მოდის წამყვანი ბრენდები და დიზაინერები მომხმარებლებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობენ, ისინი არა მხოლოდ სამოსს ქმნიან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარ რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს ხსნიან, თითოეული მათგანი მოდის სახლის იდენტობას, დამახასიათებელ სტილსა და უნიკალურ ხასიათს უსვამს ხაზს. დახვეწილი დიზაინის კაფეები სხვადასხვა ქვეყანაში შეგხვდებათ და შეგიძლიათ, სპეციალურად შექმნილი კერძები თუ სასმელები დააგემოვნოთ. კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის კი, ზოგიერთი მოდის სახლი კაფესა და მაღაზიას ერთ სივრცეში აერთიანებს.
Jacquemus La Renaissance წლევანდელი ზაფხულის სეზონზე სან-ტროპეს ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაიხსნა. რესტორანმა მოდა და გასტრონომია გააერთიანა ყველა დეტალის გათვალისწინებით. ინტერიერში ყვითელ ზოლიან ავეჯს, სხვადასხვა ობიექტებსა და დეკორაციებს შეხვდებით, მზით განათებული მაგიდები და სკამები გარშემორტყმულია ლიმონის ხეებით. Jacquemus ცნობილია თავისი Pop-up კონცეფციის კაფეებით და მაღაზიებით, შესაბამისად, მოდის სახლის დროებით გასტრონომიულ სივრცეებს ხშირად ვხვდებით, მათ შორის სახლის კაფეები უკვე ვიხილეთ იტალიის სანაპიროებზე, ფრანგულ რივიერასა და სეულში.
Vivienne Westwood-ის კაფე წარმოდგენილია როგორც შანხაიში, ასევე ჰონგ-კონგში. სივრცე მე-18 საუკუნის სტილის ფრანგული ჩაის კაფეს წარმოადგენს და სტუმრებს ჩაის, ყავისა და დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კაფე წარსულისა და აწმყოს გაერთიანებას ქმნის, სადაც კარგად იგრძნობა ვესტვუდის ესთეტიკა, გასაფორმებლად გამოყენებულია Trompe-l'œil მხატვრობის ტექნიკა, ხოლო ჭურჭელზე, ჩაისა და ყავის ჭიქებსა და ლანგრებზე ამოტვიფრულ Vivienne Westwood-ის ხელმოწერასაც შეხვდებით.
იტალიური მოდის სახლის რესტორანს - Gucci Osteria-ს მსოფლიოს რამდენიმე კუთხეში აქვს ფილიალი. გასტრონომიული სივრცეები წარმოდგენილია ფლორენციაში, ბევერლი ჰილზზე, ტოკიოსა და სეულში, სადაც იტალიური ხასიათი და სახლის იდენტობა ერწყმის კულინარიას. იტალიურ მენიუზე დაფუძნებული კერძები Gucci Osteria-ში გამორჩეული ტექნიკითა და ექსპერიმენტებით მზადდება, თითოეული კერძი ქვეყნების მიხედვით ადგილობრივი ინგრედიენტებით იქმნება და სტუმრებისთვის საინტერესო გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.
Ralph Lauren-ის მთავარი და ყველაზე ცნობილი კაფე პარიზში მდებარეობს, რომელიც ეფუძნება ამერიკულ სამზარეულოს, ვინტაჟური ღვინოებითა და კლასიკური კოქტეილებით, ინტერიერი კი მაქსიმალურ კომფორტსა და რომანტიულ გარემოზეა ორიენტირებული. კიდევ ერთი გამორჩეული Ralph Lauren-ის კაფე გინზაშია წარმოდგენილი, ორსართულიანი სივრცის პირველ სართულზე სახლის მაღაზია მდებარეობს, სადაც უახლესი კოლექციები დაგხვდებათ, მეორე სართულზე კი Ralph's Coffee-ს შეხვდებით - პატარა კაფეს, რომელიც ეფუძნება ყავის, ჩაის, სასმელებისა და დესერტების მენიუს, აქვე წარმოდგენილია ესპრესოთი დამზადებული სხვადასხვა სასმლის ვარიაციები. სახლის Polo Bar ნიუ-იორკში მდებარეობს, კაფეებს ასევე ნახავთ ჩიკაგოში, მილანსა და ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში.
აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყავის მაღაზიების სერიის შემდეგ, Dior კიდევ ერთ კაფეს ტოკიოში, გინზაში გვთავაზობს. Café Ginza by Ladurée მდებარეობს Ginza Six-ის მე-4 სართულზე და ახალ-ახალ სეზონურ მენიუს, ფრანგულ მრავალფეროვან საკონდიტრო ნაწარმს წარმოადგენს. კაფეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჭურჭელს, რომელიც შთაგონებულია Dior-ის მრავალწლიანი ხელწერითა და ისტორიით. ფრანგული მოდის სახლის მუდმივ კაფეებს ასევე იხილავთ შანხაიში, სეულსა და პარიზში, სადაც მდებარეობს რესტორანი Monsieur Dior.
Tiffany & Co ნიუ-იორკში წარმოადგენს კაფეს, სახელწოდებით Blue Box Café, რომელიც აერთიანებს სასადილო სივრცეს და ბარს სხვადასხვა ინსტალაციებით. კაფე მომხმარებელს როგორც საუზმეს, ისე შუადღის სადილსა და ვახშამს სთავაზობს, თითოეულ მათგანზე მორგებული კერძების მენიუთი. კაფეს ინტერიერი გაფორმებულია სახლისთვის დამახასიათებელი - ცისფრით, რომელიც უკვე მრავალი წელია Tiffany & Co-სთან ასოცირებული ფერია.
Armani Caffè დუბაის მოლში, Fashion Avenue-ზე მდებარეობს, სადაც ღია სივრცით და ელეგანტური ინტერიერით არის წარმოდგენილი, არმანის კაფე დუბაიში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული. მოდის სახლის გასტრონომიული დებიუტი ჯერ კიდევ 1998 წელს პარიზის რესტორნის გახსნით შედგა, დღეს ჯორჯო არმანის მიერ დაფუძნებულ კაფეებსა და რესტორნებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე შეხვდებით.
ფოტოს წყარო: Cntraveler, Jacquemus, Vivienne Westwood Café HK, Gucci Osteria, Polo Ralph Lauren, Dior, Tiffany&Co, Armani
დაწერე კომენტარი