ქართული სამზარეულო და ნატურალური ღვინო პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში. ბოლო წლებში ევროპაში არაერთი ქართული რესტორანი გაიხსნა. ამ სტატიაში გაგაცნობთ გამორჩეულ ქართულ რესტორნებს, როგორც ახლახან გახსნილს, ისე წლების მქონე ისტორიით.
Nunuka - ნუნუკა
მადრიდის შუაგულში Nunuka - დახვეწილი, მინიმალისტური და საოჯახო სტილის მყუდრო რესტორანი - მიშლენის გზამკვლევში პირველად 2023-ში, ხოლო წელს მეორედ მოხვდა, რაც ტრადიციული კერძების, მათი ორიგინალური ვარიაციებისა და გამორჩეული გემოების დამსახურებაა. “ნუნუკას” ინტერიერის დიზაინში ბევრ ქართულ ელემენტს შეხვდებით, მათ შორის - რამდენიმე ძველ ნივთს, რომელიც რესტორნის დამფუძნებელმა ესპანეთში საქართველოდან, ბებიის სახლიდან წაიღო. სწორედ მისი ბებიის სახელს - ატარებს მადრიდის შუაგულში მდებარე ქართული რესტორანი. “ნუნუკას” სამზარეულოს შეფმზარეული დავით ნარიმანიშვილის უძღვება, მენიუში ისეთ კერძებს შეხვდებით, როგორიცაა ხარჩო ელარჯით, შქმერული თაშმიჯაბით, თევზის საცივი გურულად და ქართული სალათა კიტრი-პომიდვრითა და კახური ზეთით, რომელიც განსაკუთრებულად უხდება ხაჭაპურს, რომელსაც რესტორანში, როგორც იმერულს, ისე აჭარულს დააგემოვნებთ.
Persimmon's
მადრიდში აგრეთვე შეგიძლიათ ესტუმროთ ახლად გახსნილ ქართულ რესტორანს - Persimmon's, რომელიც ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად, ქვეყნის მეღვინეობასა და ალკოჰოლური სასმელების მომზადების უნიკალურ ტექნიკას ეფუძნება. სპეციალურად რესტორნისთვის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით მზადდება სხვადასხვა სახეობის ღვინო, ასევე ქართული, ძლიერი ალკოჰოლური სასმელი - ჭაჭა, სხვადასხვა ხილის არომატით, მათ შორის - ხურმის, ფეიხოას, კომშის და ყურძნის, რომლებიც ბუნებრივად მოყვანილი და საგულდაგულოდ შერჩეულია. რესტორანი მენიუში ნატურალური ხილითა და ჭაჭით მომზადებულ კოქტეილებსაც აერთიანებს, რომლებიც შეგიძლიათ ქართულ კერძებთან დააგემოვნოთ, იქნება ეს ფხალეული, ბადრიჯანი თუ რესტორნის ქართული ბურგერი.
Kinkally
Kinkally კიდევ ერთი რესტორანია, რომელმაც მიშლენის გზამკვლევის აღიარება მოიპოვა, რესტორანი ქართული კერძის - ხინკლის სახელს ატარებს, ლონდონში მდებარეობს და სტუმრებს მთელი მსოფლიოდან ცნობილი კერძის ინტერპრეტაციით შექმნილ მენიუს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ხინკლის ტრადიციული შიგთავსი ხორცია, რესტორან Kinkally-ში ქართველი შეფმზარეულის, დავით ჭელიძის შექმნილ მენიუში, კერძის სხვადასხვა ვარიაციას შეხვდებით, მაგალითად, ლანგუსტისა და ტარხუნის შიგთავსით, ვაგიუსა და ქლიავის სოუსით, მიდიებითა და შემწვარი პრასით. რესტორნის გამორჩეული ნაწილი ინტერიერის დიზაინია, რომელიც შთაგონებულია ხინკლის დაბადების ადგილით - კავკასიონის მთებით. ქვის ფასადისა და მაღალი ფანჯრების მიღმა არსებული ინტერიერი ბუნებრივი მასალებითა და ნეიტრალური ფერებით არის შექმნილი და ხის ავეჯითაა გაფორმებული. ინტერიერის ნაწილია ღია სამზარეულოს ასიმეტრიული მაგიდა, რომლის მიღმაც კარგად ჩანს კერძების მომზადების პროცესი.
Little Georgia
რესტორანი ‘’პატარა საქართველო’’ 2007 წელს გაიხსნა, დღესდღეობით ის ინგლისში ორი ფილიალით არის წარმოდგენილი - ისლინგტონსა და ჰაკნიში, ორივე მათგანი დახვეწილ, მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს აერთიანებს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ მზარეულების - Michael Gordon-ის, Milton Bryant-ისა და Elisa Brinegarer-ის მიერ მომზადებული ქართული კერძები დააგემოვნოთ, მაგალითად, მწვადი, ტაბაკა, ქოთნის ლობიო, ჩაშუშული და ლობიანი - ლობიოსა და ჯონჯოლის შიგთავსით. რესტორნებში ქართული ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორისაა ტრადიციული ქართული ჭაჭა - „ყურძნის არაყი“. ინტერიერის დიზაინი და დეკორი რეტრო ვინტაჟურ სტილშია გადაწყვეტილი, რომელსაც აფორმებს საბჭოთა პერიოდის პოსტერები და არტეფაქტები.
ლურჯი მელა
რესტორანი ‘’ლურჯი მელა’’ გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მდებარეობს, სადაც საქართველოს კულინარიულ მრავალფეროვნებასთან, ტრადიციულ კერძებთან და საუკეთესო ღვინოებთან ერთად ქვეყნის ხელოვნებას, კულტურასა და სილამაზეს გაეცნობით. რესტორნის გაფორმება, დიზაინი და ავეჯი 1920-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ, სხვა მრავალ საინტერესო და ორიგინალურ დეკორთან ერთად, რესტორანში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ავანგარდისტი მხატვრის - პეტრე ოცხელის ნამუშევრები. რესტორნის მენიუში შეხვდებით ისეთ კერძებს, როგორებიცაა აჯაფსანდალი, წითელი ლობიო ქოთანში, ოჯახური, ჩანახი და შქმერული კეცზე, აქ ასევე შეგიძლიათ ქართული დესერტები - კორკოტი და ფელამუში დააგემოვნოთ.
ბატონი ხინკალი
„ბატონი ხინკალი“ სტუმრებს ამსტერდამში მასპინძლობს, რესტორანი წლების წინ ლევან ცხადაძემ დააფუძნა და დროთა განმავლობაში როგორც ჰოლანდიელების, ისე ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა და მათ ქართული სამზარეულოს გაცნობის საშუალებას აძლევს. მენიუში ბევრ ვეგანურ ან ვეგეტარიანულ კერძს შეხვდებით, იქნება ეს ლობიო, ისპანახი, ფხალეული თუ ბადრიჯანი, თუმცა რესტორნის სახელიც მოწმობს, რომ აქ გამორჩეულ ხინკალს მიირთმევთ, მათ შორის - ხორცის, ყველისა და სოკოსი, რომლებიც ლევან ცხადაძის რეცეპტებით მზადდება, შიგთავსი სხვადასხვა სუნელებით არის გაზავებული, მაგალითად, ყველის ხინკლის გულსართს პიტნა ემატება, რომელიც კერძს დამახასიათებელ გემოს აძლევს.
Supra - სუფრა
რესტორანი და ღვინის ბარი "სუფრა" პარიზში სტუმრებს 2021 წლიდან მასპინძლობს, რომლის გახსნა ნიკა ენდელაძესა და Vincent Lappartient-ს უკავშირდება. კონცეფციიდან გამომდინარე, "სუფრაში" დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის მრავალფეროვნებას, აქ შეძლებთ დააგემოვნოთ მრავალი სხვადასხვა სახეობის ღვინო - რქაწითელი, კრახუნა, ჩხავერი, ქისი, ხიხვი, რომლებიც შეგიძლიათ ფხალეულის სხვადასხვა ვარიაციასთან, ხაჭაპურთან და ხინკალთან ერთად მიირთვათ. რესტორანი ასევე ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საინტერესო მასტერკლასსა და ცოცხალ მუსიკალურ საღამოებს.
Colchide - კოლხეთი
ქართული რესტორანი “კოლხეთი” პარიზის ერთ-ერთ ცნობილ უბანში, ქალაქის მე-18 ოლქში მდებარეობს და 2013 წლიდან სტუმრებს ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციას, კულტურასა და ისტორიას უზიარებს. საოჯახო სამზარეულო მეგობრულ გარემოსა და ქართულ კერძებზეა ორიენტირებული. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ საქართველოში დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები, იქნება ეს საფერავი, ფიროსმანი, მუკუზანი, ქინძმარაული თუ სხვა. რაც შეეხება კერძებს, რესტორანში დააგემოვნებთ სხვადასხვა ქართულ კერძს - ნიგვზიან ბადრიჯანს, ხაჭაპურებს, ქაბაბსა და მწვადს კეცზე, კუპატსა და ჩაშუშულს, დესერტებში კი შემწვარი მსხალი, მაწონი და ფელამუშია წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი