იტალიური მოდის სახლი Gucci ახალ კამპანიას წარმოადგენს, რომელშიც ცნობილი ჯგუფის, Blondie-ის წამყვანი მომღერალი, ლეგენდარული დები ჰარი მონაწილეობს და რომლის გადაღებაც სახელგანთქმულ ფოტოგრაფ  ნან გოლდინს უკავშირდება. Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი საბატო დე სარნო ახალი კოლექციით სახლის 1970-იანი წლების ესთეტიკას მოგვაგონებს და Gucci Blondie ჩანთის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს გვთავაზობს. კამპანიაში დები ჰარისთან ერთად მომღერალ კელსი ლუსაც ვხვდებით.

IMG_3782.jpeg 263.24 KB
Gucci-ს საკულტო Blondie ჩანთის შექმნა 1970-იანი წლების დასაწყისით თარიღდება და იმ პერიოდიდან მოყოლებული არ კარგავს აქტუალობას. ჩანთა ცნობილია თავისი მრგვალი, საარქივო GG ლოგოთი, რომელიც ზედმიწევნით განახლდა და სხვადასხვა ტექსტურას მოერგო, იქნება ეს ზამშის, ტოსკანური ტყავის თუ ტილოს მონოგრამული ჩანთები. განახლებული მოდელები თავდაპირველად Gucci-ს 2025 წლის Cruise ჩვენებაზე ვიხილეთ, ჩანთა აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ დიზაინსა და ზომებს - მინი ვერსიებიდან დიდ ზომებამდე.

IMG_3784.png 134.37 KB
დები ჰარის მონაწილეობით ახალ კამპანიას We Will Always Have London ეწოდება, რომელიც თავის მხრივ ლონდონსა და ქალაქისადმი ბრენდის ღრმა კავშირს გამოხატავს. Gucci-ს და ლონდონის ურთიერთობა ჯერ კიდევ 1890-იან წლებში დაიწყო, როდესაც სახლის დამფუძნებელი გუჩიო გუჩი მუშაობდა ლონდონის სასტუმრო Savoy-ში. სწორედ ეს ადგილი, უშუალო შეხება სტუმრების ბარგთან, გახდა ინსპირაცია იმისა, რომ დაეწყო ტყავის ნაწარმის ბიზნესი. ფლორენციაში დაბრუნებულმა კი საკუთარი ბრენდი დააარსა, მიუხედავად იმისა, რომ Gucci სრულად იტალიური მოდის სახლია, ლონდონი მისი ისტორიის განუყოფელ ნაწილად რჩება და ამას ახლანდელი კრეატიული დირექტორიც მუდმივად  ხაზს უსვამს. უახლეს კამპანიამდე, საბატო დე სარნომ 2025 წლის Cruise ჩვენების ადგილადაც სწორედ ლონდონი, Tate-ს თანამედროვე ხელოვნების გალერეა შეარჩია.

გარდა Gucci Blondie ჩანთისა, უახლესი კოლექცია ბრენდის კლასიკური 70-იანი წლების ესთეტიკით არის შთაგონებული და აერთიანებს ტყავისა და ზამშის ქურთუკებს, ყვავილებით მოქარგულ ჯინსებს, ბალერინებსა და ვინტაჟურ მოდელებს. საბატო დე სარნო წარსულისა და სახლის მემკვიდრეობის პატივისცემით მუშაობს, რაც მის შემოქმედებით ხედვასა და კრეატივს მატებს და ისტორიით, ძველი სილუეტებით შთაგონებულ თანამედროვე კოლექციებს გვთავაზობს.


ფოტოს წყარო: Gucci