თანამედროვე იაპონური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფიგურაა ნობუიოში არაკი, რომელმაც პოპულარობა თავისი პროვოკაციული, თამამი და პერსონალური ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათებითა და პოლაროიდებით მოიპოვა და  მთელ მსოფლიოს გააცნო თავი. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სკანდალურ ფოტოგრაფს, რომლის შემოქმედება, ძირითადად, ეროტიკული სახის ნამუშევრებს, ქალის სხეულსა და შიშველ გამოსახულებებს აერთიანებს. 

IMG_4695.png 186.92 KB
არაკის ფოტოგრაფიული ნიჭის და მხატვრული ხედვის განვითარება ჩიბას უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო, სადაც ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ხელოვნებას სწავლობდა. პირველი კამერა მას ფოტოგრაფმა მამამ 12 წლის ასაკში უსახსოვრა. მისი ფოტოგრაფია ღრმად უკავშირდება იაპონურ კულტურას, შთაგონებულია ტრადიციებით, იკებანას ყვავილებითა და კინბაკუს ხელოვნებით. თავისი ობიექტივის საშუალებით ის აერთიანებს სილამაზისა და დაძაბულობის ელემენტებს, ქმნის კომპოზიციებს, რომელთა აღქმა გამოწვევას ჰგავს, მისი ინტიმურობისა და ეროტიზმის კვლევა კი სხვადასხვა სახის ემოციებს იწვევს საზოგადოებაში, მათ შორის - აღტაცებას, გაბრაზებას ან კამათს.
IMG_4706.jpeg 569.27 KB
არაკის შემოქმედება ერთგვარი ანარეკლია მისი პირადი ცხოვრების - პერსონალური ფოტოგრაფიის გზით მან თავისი  ცხოვრების ერთგვარი ვიზუალური დღიური შექმნა. არაკის ფოტოებში ყველაზე ხშირად მის ცოლს - იოკოს აოკის შეხვდებით, რომლის გადაღება ფოტოგრაფმა 1971 წელს, საქორწინო მოგზაურობისას დაიწყო. სახლში დაბრუნებულმა არაკმა გამოსცა წიგნი ,,სენტიმენტალური მოგზაურობა’’, რომელიც სავსე იყო აოკის პერსონალური და ინტიმური ფოტოებით.

არაკის ნამუშევრები ძირითადად ქალების, ბავშვებისა და ყვავილების გამოსახულებებს აერთიანებს, მისი თვალით დანახული ყვავილები და ხილი ადამიანის სხეულის ნაწილებს მოგაგონებთ. გარდა კონცეპტუალური და ინტიმური ფოტოგრაფიისა, არაკი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა მოდის სახლებთან, როგორიცაა, მაგალითად, Saint Laurent და Givenchy, ასევე მის ობიექტივში ხშირად მოხვედრილა სხვადასხვა ცნობილი ადამიანი.

ნობუიოში არაკის ჯილდოები მრავალრიცხოვანია, მათ შორისაა  იაპონიის ფოტოგრაფიული საზოგადოების ყოველწლიური პრესტიჟული პრიზი და Mainichi Art Award. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია სხვადასხვა რეტროსპექტივებსა და მუდმივ კოლექციებში მთელ მსოფლიოში. 500-ზე მეტი ფოტოწიგნისა და უამრავი გამოფენით, ნობუიოში არაკი აგრძელებს წარუშლელი კვალის დატოვებას ფოტოგრაფიის სამყაროში, იწვევს მაყურებელს, იმოგზაუროს მისი ფსიქიკის სიღრმეში და შეისწავლოს ადამიანის არსებობის სირთულეები.



ფოტოს წყარო: Artsy, Taka Ishii Gallery, AnOther Magazine, MutualArt