შვეიცარიულმა არქიტექტურულმა სტუდია Kohlerstraumann-მა ახალი პროექტი წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც ძველი სახლი დახვეწილ, მინიმალისტური დიზაინის, ბუნგალოდ გადაკეთდა. შენობა ფილიპინებზე, მალაიში, დასავლეთ ბორაკაის კლდეზეა ჩაშენებული და მთლიანად არის მოპირკეთებული ადგილობრივი ქვით, რაც ქმნის დიალოგს ბუნგალოსა და ბუნებრივ ლანდშაფტს შორის და შენობასა და გარემოს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს. 

458474689_3941844502701429_9067072273754718182_n.jpg 276.63 KB

არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს შორის საზღვრები მინიმალურია, რადგან ერთიანი ატმოსფეროს შესაქმნელად ბუნგალოში თითქმის ყველაფერი სწორედ ქვისგან არის დამზადებული, მათ შორის - ავეჯი. ქვის ტექსტურის დასაბალანსებლად, ინტერიერში პასტელის ფერების პალიტრასა და მცენარეებს ვხვდებით, რასაც ერთგვარი სითბო შეაქვს საცხოვრებელში. ბუნგალოს მინიმალიზმს ხაზს უსვამს ისიც, რომ შიგნით არ არის არანაირი დეკორაციები, ნახატები და ობიექტები.

ბუნგალოს პირველ სართულზე მდებარეობს საცხოვრებელი, მოსასვენებელი სივრცე, სადაც ქვის ზედაპირი და ავეჯი ქმნის ერთიან, მშვიდ ატმოსფეროს. მეორე სართულზე განთავსებულია საძინებელი ოთახები. შენობას დიდი ზომის ფანჯრები აქვს, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ თითოეული ოთახიდან ოკეანის ულამაზესი პანორამული  ხედები იშლება. დიდი ფანჯრებიდან სტუმარი მეტად შეიგრძნობს ბუნებასთან კავშირს.

ბუნგალოს ბოლო სართულზე იზოლირებული ბაღი მდებარეობს, ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიით შერწყმული ეზო მინიმალური ჩარევების შედეგად შეიქმნა, ღია ბაღი სავსეა ადგილობრივი მცენარეებითა და ყვავილებით. Kohlerstraumann-ის მიერ შექმნილი ბუნგალო დასავლეთ ბორაკაის კლდეზე, წარმოადგენს თანამედროვე ოაზისს ფილიპინებზე, სადაც ადგილობრივად მოპოვებული მასალების ინტეგრაციით, მინიმალისტური დიზაინითა და დეტალებისადმი ყურადღებით შეიქმნა სივრცე, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის ღრმა კავშირს ქმნის.


ფოტოს წყარო: Kohlerstraumann