ლონდონის ლეგენდარული სასტუმრო Claridge’s ყოველწლიურად მოდის სახლებთან თანამშრომლობით საკუთარ დღესასწაულს ქმნის, რომელიც საშობაო ფერებით გაბრწყინებულ ქალაქს კიდევ უფრო მეტ სადღესასწაულო ატმოსფეროს სძენს. 

წლების განმავლობაში ლეგენდარული სასტუმრო Dior-თან, Karl Lagerfeld-თან, Burberry-სთან, Christian Louboutin-სა და Jimmy Choo-სთან თანამშრომლობას ითვლის. ამჯერად, საშობაო ნაძვისხის განსხვავებული ინტერპრეტაციისათვის სასტუმრომ ფრანგულ მოდის სახლთან, Louis Vuitton-თან ითანამშრომლა და სტუმრებს მოგზაურობის ხელოვნებით შთაგონებული დეკორაციით შეხვდება. 

საახალწლო თემატიკის გარშემო გაერთიანებულ ორ უდიდეს კომპანიას მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს.  გარდა იმისა, რომ ორივე მათგანი 1854 წელს გაიხსნა, განსხვავებული კონცეფციისა და დანიშნულების მიუხედავად, ფრანგული მოდის სახლი და ლონდონში მდებარე სასტუმრო მალევე დაუკავშირდა ერთმანეთს. Louis Vuitton-ის მომხმარებლებს პარიზის მაღალი ელიტის წევრები წარმოადგენდნენ, რომლებიც Claridge’s-ს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ. ამასთან ერთად, 1885 წელს Louis Vuitton-მა  ლონდონში პირველი მაღაზია სწორედ Claridge’s-ის კუთხეში გახსნა, რის გამოც სასტუმროს ვიზიტორები ბრენდის აქტიური სტუმრებიც ხდებოდნენ. ბრენდისა და სასტუმროს ასეთი დაახლოება იმ დროს კი Louis Vuitton-ის ლეგენდარულმა ჩემოდანმა, Trunk-მა განაპირობა, რომელიც ბაზარზე გამოჩენიდან ძალიან მალე მდიდრული მოგზაურობის სიმბოლოდ იქცა. შესაბამისად, სასტუმროს დამსვენებლებს შორის მუდმივად იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოგზაურობისათვის გამზადებულ ნივთებს ფრანგული მოდის სახლის მიერ შექმნილი კულტად ქცეული ჩემოდნით ატარებდნენ. 

2023 წლის Louis Vuitton-ის მიერ შექმნილი ნაძვისხე 15 ვერტიკალურად განლაგებული, სხვადასხვა სიმაღლის ქრომირებული ე.წ. ტოტისაგან შედგება. თუმცა, ამჯერად ნაძვისხის ტოტებს თავად ბრენდის ცნობილი ჩემოდანი წარმოადგენს. ტრადიციული ვიზულიასგან სრულიად განსხვავებული ნაძვისხე სასტუმროს ჰოლში მდგარ უზარმაზარ Louis Vuitton-ის ჩემოდანშია განთავსებული. 


ფოტო: Harper’s Bazaar