პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Dries Van Noten-ის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სადაც ქართველმა მოდელმა - მატილდა გვარლიანმა მიიღო მონაწილეობა. ბელგიელმა დიზაინერმა და ბრენდის დამაარსებელმა დრის ვან ნოტენმა საკუთარი სახელობის მოდის სახლში, შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტი წელს დატოვა და მისი ბოლო კოლექცია რამდენიმე თვის წინ წარადგინა, შესაბამისად ახალი კოლექცია Dries Van Noten-ის დიზანერთა გუნდის მიერ არის შექმნილი და პირველი ჩვენებაა კრეატიული დირექტორის გარეშე.Dries Van Noten-ის დიზაინ გუნდმა ახალ კოლექციაში სახლის დამფუძნებლის სტილი და მრავალფეროვანი არქივი გააცოცხლა, სიულეტების, ქსოვილებისა და სტილის რეფერენსებით. დრის ვან ნოტენი, რომელიც ცნობილი "ანტვერპენის ექვსეულის" ღირსეული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წევრი იყო, 1980-იან წლებში გახდა ბრენდის დამაარსებელი და მას შემდეგ, 40 წლის განმავლობაში ქმნიდა დასამახსოვრებელ კოლექციებს. მისი დიზაინები აერთიანებს კლასიკურ და ავანგარდულ სილუეტებს, ჩვენებები კი ცნობილია ორიგინალური თეატრალიზებით.რადგან კოლექცია დრის ვან ნოტენის ხედვის და მისი მემკვიდრეობის გაგრძლებაა, გასაკვირი არ არის რომ ის ტექსტურების და ფერების მრავალფეროვნებით არის შექმნილი, რომელშიც ხშირად ჩნდება ყვავილების პრინტები. თავად დიზაინერი ხშირად იყო შთაგონებული ყვავილებით, განსაკუთრებით კი თავისი მე-19 საუკუნის სახლის ბაღით, სადაც არსებული ყვავილების ვარიაციები დიზაინერის კოლექციაში უდიდეს ადგილს იკავებდა. ახალ კოლექციაში ასევე ჭარბობს გველის პრინტით შექმნილი სამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელები და ლეოპარდის პრინტის პერანგები. დიზაინერთა გუნდმა აქცენტი გააკეთა ჟაკარდისა და ატლასის ქსოვილებზე, რომელთაგან ზოგიერთი მორთული იყო მაქმანებითა და მბზინავი დეტალებით. ასევე, ხშირად ვხვდებით მხრებზე გაშლილ და ვიწრო, გამოყვანილი წელით შექმნილ სილუეტებს, კაშკაშა ყვითელ, ვარდისფერ და მწვანე ფერებს.
ფოტოს წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი