ჯამელ შაბაზი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც 1980-იანებიდან წლების განმავლობაში აღბეჭდა შავკანიანი ადამიანები, მათი ხასიათი, განწყობა და ქალაქის ქუჩები, ნიუ-იორკის დამახასიათებელი სტილი და კულტურა. მეგობრებისა და ოჯახის ფოტოების გადაღება შაბაზმა თხუთმეტი წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ფოტოგრაფია შაბაზის ცხოვრების მთავარი საქმიანობა სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გახდა.

შაბაზის მამა ფოტოგრაფი იყო, შესაბამისად იგი მამის გადაღებული სურათების და სხვადასხვა პუბლიკაციების გარემოცვაში იზრდებოდა. იგი ფოტოგრაფიისადმი დიდი ინტერესით გაიზარდა და როგორც აღნიშნავს, ხშირად ათვალიერებდა ჟურნალ Life-სა და National Geographic-ს. თხუთმეტი წლის ასაკში კი სკოლაში მეგობრების და სახლში ოჯახის წევრების გადაღება დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ სამხედრო სამსახურში წავიდა, სადაც მისი ცხოვრება შეიცვალა.

სახლიდან შორს ყოფნისას შაბაზი მეტად ჩაუღრმავდა ფოტოგრაფიას, 1980 წელს კი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში ახალი კამერითა და ახალი ხედვით დაბრუნდა. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ჰქონდა სურვილი შეექმნა ხედვის დღიური - გადაეღო ხალხი და ურთიერთობა დაეწყო უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანთან. ჯამელ შაბაზი დროთა განმავლობაში  ნიუ-იორკის ჰიპ-ჰოპ კულტურის წამყვანი ფოტოგრაფი გახდა და საკუთარი ხელწერა შექმნა. 

შაბაზის, როგორც ფოტოგრაფის მთავარი მისია იმ ადამიანების დახმარება იყო, რომლებიც დაუცველები იყვნენ შრომითი ექსპლუატაციის, ნარკომანიისა და უსახლკარობის გამო. ჯამელ შაბაზის ბავშვობის ბევრი მეგობარი მაშინ სწორედ ამ პრობლემების წინაშე იდგა, მან გადაწყვიტა კამერა საუბრის და ურთიერთობის საწყისად გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯამელ შაბაზი ყველაზე მეტად ცნობილია ბრუკლინში ურბანული სტილის ახალგაზრდების ამსახველი ფოტოსურათებით, მის პორტფოლიოში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ქუჩის ფოტოებს და ქალაქის პეიზაჟებს.

90-იანი წლების ბოლოს შაბაზის ფოტოსურათებმა ჰიპ-ჰოპის ჟურნალების წარმომადგენელთა ყურადღება მიიქცია. ჟურნალები - Vibe, The Source და Trace იმ დროისათვის გლობალური აუდიტორიისთვის ჰიპ-ჰოპ კულტურის გაცნობას უწყობდნენ ხელს, რაშიც დიდი როლი ითამაშა ჯამელ შაბაზის გადაღებულმა ჰიპ-ჰოპის კულტურის და სხვადასხვა საინტერესო მომენტების ამსახველმა ფოტოებმა.

შაბაზის ფოტოსურათები გამოიფინა ნიუ-იორკის, ლონდონის, პარიზის და მილანის გალერეებში, მისი ნამუშევრები წარმოდგენილია მრავალ მუდმივ კოლექციაში, მათ შორის ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკაში, უიტნის ამერიკულ ხელოვნების მუზეუმსა და რუბელის კოლექციაში. შაბაზის ნამუშევრების ყველაზე დიდი და სრული რეტროსპექტივა გაიმართა ბრონქსის ხელოვნების მუზეუმში.


ფოტოს წყარო: Artsy, Vogue, The New Yorker