1940-იან წლებში სახელოვნებო ასპარეზზე გამოჩნდა ამერიკელი არტისტი, ფოტოგრაფი და მხატვარი სოლ ლეიტერი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფერადი ფოტოგრაფიის განვითარებაში, იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი პიონერი და მთავარი ფიგურა მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორიაში.

IMG_4133.jpeg 1.16 MB
სოლ ლეიტერი ფოტოგრაფიითა და მხატვრობით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, მას პირველი კამერა დედამ დაახლოებით 11 წლის ასაკში უსახსოვრა. 1946 წელს ლეიტერი პიტსბურგიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და მალევე მოიპოვა პოპულარობა, მის ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინა ქალაქმა - ლეიტერი ყოველდღიურად სეირნობდა ნიუ-იორკის ქუჩებში და იღებდა ფოტოებს. იგი არასდროს ტოვებდა საცხოვრებელს კამერის გარეშე, მის ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილან მეზობლები, მის გარშემო მცხოვრები ადამიანები. 

ფოტოგრაფის ფანტაზიამ, ხედვამ, ესთეტიკისა და სილამაზის უნიკალურმა აღქმამ სოლ ლეიტერს მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ერთ-ერთ საკულტო ფოტოგრაფად აღიარება მოუტანა. მან ფერადი ფოტოგრაფიის ექსპერიმენტები ნიუ-იორკში 1947 წელს წელს დაიწყო, იღებდა ფოტოებს Kodachrom-ის სლაიდ-ფირის გამოყენებით. 2006 წელს მისი პირველი მონოგრაფიის - Early Color-ის დებიუტმა გამოავლინა ინოვაციური კომპოზიციები, რამაც სამუდამოდ შეცვალა ფოტოგრაფიის ისტორია. 

სოლ ლეიტერის მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს 15 000 შავ-თეთრ, 40 000 ფერად ფოტოსა და 4 000-ზე მეტი ნახატს. ფოტოგრაფი ცხოვრების ბოლომდე, 2013 წლამდე თითქმის ყოველდღიურად იღებდა ფოტოებს და აგროვებდა კოლექციას, რომელიც ასახავს ნიუ-იორკის ქუჩებს, ცხოვრების სტილს, ადამიანების სხვადასხვა ემოციას, განწყობასა და ხასიათს, რომლებიც დღესაც ადგილისა და დროის შეგრძნებებს აცოცხლებს. ფოტოგრაფი ხშირად აღბეჭდავდა ობიექტებს ფანჯრების მიღმა და უყვარდა სხვადასხვა ამინდში, როგორც მზეში, ისე თოვლსა და წვიმაში გადაღება. 

მისმა ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება 1950-1960-იან წლებში მოიპოვა. გარდა ქუჩის ფოტოგრაფიისა, ლეიტერი მოდის ფოტოგრაფიც იყო და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ჟურნალებთან, როგორებიცაა British Vogue, Harper’s Bazaar, Show, Nova და Elle. მისმა გადაღებულმა ორიგინალურმა ფოტოსურათებმა არაერთხელ დაამშვენა მოდის ჟურნალების გარეკანები.

მიუხედავად იმისა, რომ ლეიტერი ძირითადად ფოტოგრაფიასთან ასოცირდება, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მხატვრობა, რომელსაც თავისი “პირველი სიყვარული” უწოდა. ლეიტერი ძალიან ხშირად ხატავდა, ყოველდღიურ მოვლენებს ფერად ნამუშევრებად აქცევდა ხოლმე, რომელთა უმრავლესობას საღებავებით ქმნიდა. მის მხატვრულ შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს იაპონელმა არტისტებმა და ფრანგმა იმპრესიონისტებმა - ბონარდიმ და ვილარდიმ.


ფოტოს წყარო: Saul Leiter Foundation