დენის ჰოპერი იყო მსახიობი და კინორეჟისორი, რომელმაც გარდა კინემატოგრაფიული წარმატებისა, 60-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინა ფოტოგრაფიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და დაიწყო ექსცენტრიკული პერსონაჟების რეალისტური ასახვა. მისი შემოქმედება ხასიათდება ინტერესით ამერიკასა და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. დენის ჰოპერის ცნობილი ფოტოგრაფიული ნამუშევრები აერთიანებს საკულტო ფიგურების - ენდი უორჰოლის, ჯეინ ფონდას, თინა ტერნერისა და მარტინ ლუთერ კინგის პორტრეტებს, ასევე სელმაში სამოქალაქო უფლებების მარშის დროს გადაღებულ ექსკლუზიურ სურათებს.
დენის ჰოპერი სწავლობდა კანზას სიტის ხელოვნების ინსტიტუტში და ნიუ-იორკის Actors Studio-ში, ფოტოგრაფობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისმა პირველმა ცოლმა -ბრუკ ჰეივარდმა 1961 წელს Nikon-ის კამერა უსახსოვრა. როდესაც მისი სამსახიობო კარიერა 60-იანი წლების შუა ხანებში შეჩერდა, მან მთელი ყურადღება ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას მიაპყრო, ჰოპერი იღებდა თავის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, არტისტებს, მუსიკოსებს და ობიექტივში 1960-იანი წლების ამერიკული ცხოვრების სტილსა და წესს აღბეჭდავდა - სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენიდან დაწყებული, ურბანული ქუჩის სცენებით დამთავრებული.
ჰოპერის ფოტოგრაფიული ნამუშევრები იმდროინდელი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ატმოსფეროს მნიშვნელოვანი არქივია - მისმა კამერამ დააფიქსირა ეპოქა და შექმნა ისტორია. იგი დაახლოებით 25-იდან 31 წლამდე განუწყვეტლივ იღებდა ფოტოებს. ჰოპერის ფოტოების პირველი წიგნი გამოიცა 1986 წელს, რომელმაც გააერთიანა მისი ფოტოგრაფიული კარიერის მნიშვნელოვანი ნამუშევრები. როგორც ცნობილია, 1961-67 წლებში დენის ჰოპერმა გადაიღო დაახლოებით 10000 შავ-თეთრი ფოტო.
ცნობილი ფილმის, Easy Rider-ის წარმატების შემდეგ, დენის ჰოპერი დაბრუნდა პატარა ქალაქ ტაოსში, სადაც გადაიღო ფოტოსერია - Drugstore Camera (1970–1972), რომელშიც უდაბნოს ქალაქში მისი განმარტოებული ცხოვრების კადრები და საგზაო მოგზაურობები დააფიქსირა. სერია გამოიფინა Gagosian Gallery-ში 2011 წელს. მისი მეგობრის, ჯულიან შნაბელის დახმარებით, ჰოპერის ნამუშევრების დიდი ნაწილი გადაეცა ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ექსპოზიციისთვის.
ფოტოს წყარო: The New Yorker, Taschen, Another Man, Artsy
დაწერე კომენტარი