26 ივლისის საღამოს გრანდიოზული ცერემონიით გაიხსნა 2024 წლის ოლიმპიური თამაშები, პარიზის ცენტრში ხელოვნების და კულტურის სანახაობრივი ზეიმი გაიმართა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. გახსნის დასამახსოვრებელმა შოუმ საფრანგეთის ისტორია, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და კულტურის მნიშვნელოვანი პერიოდები გააერთიანა.
პარიზის ოლიმპიადის ცერემონია სპორტსმენმა, ყოფილმა ფეხბურთელმა - ზინედინ ზიდანმა გახსნა, რომელმაც ოლიმპიური ცეცხლი ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს, მან კი მსოფლიოს სხვა ცნობილ სპორტსმენებს გადასცა, რომლებმაც ცეცხლი დანიშნულების ადგილას, მდინარე სენის და პარიზის ქუჩების გავლით მიიტანეს. ჩამქრალი ჩირაღდანი მოთავსდა სპეციალურად შექმნილ Louis Vuitton-ის მონოგრამულ სათავსოში, ფრანგულმა მოდის სახლმა ასევე შექმნა ჩანთები, რომლებშიც ოლიმპიური მედლები შეინახა.
დასამახსოვრებელი შოუს შექმნა და მისი ხელმძღვანელობა ტომას ჯოლის უკავშირდება, რომელმაც შემოქმედებითად გააერთიანა საფრანგეთის კულტურა, სპორტი და მოდა. თუკი გასული წლების ცერემონიები ერთ კონკრეტულ ადგილს იკავებდა, წლევანდელი გახსნა გამორჩეული იყო იმითაც, რომ ღონისძიება მთელ ქალაქში, ათობით ქუჩასა და სხვადასხვა ადგილზე, პარიზის ღირსშესანიშნაობების ფონზე ჩატარდა.
პირველი მუსიკალური ნომერი გახსნის ცერემონიაზე ლედი გაგას უკავშირდება, რომელმაც Zizi Jeanmaire-ის "Mon Truc en Plumes" შეასრულა. ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ცერემონიის ქორეოგრაფი - Maud le Pladec ლედი გაგასთან რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ტომას ჯოლისთან თანამშრომლობით კი შეიქმნა კაბარეს ნომერი სანახაობრივი დადგმით. ლედი გაგამ Dior-ის შექმნილი შავი კოსტიუმი და კაბარეს ვარდისფერი პომ-პომები მოირგო.
გახსნის ცერემონიაზე ვნახეთ სხვადასხვა საშემსრულებლო ხელოვნება - ოპერა, Les Misérables, ჟორჟ ბიზეს კარმენისა და ფრანგული მძიმე მეტალის ჯგუფის, Gojira-ს შესრულება Conciergerie-ში. თანამედროვე მოცეკვავეების დასმა პერფორმანსი ღვთისმშობლის ტაძართან, ხოლო აკრობატებმა - პონტ ნეუფზე გამართეს, პარალელურად ვიხილეთ პარიზის ოპერის ბალეტის მოცეკვავის - გიომ დიოპის შესრულება.
Pont de la Concorde-ზე გაიმართა აია ნაკამურას 2018 წლის ჰიტ სინგლების - "Pookie"-სა და "Djadja"-ს შესრულება, მომღერალმა Dior Haute Couture-ის ოქროსფერი კაბა მოირგო. ასევე, Dior Haute Coutureკოლექციის რვა მეტრის სიგრძის კაბით წარდგა მეცო-სოპრანო - Axelle Saint-Cirel, რომელმაც საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი "La Marseillaise" შეასრულა.
ფრანგული მოდის სახლი - Dior ცერემონიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, უამრავმა შემსრულებელმა და ვარსკვლავმა მოირგო ბრენდის სამოსი. Dior Haute Couture-ის მბრწყინავი, მოციმციმე მძივებით შექმნილი კაბა მოირგო ცერემონიის ვარსკვლავმა - სელინ დიონმა, რომელმაც ეიფელის კოშკთან შეასრულა "Hymne à L'Amour". სელინ დიონი ჯერ კიდევ 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ატლანტაში ასრულებდა სიმღერას - "The Power of the Dream". რამდენიმე წლის წინ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლეგენდარული მომღერალი სცენას ჩამოშორდა, ეს დაბრუნება კი მაყურებლისთვის საკმაოდ ამაღელვებელი იყო და ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა გახდა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მთავარი სპონსორი მაღალი მოდის უდიდესი კონგლომერატი LVMH-ია, ყველა მიწვეულ ვარსკვლავს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გახსნის ცერემონიაზე, სწორედ LVMH-ში შემავალი მოდის სახლების სამოსი ეცვა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ უამრავმა შემსრულებელმა Dior-ის დასამახსოვრებელი ლუქი მოირგო, რადგან ფრანგული მოდის სახლი LVMH-ში შემავალი მეორე უდიდესი ბრენდია Louis Vuitton-ის შემდეგ.
გახსნის ცერემონიამდე ანა ვინტურისა და ფარელ უილიამსის ორგანიზებით ღონისძიება - Prelude to the Olympics გაიმართა, რომელსაც Louis Vuitton Foundation-მა უმასპინძლა. საღამო მუსიკალური პერფორმანსით გააფორმა სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა - ტეილამ, ღონისძიებას ესწრებოდნენ ზენდაია, ლებრონ ჯეიმსი, სერენა უილიამსი, შარლზ ტერონი და სხვა ცნობილი სახეები.
ფოტოს წყარო: The Olympic Games, Getty Images
დაწერე კომენტარი