თიბისი კონცეპტის წარდგენით, 18-20 ოქტომბერს რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიულ ტური გაიმართა, რომლის თანმხლებიც გასტრონომიის მკვლევარი - დალილა ცატავა იყო. 3-დღიანი ტურის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, აღმოეჩინათ რაჭა-ლეჩხუმის ისეთი გამორჩეული ადგილები და ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა - მრავალძალი, სოფელი ლაილაში - სინაგოგა და ოქრონიშის აუზი, ღვირიშის ჩანჩქერი, ზანდურის სახლი, ბარაკონი, ნიკორწმინდა, ცხრაჯვარი და შაორის წყალსაცავი. გარდა ამისა, ტურის სტუმრებმა დალილა ცატავასთან ერთად აღმოაჩინეს რაჭა-ლეჩხუმის გასტრონომიულ თავისებურებები, ესტუმრნენ “ჭრებალოს მარანს”, სადაც გაიმართა გალა ვახშამი და გაეცნენ იქაურ კერძებს. “ჭრებალოს მარნის” დამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი ამ საინტერესო ადგილზე მოგვიყვება და რაჭა-ლეჩხუმის შესახებ რეკომენდაციებს გაგვიზიარებს.

IMG_5060.jpeg 514.62 KB
ჭრებალოს მარნის შექმნის ისტორია...


ჭრებალოს მარანი დაარსდა 2019 წელს, როგორც ბუტიკის ტიპის მცირე მარანი, ხოლო 2022 წლიდან დაემატა სარესტორნო სივრცე. ჩვენ თავად ვართ რაჭველები, ძალიან გვიყვარს ეს მხარე და სულ გვინდოდა უფრო ხშირი ურთიერთობა გვქონოდა. გარდა იმისა, რომ ძალიან ხშირად ვსტუმრობდით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, გვსურდა, უფრო დავახლოებოდით, შეგვექმნა ისეთი რამ, რაც სასარგებლო იქნებოდა რეგიონისთვის და ჩვენს კავშირსაც მეტად გააძლიერებდა რაჭასთან, სწორედ ამიტომ შევქმენით ჭრებალოს მარანი.

IMG_5072.jpeg 539.78 KB
მთავარი კერძი ჭრებალოს მარანში, რომელიც აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ...


ჩვენი მიზანი იყო ჭრებალოს მარანს გასტრონომიული თვალსაზრისითაც აქცენტი გაეკეთებინა რეგიონის ტრადიციულ კერძებზე, რომელსაც დავამატეთ თანამედროვე ინტერპრეტაციები. გვაქვს ისეთი კერძები, რომლებიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგალითად, ლობიანი, ლორი, შქმერული და ა.შ. მაგრამ გვაქვს ისეთებიც, რომლებიც არ არის ფართოდ ცნობილი, მოვიძიეთ მათი რეცეპტები და ახლებურად წარმოვადგინეთ, მაგალითად, “მოთრეულა”, რომელიც ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძია. გვაქვს კიდევ რამდენიმე ისეთი კერძი, რომელიც ძირითადად რაჭაში, ოჯახებში კეთდებოდა, ჩვენ კი ჩვენს სამზარეულოში დავნერგეთ, მათ შორის ჩვენი ბებიის რეცეპტებიც.

თქვენი კულინარიული აღმოჩენები და საყვარელი კერძები...


აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი საინტერესო კერძი, განსაკუთრებით გამოვყოფდი რეგიონისთვის დამახასიათებელ გულსართიანებს, ფხალეულს, სხვადასხვა კერძებს ლორით. ასევე გამოვარჩევდი შქმერულსა და მოთრეულას.

ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული ღვინო ჭრებალოს მარანში... 


ზოგადად, რაჭა-ლეჩხუმი ცნობილია ნახევრად ტკბილი ღვინით. თუმცა, ჩვენს მარანში ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ადგილობრივ თეთრ მშრალ ღვინოზე, როგორიც არის თეთრა, ცოლიკაური და, რა თქმა უნდა, წითელი, ნახევრად ტკბილი ხვანჭკარა.

IMG_5063.jpeg 541.12 KB
საინტერესო ამბავი სოფელი ჭრებალოს და მისი ისტორიის შესახებ... 


ჭრებალო ითვლება რაჭისა და ლეჩხუმის საზღვრად, თავის დროზე ის არ არსებობდა, როგორც სოფელი, არამედ იყო გარდამავალი საზღვარი, რომელიც ძველ დროში აერთიანებდა დუქნებსა და სავაჭრო სივრცეებს. ძალიან საინტერესოა ის დოკუმენტური კადრები, რომელიც არის პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან, დოკუმენტურ ფილმში - ''აკაკის წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში''. ამ ფილმში ვხვდებით კადრებს სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დღეს ჭრებალოს მარანი მდებარეობს. ჩვენი მარანი განთავსებულია 1896 წელს აგებულ შენობაში, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო წლების განმავლობაში დაზიანდა, თუმცა ჩვენ მისი ნაწილი განვაახლეთ, რესტავრაცია ჩავუტარეთ და მაქსიმალურად შევუნარჩუნეთ პირვანდელი იერსახე.

თქვენი საყვარელი ადგილები და ღირსშესანიშნაობები რაჭა-ლეჩხუმში, რომელთაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ… 


რაჭა-ლეჩხუმში ძალიან ბევრი ულამაზესი და საინტერესო ადგილია, დავიწყებ ისეთი ცნობილი ადგილებით, როგორებიცაა ნიკორწმინდა, შაორის ტბა და მრავალძალი. ფანტასტიკურია ზემო რაჭის სოფლები - გონა, გლოლა და ღები, აუცილებლად სანახავია ონის რაიონი, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და ხშირად ვსტუმრობ, ყოველ ჩასვლაზე კი ახალ, საინტერესო ადგილს აღმოვაჩენთ ხოლმე. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო რაჭული ძველი ოდები, რომლებიც ცნობილია გამორჩეული და იშვიათი ორნამენტებით. ჩვენს მარანშიც ერთ-ერთი ორნამენტი გვაქვს გამოყენებული ეტიკეტზე, ლოგოსა და აივანზე... რაჭის ღირსშესანიშნაობები და საინტერესო ადგილები მართლაც ამოუწურავია, არის უამრავი ჩანჩქერი და ტბა, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ძალიან მიყვარს ულამაზესი სოფელი გოგოლათი, ლეჩხუმში ხვამლის მთა და სოფელი ღვირიში ულამაზესი ხედებით.

IMG_5062.jpeg 1.23 MB
საყვარელი აქტივობა რაჭაში… 


ჩემი საყვარელი აქტივობაა რაჭველ ხალხთან ურთიერთობა... ძალიან მიყვარს ბევრი სტუმრის მიღება და მათთან ხშირი კომუნიკაცია. ხშირად დავდივართ, ვხვდებით ადგილობრივებს, ვათვალიერებთ ყველაფერს, ხშირად აღმოვაჩენთ სხვადასხვა ადგილს და მუდმივად ვეცნობით სიახლეებს.

IMG_5058.jpeg 801.05 KB
ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება რაჭიდან... 


ჩემი მთავარი და ყველაზე განსაკუთრებული მოგონებები ჩემს ბავშვობას უკავშირდება, ჩემს ბებიასა და ბაბუას და ზოგადად, მთელი ბავშვობის პერიოდს. როდესაც ზაფხულობით მთელი ოჯახი, სანათესავო ჩავდიოდით ხოლმე და ვატარებდით ძალიან კარგ დროს, თითოეული დღე განსაკუთრებული მოგონებაა ჩემთვის.

ჭრებალოს მარნის სამომავლო გეგმები...


გვაქვს ბევრი სამომავლო გეგმა, გვინდა სასტუმროს პროექტის განხორციელება. ახლა დავამატეთ ტურისტული მიმართულება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა შინაარსის და თემატიკის ტურებს, გვსურს, რომ ხალხმა კარგად გაიცნოს რაჭა-ლეჩხუმი, მათ შორის კუთხის გასტრონომიული მხარე. ამიტომ, სწორედ ახლა, ყველაზე გამორჩეულ სეზონზე ვუმასპინძლეთ პირველ გასტრონომიულ ტურს, რომელიც წაიყვანა ძალიან საინტერესო ქალბატონმა, გასტრონომიის მკვლევარმა  - დალილა ცატავამ. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები და მიიღეს ძალიან საინტერესო გამოცდილება…


ფოტოს წყარო: ლუიზა ჩალათაშვილი