პარიზის მოდის კვირეულზე Valentino-ს 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის, ალესანდრო მიკელეს სადებიუტო ჩვენება გაიმართა, რომელსაც Dojo de Paris-მა უმასპინძლა. იტალიელი დიზაინერი Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტზე მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა და ჩვენებაზე მისი პირველი კოლექცია, სახელწოდებით "Pavillon des Folies" წარმოადგინა, რომელიც თანამედროვე სილამაზის იდეითაა შექმნილი.
ალესანდრო მიკელემ Valentino-სთვის თავისი პირველი კოლექციის კატალოგი პოსტის დაკავებიდან მალევე გააზიარა და ჩვენების გამართვამდე საზოგადოება ს მისი თვალით დანახული Valentino გააცნო. კოლექცია 70-80-იანი წლების იტალიური მოდის სახლის დამახასიათებელ ელფერს, Valentino-ს არქივს, რეფერენსებს, სახლის დამფუძნებლის - ვალენტინო გარავანის პერსონალურ სტილსა და მიკელეს ინტერპრეტაციებს, შემოქმედებით ხედვას აერთიანებს.
ახალ კოლექციაში ხშირად ვხვდებით ბურჟუაზიული და ძველი რომაული ჩაცმულობის ესთეტიკას. კოლექციაში წარმოდგენილია ყვავილოვანი და წერტილოვანი პრინტები, ტვიდის და გამჭირვალე ქსოვილები, მაქმანებიანი და სხვადასხვა დეტალებით გაფორმებული სამოსი და აქსესუარები, მაგალითად, მარგალიტებით, მძივებით, ბაფთებითა და მბზინავი დეტალებით.
მიკელეს ხედვა და დეტალებისადმი ყურადღება კარგად ჩანს Valentino-ს სადებიუტო კოლექციაში. მოდელებმა დიდი ზომის ქუდები, თავსაბურავები, მასიური აქსესუარები და სამკაულები მოირგეს, ზოგიერთი მათგანი ატარებდა ორიგინალურ პირსინგებსაც. მიკელე 2015 წლიდან, 7 წლის განმავლობაში Gucci-ს ხელმძღვანელობდა, ხოლო წელს Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტზე პიერპაოლო პიჩოლი ჩაანაცვლა.
ფოტოს წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი