გალერეა Fotoatelier არგენტინელი ფოტოგრაფის, სოფია ალაზრაკის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც 26 სექტემბერს გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს Morning Rituals & Dissociation Tools - ნატურმორტების კოლექცია, რომელიც წარმოადგენს თვითგამოხატულების, თვითანალიზისა და ყოველდღიური ობიექტების ემოციური ნარატივების კვლევას, თითოეული ფოტო მოგვითხრობს სურვილის, იმედგაცრუებისა და კავშირის, გაუცხოების ურთიერთობის შესახებ. არტისტი ოთხ წელზე მეტხანს გარდაქმნიდა გადაყრილ და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნივთებს გამორჩეულ კომპოზიციებად.
სოფია ალაზრაკის პრაქტიკა ეფუძნება იმ ნივთების შეგროვებასა და დაკვირვებას, რომლებიც, სხვაგვარად, უგულებელყოფილი იქნებოდა. გატეხილი, ცარიელი ან დაკარგული ობიექტებით ხელოვანი ქმნის ნატურმორტებს, ვიზუალურ ლანდშაფტებს, რომელშიც ‘’დაზიანებული და ლამაზი’’ თანაარსებობენ, აკავშირებენ დაუცველობასა და ძლიერებას. რთული და არატრადიციული კომპოზიციები ცვლის თხრობის აღქმას და გვაძლევს შესაძლებლობას ობიექტები ტრანსფორმაციისა და თვითანალიზის ნარატივში აქტიურ მონაწილეებად აღვიქვათ, ობიექტები, რომლებიც ადრე უგულებელყოფილი იყო, ნამუშევრებში ფლობენ ძალას, გავლენა მოახდინონ ჩვენს აღქმასა და ემოციებზე.
გამოფენის სახელწოდება, Morning Rituals & Dissociation Tools, ასახავს ალაზრაკის მეთოდურ მიდგომას - ყოველდღიური პრაქტიკა სცენების კონსტრუირებისა და აღბეჭდვის, რომლებიც თვითრეფლექსიის და შინაგანი სიძლიერის იარაღებად გვევლინება. ამ სცენებში, ალაზრაკი იკვლევს სურვილის, იმედგაცრუებისა და აბსურდის ურთიერთობას, ხშირად იყენებს იუმორს, ტკივილს და ეროტიზმს ადამიანის ფსიქიკის გასააზრებლად და მის გასაცნობიერებლად. ალაზრაკი შთაგონებას იღებს ფუკოს „ნივთების მართვის“ კონცეფციიდან, იკვლევს, თუ როგორ მართავენ მატერიალური ობიექტები ადამიანის ქცევებს და სოციალურ ურთიერთობებს.
ფოტოგრაფი, არტ დირექტორი და სცენის დიზაინერი სოფია ალაზრაკი მადრიდში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები მოიცავს თანამედროვე ხელოვნების, მოდისა და კინოს სფეროებს, ადამიანის გონების უხილავი შინაგანი პროცესების კვლევას, ვიზუალურ ნარატივისა და ფილოსოფიურ აზროვნებას. ალაზრაკის შემოქმედება აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა Loewe, Jacquemus და Alexander Wang.
დაწერე კომენტარი