ქართულმა მოდის სახლმა Situationist-მა პარიზის მოდის კვირეულზე ახალი, 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება კვირეულის დასკვნით დღეს Cordeliers-ის ისტორიულ დარბაზში გაიმართა და მატილდა გვარლიანმა გახსნა. ქართველმა მოდელმა ჩვენებაზე ახალი კოლექციიდან ორი განსხვავებული ლუქი მოირგო. ირაკლი რუსაძის Situationist, რომელიც წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე სეზონია პარიზის მოდის კვირეულის განრიგში უცვლელ ადგილს იკავებს და ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც წელს კვირეულის ოფიციალურ კალენდარში მოხვდა. 

Situationist-ის 2026 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია ტყავის სამოსი - კლასიკური პიჯაკები და შარვლები, კაბები, ქურთუკები, პალტოები და თრენჩები, რომელთაც ორიგინალური, სკულპტურული ფორმები და საინტერესო კომბინაციები გამოარჩევს, მათ შორის ხშირია ტყავისა და ბეწვის კონტრასტული შეხამება. კოლექცია ძირითადად გადაწყვეტილია შავ, თეთრ, ნაცრისფერ და წითელ ფერებში, ვხვდებით ბორდოსფერ და ცისფერ დეტალებსაც, ასევე ხშირად მეორდება შავ-თეთრი პრინტით გაფორმებული სამოსი.