თბილისში უკვე არაერთ კულინარიულ ადგილს აღმოაჩენთ, რომლებიც თავიანთი დახვეწილი ინტერიერით, კომფორტული გარემოთი და როგორც კერძების, ისე სასმელების მრავალფეროვნებითა და ორიგინალურობით არის გამორჩეული. სხვადასხვა კონცეფციის რესტორნები, კაფეები და ბისტროები საშუალებას გაძლევთ ახალი გასტრონომიული გამოცდილება მიიღოთ. გიზიარებთ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს ქალაქში საუზმისთვის - დღის დასაწყებად, შუადღის სადილისა და საღამოს ვახშმისთვის სასიამოვნოდ გასატარებლად.
დღის კარგად დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გემრიელი და ჯანსაღი საუზმეა, დილის განწყობის გაუმჯობესება სასიამოვნო ატმოსფეროში აუცილებლად დაგეხმარებათ მთელი დღე დადებითად გაატაროთ, სწორედ ამიტომ დილას შეგიძლიათ მთაწმინდაზე, პავლე ინგოროყვას 14-ში მდებარე სასაუზმე კაფე - Breakfast Is…-ში შეიაროთ, სადაც კომფორტული და მყუდრო, სახლური გარემო დაგხვდებათ. გირჩევთ, კაფეში უგემრიელეს ყავასთან ან ჯანსაღ მაჩა ლატესთან ერთად პროშუტოსა და სტრაჩატელას სენდვიჩი ან ფრანგული ტოსტი კრემ ბრულეთი მიირთვათ.
Breakfast Is…-ის მახლობლად, პავლე ინგოროყვას 12-ში ახლად გახსნილი ღვინის ბარი და რესტორანი - Kancellaria დაგხვდებათ, გემრიელი კერძებითა და ნატურალური ღვინოებით. Kancellaria-ში შეძლებთ ქართული ღვინოები დააგემოვნოთ, იქნება ეს რქაწითელი, ციცქა, ხიხვი თუ ძელშავი. სასმელთან ერთად კი აუცილებლად უნდა გასინჯოთ წასახემსებლები და კერძები. გირჩევთ ესპანურ ხამონს პურთან ერთად, რომელიც განსაკუთრებულად უხდება ღვინოს, ასევე შნიცელს იოგურტთან და კარტოფილთან და იტალიურ არანჩინს სოკოთი.
თამარ მეფის 18-ში რესტორანი - ცეხის სასადილო მდებარეობს, რომელსაც შეფმზარეული - ლუკა ნაჭყებია უძღვება. გამორჩეული დიზაინის, ქართული ტრადიციული და სახლური გემოებით სავსე რესტორანი თქვენს სადილს ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ცეხის სასადილოში შეგიძლიათ შეფის საოჯახო რეცეპტით მომზადებული ხარჩო გასინჯოთ, რომელსაც იდეალურად უხდება დაბრაწული ელარჯი, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ლობიო, ჯონჯოლის, წიწმატის და ხახვის მწნილის გარნირით და ხის სოკო პილპილის საწებლით. სასადილოში გემრიელი დესერტებიც დაგხვდებათ, გირჩევთ ანა პავლოვას სახელობის დესერტი - ბეზე მარწყვით გასინჯოთ.
რაც შეეხება ვახშამს, დღის ბოლოსთვის სავახშმოდ რამდენიმე ადგილს გირჩევთ, მათ შორისაა ნეო-ბისტრო - იაკობის ეზო, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ფიქრის გორაზე, იაკობ ნიკოლაძის 14-ში გაიხსნა. იაკობის ეზოს სასიამოვნო, გამწვანებული გარემო და დიდი ბაღი გამოარჩევს, სადაც განსატვირთად და მეგობრებთან დროის გასატარებლად იდეალური გარემოა. აქ ევროპული და ნაწილობრივ ქართული სამზარეულო დაგხვდებათ, გირჩევთ დააგემოვნოთ ნაზი სიბასი - სეზონური კარტოფილით, ბოკჩოით, ლიმონისა და კარაქის სოუსით, დესერტად კი დაშლილი მარწყვის ტორტი ან შოკოლადის მუსი ალუბლის კონფით დააყოლოთ. იაკობის ეზოში გამოცდილი ბარმენების მიერ დამზადებულ საფირმო, არტიზანულ კოქტეილებსაც დააგემოვნებთ, მენიუში მრავალფეროვანი არჩევანით.
თუკი თბილისის შუაგულში ტრადიციულ ესპანურ ავთენტურ გემოებს ეძებთ, მაშინ ბასკურ რესტორან - Madre-ს უნდა ესტუმროთ, რომელიც მთაწმინდაზე, ბესიკის პარკში, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. თუკი მადრეს სავახშმოდ ეწვევით, შეგიძლიათ ესპანური დელიკატესები - ხამონ იბერიკო, ტაბლა დე ხამონ, იბერიკო ბეიოტა და სხვები გასინჯოთ, ასევე ‘’პინჩო’’ - ესპანური წასახემსებლები, დესერტად კი ჩიზქეიქს გირჩევთ, რომელსაც შემწვარ ატამთან ერთად დააგემოვნებთ. მადრეში კოქტეილების ფართო არჩევანიც დაგხვდებათ, რომლებიც გაჯერებულია ლათინო-ამერიკისთვის დამახასიათებელი არომატებით.
კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი სასიამოვნო ვახშმისთვის არის რესტორანი ‘’ლეიზი’’, რომელსაც შეგიძლიათ ჭავჭავაძის 64-ში ესტუმროთ, თუმცა ‘’ლეიზი’’ დილიდანვე გიმასპინძლებთ და როგორც სპეციალურად ვახშმის, ისე საუზმისა და სადილის მენიუებსაც შემოგთავაზებთ. ‘’ლეიზის’’ მრავალფეროვანი მენიუდან გირჩევთ რიზოტოს კრევეტით ბურბონის და კარაქის სოუსით, ასევე ტალიატელე ლურჯი ყველის და ლიმონის სოუსით და ორაგულის სტეიკი კარაქისა და ხიზილალის სოუსით დააგემოვნოთ. აქვე არ უნდა დაგავიწყდეთ უგემრიელესი ფსტის ბასკური ჩიზქეიქის გასინჯვა, რომელიც აუცილებლად იქცევა თქვენს ერთ-ერთ საყვარელ დესერტად. კერძებთან და დესერტთან ერთად კი შეგიძლიათ რესტორნის საავტორო კოქტეილები მიირთვათ.
დაწერე კომენტარი