ლონდონში, სასტუმრო OWO-ს ეზოში ახალი კაფე გაიხსნა, რომლის არქიტექტურასა და დიზაინზე დიზაინის სტუდია DaeWha Kang Design-მა იზრუნა.  კაფე ისტორიულ ადგილას მდებარეობს, სადაც წლების წინ ბრიტანეთის სამხედრო სამსახური მუშაობდა. ახალი სტრუქტურა სწორედ გარემოსა და ისტორიის გათვალისწინებით, ლანდშაფტზე მორგებული პროექტით შეიქმნა.

ახალი პავილიონი 1906 წლით დათარიღებული შენობის წინ განთავსდა, რომელიც თავდაპირველად არქიტექტორმა უილიამ იანგმა დააპროექტა. წრიული ფორმის პავილიონი აერთიანებს ბარს და სასადილო სივრცეს ფრანგული რესტორნის, Café Lapérouse-სთვის, აქვს მინის ფასადი და სარკისებური, ტალღოვანი ფოლადის სახურავი. თანამედროვე სტილისა და დიზაინის პავილიონი ასევე ხაზს უვამს შენობის ექსპრესიულ ხასიათსა და მემკვიდრეობას.

‘’ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დიზაინში შეგვენარჩუნებინა და გაგვეძლიერებინა არსებული ისტორიული არქიტექტურა’’ - აღნიშნავენ DaeWha Kang Design-ის სტუდიაში. ახალი პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ხუთმეტრიანი სკულპტურული შადრევანი ეზოში, რომელიც ქმნის ბუნებრივი და მეტალის ელემენტების ბალანსს, წყლისა და ლითონის ტალღების ურთიერთქმედება შთამბეჭდავი გამოცდილებაა The OWO-ს ვიზიტორებისთვის.


ფოტო: Daewha Kang Design