ქართული ბრენდი SITUATIONIST 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას წარმოადგენს, რომელიც ირაკლი რუსაძის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა, კოლექციის ფოტოები დავით გიორგაძის მიერ არის გადაღებული. ტრადიციულ ქართულ მოტივებსა და თანამედროვე ხედვაზე დაფუძნებული ბრენდი 2017 წლიდან დიდი პოპულარობით და საერთაშორისო წარმატებით გამოირჩევა.
ახალ კოლექციაში 80-იანი წლებით შთაგონებულ სილუეტებს ვხვდებით, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია შავ, ნაცრისფერ, ღია ვარდისფერ, წითელ და ცისფერ ფერებში. კოლექცია აერთიანებს კლასიკურ პიჯაკებს, კოსტიუმებს, ‘’თრენჩებს’’, გამჭვირვალე ქსოვილით შექმნილ რამდენიმე ლუქს, ყვავილიან და ლეოპარდის პრინტებს, ასევე ვეგანური ტყავით დამზადებულ სამოსსა და ფეხსაცმელებს, რომელთაგანაც ზოგიერთს გველის ტყავის ეფექტი აქვს.
ახალი კოლექციის შთაგონების დიდი ნაწილი ირაკლი რუსაძემ თბილისის ყოველდღიური ჩაცმულობისა და სტილის შეგრძნებიდან მიიღო. SITUATIONIST მიზნად ისახავს მომხმარებელმა მათი სამოსით შეძლოს საკუთარი თავისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვა, კოლექციის მზადების პროცესში კი თითოეულ დეტალს მაქსიმალური ყურადღება ექცევა.
ფოტოს წყარო: SITUATIONIST
დაწერე კომენტარი