The Fairmont Express - ასე ეწოდება კანადაში, კერძოდ, ვიქტორიაში მდებარე უძველეს სასტუმროს, რომელსაც ხშირად The Empress Victoria-ს სახელით მოიხსენიებენ. 

image00006.jpeg 1.74 MB

თავდაპირველად, შატოს სტილის სასტუმრო 1908 წლის 20 იანვარს გაიხსნა. ფრენსის რატენბერის მიერ Canadian Pacific Hotels-ის დაპროექტებული სასტუმრო სარკინიგზო კომპანიის ორთქლის გემების ხაზისათვის ტერმინალი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მას შემდეგ რაც რკინიგზამ ქალაქში სამგზავრო მოგზაურობა შეწყვიტა, სასტუმრო ტურისტებისათვის განკუთვნილ კურორტად გაიყიდა. 1920-იანი წლებიდან ვიქტორია ტურისტული თავშეყრის ადგილად გადაიქცა. რატენბერის მთავარი გეგმა 7-სართულიანი სასტუმროს აშენება იყო, რომელიც კვებეკში მდებარე Chateau Frontenac-ის მსგავსი იქნებოდა. არქიტექტორმა სასტუმროს დიზაინისათვის ფრანგული რენესანსის ელემენტები გამოიყენა, რომელიც იდეალურად ერწყმოდა ჩინურ მოტივებს. 1904 წლიდან The Empress-ზე მუშაობის შემდეგ, 1907 წელს ფრენსის რატენბერი გაათავისუფლეს და მისი ადგილი Canadian Pacific Hotels-ის მთავარმა არქიტექტორმა, უილიამ საზერლენდ მაქსველმა დაიკავა. ორი არქიტექტორის მუშაობის შედეგად შექმნილი სასტუმრო ქვითა და აგურით იყო მოპირკეთებული, ამასთან, საძინებლები ნეოგოტიკურ სტილში იყო გადაწყვეტილი, თუმცა ინტერიერში თანამედროვე არქიტექტურული სტილის ელემენტებიც ჭარბობდა. 

სასტუმროს სახელწოდება დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად ეწოდა. გახსნიდან 20 წლის თავზე კი, 1928 წელს The Empress Victoria-ს გაფართოება გახდა საჭირო. წლების განმავლობაში ინგლისის სამეფო ოჯახისა და სხვა არაერთი ისტორიული ფიგურის სტუმრობის მიუხედავად, სასტუმროს 1960 წლამდე შესაბამისი აბრა არ ჰქონდა, რომელიც სტუმრებს მისი სახელწოდების შესახებ ამცნობდა. 1965 წლიდან აქტუალური გახდა მწვავე დებატები სასტუმროს დანგრევისა და მის ნაცვლად, თანამედროვე, განახლებული, მრავალსართულიანი სასტუმროს აშენების შესახებ, თუმცა პრესა საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ The Empress Victoria-ს დანგრევა ქალაქის ტურისტული მომავლის განადგურებას ნიშნავდა, რადგან სწორედ ამ სიძველის ბრწყინვალე რელიკვია რეგიონის მექა და გული იყო. 1966 წლის 10 ივნისს სასტუმროს მფლობელებმა მისი განახლების გადაწყვეტილება მიიღეს, რისთვის 4 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო. რეკონსტრუქციის პროცესს კი Operation Teacup ეწოდა. 

 რაც დრო გადიოდა, სასტუმროს განახლებასა და თანამედროვეობასთან მიახლოებისათვის სულ უფრო მეტი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა. 1989 წელს 45 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა მისი რეკონსტრუქციისათვის, რაც სასტუმრო ოთახების გარემონტებას, ჯანმრთელობის კლუბისა და დახურული საცურაო აუზის გახსნას გულისხმობდა. რესტავრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, Canadian Pacific-მა სასტუმროები მათი ქონებისაგან გამიჯნა და შედეგად,  The Empress Victoria Fairmont Hotels & Resorts-ის მფლობელობაში გადავიდა. 


 The Empress Victoria 464 ნომერს აერთიანებს - მათ შორის - ლუქსს ნომრებსაც, რომლებიც სასტუმროს თითქმის მთელ ტერიტორიაზეა განთავსებული. მდიდრულ სასტუმრო ნომრებთან ერთად, The Empress-ის სტუმრებს ადგილზე რამდენიმე სახის რესტორანი - Lobby Lounge, Q at the Empress Restaurant და Q Bar  ხვდებათ, სადაც გურმანებს განსხვავებული სამზარეულოებისა და კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. თითოეული რესტორანი 2017 წელს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ინტერიერის დიზაინის კომპანიის, Puccini Group-ის მიერ გადაკეთდა. რესტავრაციის შედეგად რესტორნებში მეწამული ფერები და სხვადასხვა ტექსტურისაგან დამზადებული ჭაღები ჭარბობს. Q at the Empress-ში სტუმრებს ტრადიციული წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ, ხოლო Q Bar საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად იდეალური ადგილია. სტუმრებს ადგილზე pièce de résistance-ც ხვდებათ, სადაც 1908 წლიდან ტრადიციად ქცეული შუადღის ჩაის მირთმევაა შესაძლებელი. 

 სასტუმროს ტერიტორიაზე სპა ობიექტი - Willow Stream Spa  მდებარეობს, რომელიც ფინურ საუნას, მინერალურ აუზს და რელაქსაციისათვის აუცილებელ მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს. გარდა ამისა, ადგილზე ფუნქციონირებს ფიტნესკლუბიც, სადაც სტუმრებს სრული აღჭურვილობა დახვდებათ. 

კანადის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური სასტუმრო, დახვეწილი და მოკრძალებული ინტერიერით, ვიქტორიას ნავსადგურის შესანიშნავ ხედებით ტკბობის საშუალებასაც იძლევა. რეგიონის საკულტო სასტუმრო 1981 წლიდან კანადის ეროვნული ისტორიული ძეგლების სიაში შედის, მისი სტუმრობით კი როგორც მაღალი კლასის სასტუმროს, ისე კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობის დათვალიერების საშუალებას იძლევა.