Fondation Louis Vuitton წარმოადგენს ახალ გამოფენას, რომელიც 17 ოქტომბერს გაიხსნა და 2025 წლის 24 თებერვლამდე უმასპინძლებს დამთვალიერებელს. ‘’Pop Forever, Tom Wesselmann &…’’ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც პოპ-არტს ეძღვნება და იკვლევს 1960-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ მხატვრულ მიმდინარეობას, რომელსაც დღემდე გავლენა დიდი აქვს თანამედროვე ხელოვნებაზე. გამოფენა წარმოადგენს ამერიკული პოპ-არტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, ტომ ვესელმანის სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ 150 და ასევე 35 ხელოვანის 70 ნამუშევარს.
გამოფენა სრულად ასახავს ტომ ვესელმანის შემოქმედებას - დაწყებული მისი პირველი, 1959 წლის კოლაჟებიდან, ფართომასშტაბიან ნატურმორტებამდე და ცნობილ Great American Nudes-მდე. "Pop Forever, Tom Wesselmann &... უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეტროსპექტივა, ის წარმოადგენს ტომ ვესელმანის ნამუშევრებს ხელოვნების ისტორიაში და გვთავაზობს საინტერესო პერსპექტივებს პოპ-არტზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზეც კი.” - განმარტავენ კურატორები - Dieter Buchhart და Anna Karina Hofbauer.
ტომ ვესელმანი კარიერის დასაწყისში ექსპრესიონიზმით იყო დაინტერესებული, თუმცა შემდეგ პოპ-არტმა გაიტაცა და წლების განმავლობაში ამ სფეროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენლად ჩამოყალიბდა. მისმა შემოქმედებამ მოიცვა რეკლამა, ბილბორდები, სურათები და სხვადასხვა ობიექტები, იგი ითვალისწინებდა მხატვრობის კლასიკურ ჟანრებსაც და ამავდროულად, აფართოებდა თავისი ხედვის ჰორიზონტს. ვესელმანის ნამუშევრები ასევე აერთიანებს მულტიმედიურ ელემენტებს და ინსტალაციებს.
მარადიული პოპ-არტის აღსანიშნავად "Pop Forever" ერთდროულად არის რეტროსპექტივა და თემატური შოუ. გამოფენაზე წარმოდგენილია პოპ-არტის მრავალი ისტორიული და საკულტო ნამუშევარი, მათ შორის არის ენდი უორჰოლის 1964 წლის ტრაფარეტული Shot Sage Blue Marilyn, რომელზეც ნათელი და კონტრასტული ფერებით წარმოდგენილია მერლინ მონრო. დანარჩენ 35 ხელოვანს შორის არიან - რიჩარდ ჰემილტონი, იაიოი კუსამა, დერიკ ადამსი, აი ვეივეი, ფრენკ ბოულინგი, დევიდ ჰამონსი და სხვები.
პოპ-არტი, როგორც ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა, 1950-იანი წლების ბოლოს წარმოიშვა ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტაბებში. მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა პოპულარული მასკულტურიდან, როგორებიცაა რეკლამა და კომიქსები, კინო, საკვებისა და სასმლის მწარმოებლები და ტაბლოიდები, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ფერწერის ობიექტად იქცა. ფოტოგრაფიული გამოსახულებები და პოპ-არტის ნამუშევრები აღნიშნავს ხელოვნებისა და პოპულარული კულტურის შერწყმას და ქმნის საინტერესო ესთეტიკას საზღვრების გარეშე.
ფოტოს წყარო: LVMH, Fondation Louis Vuitton
დაწერე კომენტარი