის - ქრისტინე გოგალაძის, მარიამ რაზმაძისა და სოფო შეითნიშვილის სადიპლომო პროექტებს, სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს იხილავს.
თამუნა ჭაბაშვილი, ხელმძღვანელი:
‘’გამოფენაზე წარმოდგენილია სამი კურსდამთავრებულის სადიპლომო ნამუშევრები, ერთმანეთისგან განსხვავებული თემებით, მიდგომებითა და მედიუმებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი უნივერსიტეტის კამპუსის გალერეაში, ერთ სივრცეში გამოიფინა, ვიმუშავეთ იმაზეც, რომ ერთმანეთთან საინტერესოდ, ვიზუალურად შერწყმულიყო. 


მარიამ რაზმაძე, კურსდამთავრებული:
სადიპლომო პროექტზე მუშაობისას ჩემმა სამუშაო პროცესმა გაუცნობიერებლად მიმიყვანა ადრეულ წლებში მიღებულ გამოცდილებებთან, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომსა და ბორჯომის ხეობაში მომხდარ ხანძრებს. ჩემი ნამუშევრით მსურს, რომ დავაკვირდე ჩემს ემოციურ გამოცდილებას და ეს პროცესი ვიზუალურ ფორმაში ვთარგმნო. ნამუშევრები დაპირისპირების დროს მომხდარ მოვლენას და მასზე ადამიანისა და გარემოს პასუხს უკავშირდება. ომის შედეგად წარმოქმნილმა ხანძარმა, მისი შედეგებმა და დამწვარმა ტყემ კლიმატზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. ნამუშევარი ერთგვარად ასახავს ბრძოლას ადამიანის სურვილებსა და ბუნებრივ წესრიგს შორის და ხაზს უსვამს ამ წონასწორობის დარღვევის შედეგებს. ეს კონფლიქტები გამაფრთხილებელი ამბავია ბუნებრივი სამყაროს პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ. ჩემი ნამუშევრების საშუალებით ვიკვლევ ბუნებაზე აღბეჭდილ კვალს და მისი მეშვეობით საკუთარ გამოცდილებაზე ვსაუბრობ.
ჩემი მუშაობის პროცესი მოიცავს ტილოს გარეთ, ბუნებაში დატოვებას, დაკვირვებას მასზე და შემდგომ მის სახელოსნოში დაბრუნებას. უკვე სახელოსნოში დაბრუნებული ტილო, გაფერმკრთალებული, შელახული, დაბზარული და სახეცვლილია, ვინაიდან იგი ღია სივრცეში იყო და მასზე ბუნება ზემოქმედებდა. ნამუშევრის თანამონაწილე გარემო პირობები ხდება. დროის ზეგავლენა ტილოებზე, რომლებიც გარე სივრცეში მქონდა დატოვებული, ასახავს ცვლილებების ნარატივს, რომელიც ნამუშევრის ზედაპირის სახეცვლით მოხდა. მოცემული ცვლილებები, ხელშესახები და თვალსაჩინო მტკიცებულებაა, რომლებიც ადასტურებს დროის გასვლას და ქმნის ვიზუალურ ქრონიკას, რომლის ფიზიკურად დანახვაც შესაძლებელია. ჩემთვის ეს ნამუშევრები, არსებითად, დროის დღიურებად იქცა, რომელიც ასახავს მათ არსებობას კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დღეს და კონკრეტული დროის მანძილს. შემდგომში მაყურებელს შეუძლია, სახეცვლილი ზედაპირის მეშვეობით დაინახოს გარკვეული დროის ყოფნა, რაც მოიცავს ტილოს მოგზაურობის ვიზუალურ ჩანაწერს დროსა და გარემო პირობებში.”
სოფო შეითნიშვილი, კურსდამთავრებული:
“ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც ვადსის გალერეაში განთავსდება, შედგება სხვადასხვა მედიუმისგან, ვიყენებ საუნდს, ვიდეოს, ინდუსტრიული მასალისგან - თავსატეხისგან (puzzle) შექმნილ ობიექტებს, ფოტოებს, კოლაჟებს. საუნდ კომპოზიციები დაფუძნებულია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემ მიერ შეგროვებულ ტექსტებზე, ზოგიერთი ტექსტი ჩემი ჩანაწერია ქართულად, ნაწილი სიმღერის ტექსტია, ნაწილი კი წინადადება ქართული ლიტერატურიდან. პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტექნიკის გამოყენება, რომელიც ამ ინფორმაციას გარდაქმნის აბსტრაქტულ ბგერებად - გალობა, კივილი და თითქმის არაადამიანური ხმები, რომლებიც ტექსტს ხმაურად აქცევს. ტექსტი არ არის ნაჩვენები, რადგან ჩემთვის ტექსტი უფრო პირადი გამოცდილებაა, საბოლოო შედეგი კი არის დახარვეზებული ტექსტის ხმოვანი ჩანაწერი და ამის საშუალებით მუსიკალური კომპოზიციის შექმნა. ხმა, ტექსტისგან განსხვავებით, ჩემთვის უფრო საჯაროა, ის ასახავს, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციამ, სიტყვამ დაკარგოს მნიშვნელობა, როცა გადის ბევრ ადამიანში, ფილტრში, მედიაში და საბოლოოდ ქრება ან იცვლება. ამჟამინდელი საუნდ კომპოზიცია ასევე ემსახურება როგორც მეტაფორას იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ენა თანამედროვე ეპოქაში - როგორ არის ის რეპრესირებული და რამდენად მნიშვნელოვანია ხმა ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ადამიანები შეიძლება ხმის გარეშე რჩებოდნენ ამის გაცნობიერების გარეშე. გარდა ამისა, თბილისის სხვადასხვა ადგილის შესწავლისას, ადგილობრივმა ხმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კომპოზიციაზე. 
ხმაური ჩვენ ირგვლივ იქცევა ფონად და არ არის გააზრებული, თუ რამხელა გავლენას ახდენს ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გარე ხმაურის წყარო მთელ მსოფლიოში ძირითადად გამოწვეულია ცუდი ურბანული დაგეგმარებით, გვერდიგვერდ სამრეწველო და საცხოვრებელმა შენობებმა შეიძლება გამოიწვიოს ხმაურით დაბინძურება საცხოვრებელ ადგილებში. ხმაურის წყაროა ასევე ხმამაღალი მუსიკა, ტრანსპორტი (რკინიგზა, თვითმფრინავი და ა.შ.), მშენებლობა, ელექტროგენერატორები, ქარის ტურბინები და თავად ხალხი. მე მაინტერესებს ამ ფონური მოსმენის ჩვენება და მისი ხილვადად ქცევა ნამუშევარში. საკუთარ ბგერაზე მუშაობისას გადავწყვიტე მეჩვენებინა რა ვიზუალური ასპექტებია ხმაურის ირგვლივ, VA[A]DS-ის გალერეაში, სადაც ჩემი ხმოვანი ნაწარმოებები უკრავს, ჩვენ ვუსმენთ ამ ნამუშევრებს, რომელიც თითქმის ატმოსფერულ ხმაურად იქცევა, რომელსაც დიდი ხნის შემდეგ ეჩვევი... ვიდეო ასახავს აუდიო კომპოზიციის ფიზიკურ სივრცეს, ხმა ხდება პირდაპირი ფიზიკური გამოცდილება, რომელსაც არამარტო სხეულითა და მოსმენით, არამედ მხედველობითაც აღვიქვამთ (და ფორმების ვიბრაციით და მოძრაობით). ვიდეო გადაღებულია კომპიუტერის კამერით, რომელიც დაკავშირებულია მიკროსკოპთან. მიკროსკოპის ობიექტივი უყურებს წყლითა და მცირეოდენი მცენარეებით დაფარულ მინას. უმეტეს შემთხვევაში ჩემ მიერ შერჩეულ მასალებს აქვს ხარვეზები, აქვთ სხვა დანიშნულება, ხარისხიანად არ არის გამოსახულება დაბეჭდილი, თავსატეხების ბეჭდვის შემთხვევაშიც კი, შედეგი არის ძირითადად ორიგინალისგან განსხვავებული ნაკლოვანებით სავსე, რაც კარგად აერთიანებს ჩემს კონცეფციას, რადგან ის აგრძელებს იმ ხაზს, რომელსაც ვიკვლევ ტექსტში, ხმაში, ფოტოში ან სხვა მედიაში - ხარვეზების საშუალებით შექმნილი თხრობა.”
ქრისტინე გოგალაძე, კურსდამთავრებული:
ინსტალაციის სახელწოდებაა - “აჩონჩხილი ქალაქი”. ეს სახელი არის ორი სხვადასხვა რეფერენსის შესიტყვება. სიტყვა “აჩონჩხილი” გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან “უცნაური სასახლე” ავირჩიე.
…ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული,
აჩონჩხილი შენობა…
მეორე მხრივ, ქალაქი რეფერენსია იტალო კალვინოს წიგნიდან “უხილავი ქალაქები”. ამ ტექსტში ერთი და იგივე ქალაქი სხვადასხვა კუთხით, ფრაგმენტულადაა აღწერილი. ჩემს ნამუშევრებში ხშირად იკვეთებოდა ჩემი მშობლიური ქალაქის - ხაშურის რეალობა, სადიპლომო პროექტიც სწორედ ამ ქალაქის გარშემო განვავითარე. რა გავლენას ახდენს ქალაქი ადამიანებზე? როგორ აისახება ქალაქის ნებისმიერი სახეცვლილება ჩვენზე? რა ფორმით აგრძელებენ ქალაქები ცხოვრებას ჩვენში, მაშინაც კი, როცა ჩვენ მათ ვტოვებთ? დიპლომზე მუშაობისას მინდოდა, შემექმნა ალტერნატიული ქალაქი, რომელიც არც ისე რეალური, არც ისე იდეალური და არც ისე სიმეტრიულია. 
ინსტალაციის მნიშვნელოვანი ნაწილია განათება. ქალაქის პორტრეტს ადგილების გარდა, ადამიანები და მათი ისტორიებიც ქმნიან. ჩემთვის მთავარი ფიგურაა პაპაჩემი - ზურიკელა, რომელიც ხაშურში განათების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ღამით სწორედ ეს შუქები ქმნიდა ქალაქის პორტრეტს. ჩემს ინსტალაციაშიც გადავწყვიტე ყვითელი შუქების გამოყენება. რაც შეეხება ვიდეოს, ამ მედიუმში ხშირად მიმუშავია, თუმცა ამჯერად სადიპლომო ნამუშევარში მინდოდა ვიდეო ინსტალაციის უშუალო ნაწილი გამხდარიყო, ამიტომ ავაშენე ორი კედელი, რომლის საშუალებითაც ვიდეო სივრცეში გამოდის. ერთ-ერთი კედელი, სადისპეტჩერო კოშკის მსგავსად, წრიული ფორმისაა.”
ფოტო: სერა ძნელაძე


დაწერე კომენტარი