,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა / Georgian Music Legacy Collection” ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის ფირფიტებზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომლის ფარგლებში დღესაც ფასეული და თანამედროვე მუსიკალური და კულტურული ღირებულების მქონე 90-იანი წლების ალბომები ცოცხლდება. ,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა და უკვე კოლექციაში ექვსი სრული გამოცემა და ფირფიტაა შესული. ახალი, მეექვსე გამოცემა Afternoon Version-ის ალბომს - Together-ს მოიცავს, რომლის შესახებ ვრცლად მოგვიყვება პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ნათია სართანია, რომელიც ასევე მუსიკისა და დიზაინის სკოლის, „შემოქმედებითი განათლების სტუდიის“ (CES) და CES Records-ის დამფუძნებელია და ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ისტორიას ქმნის. მოგვიყევით ,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის" ფარგლებში წარდგენილი მეექვსე გამოცემის შესახებ, რომელიც კიდევ ერთ, 90-იანების ეპოქის ალბომს ახალ სიცოცხლეს სძენს.
,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის" ფარგლებში გამოდის ალბომები, რომელიც შექმნილია ადრეული 90-იანების ან გვიანი 80-იანი წლებიდან მოყოლებული, დაახლოებით 2005 წლამდე, რადგანაც ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩამოიშალა ყველაფერი, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ არ ფუნქციონირებდა არცერთი ინდუსტრია, შეუძლებელი იყო ალბომებისა და ფირფიტების გამოცემა, თუმცა ამ პერიოდში იქმნებოდა უნიკალური, თავისუფალი მუსიკა და სწორედ ამ ეპოქაში შექმნილი მუსიკაა ჩვენს ფოკუსში. ფორმატი კი არის ალბომები ფირფიტაზე, რომელსაც ყოველ 3 თვეში ვუშვებთ. ეს უკვე ჩვენი მეექვსე გამოცემაა წელიწად-ნახევარში, რომელიც 1 თვის წინ გამოვუშვით. ბოლო ალბომი არის 90-იანი წლების -1994 წელს დაფუძნებული, გამორჩეული ქართული ბენდის - Afternoon Version-ის 2000 წელს შექმნილი ალბომი - Together, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე და ინოვაციური ჟღერადობით. ქართული ალტერნატიული ელექტრონიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ჩანაწერი ,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის" ფარგლებში ფირფიტის ფორმატზე გამოიცა. იმ დროს, როცა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო შეუძლებელი იყო მუსიკალურ კარიერაზე ფიქრი, ბენდი დაიშალა და თითოეული მათგანი სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს კი, ამდენი წლის შემდეგ, ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ Afternoon Version ისევ შეიკრიბა და რამდენიმე დღის წინ კონცერტი გამართა.
რით არის ახალი გამოცემა განსხვავებული?
მაგალითად, წინა გამოშვება იყო ,,შავი პრინცისა და ძებნილების’’ ალბომი, რომელიც სრულიად განსხვავებული ჟანრია და გახლდათ პირველი ჰიპ-ჰოპ ალბომი, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ყველა ახალი გამოცემა არის სრულიად უნიკალური, ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეული, სხვადასხვა არტისტებისა და ბენდების ალბომები, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო ერთმანეთთან, გარდა დროისა. ვცდილობთ, მაქსიმალურად სხვადასხვა ჟანრი წარმოვადგინოთ.
როგორ შეიქმნა ფირფიტების დიზაინი?
ბოლო გამოშვების ფირფიტის დიზაინი ბენდის სოლისტს ეკუთვნის, მისი გადაღებული ფოტოა და თავიდანვე ამ ალბომს ჰქონდა იგივე ქავერი. ვცდილობთ, რომ ალბომებს, რომლებსაც აქვთ ქავერი წლების წინ შექმნილი, პირვანდელი სახე სრულად შევუნარჩუნოთ და არ შევეხოთ. გამოგვიცია ალბომი, რომელსაც არ ჰქონდა ქავერი და ჩვენ შევქმენით, მაგრამ რომელსაც აქვს, შეუცვლელად ვიყენებთ.
სად შეგვიძლია შევიძინოთ ,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის" მეექვსე გამოცემა?
ფირფიტის შეძენა შეგიძლიათ Vodkast Records-ში, რომელიც ფაბრიკაში მდებარეობს, Morevi Records-ში. თუკი ბათუმში ხართ, Clime-ში და ჩვენს ბედქემფზე, ონლაინ.
როგორ ვითარდება ,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა”, რამდენად გამართლდა თქვენი ჩანაფიქრი და აღწევთ თუ არა მიზანს, რომელიც შექმნისას გქონდათ?
ვფიქრობ, გამართლდა 100 პროცენტით და ალბათ მისმა მნიშვნელობამ გადააჭარბა კიდეც ჩემს მოლოდინს. მთელი ხიბლი ისაა, რომ რაც უფრო მეტ ალბომს ვუშვებთ და რაც უფრო გადის დრო, არქივი გროვდება და ივსება მრავალფეროვანი კოლექციით. დღეს უკვე ისეთი გულშემატკივრებიც გვყავს, რომლებიც თავიდანვე, პირველივე ალბომიდან მოგვყვებიან და აგროვებენ ყველა ფირფიტას, რასაც გამოვცემთ. არქივი ინახავს და შეინახავს უნიკალურ მუსიკას, რადგან არ ვჩერდებით და ყოველ სამ თვეში ახალ ალბომს გამოვცემთ.
რას გვეტყვით დღევანდელ, ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე, თქვენი აზრით, რამდენად შეინიშნება ზრდა და ცვლილებები გასულ წლებთან შედარებით?
დღევანდელი, მუსიკალური ინდუსტრია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება საქართველოში, რაც ძალიან სასიხარულოა. არის უკვე ქართული სადისტრიბუციო კომპანიები, არტ მენეჯმენტის კომპანიები, სკოლები, კლუბები და ვენიუები, თავად არტისტები, რომლებსაც უდიდესი როლი აქვთ განვითარებაში. მგონია, რომ სწრაფი ტემპით ვეწევით გლობალურ მუსიკალურ ინდუსტრიას.
როგორც დააანონსეთ, პროექტის ფარგლებში, წელს მსმენელს საინტერესო გამოცემებს კიდევ უმზადებთ. რას უნდა ველოდოთ შემდეგ გამოცემებში?
კურსი ზუსტად იგივე იქნება, ალბომების შესახებ უკვე ვიცით, თუმცა ამას წინასწარ არ ვამბობთ ხოლმე. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ შემდეგი ალბომი მოიცავს 90-იანი წლიდან 2005 წლამდე ქართულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ მუსიკასა და მუსიკოსებს.
პროექტის ფარგლებში, 90-იანი წლების ალბომებს აცოცხლებთ და მელომანებს სთავაზობთ წლების წინ შექმნილი მუსიკა ფირფიტაზე მოისმინონ. რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ ეპოქაში შექმნილი მუსიკა?
მე სწორედ 90-იანი წლების თაობა ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ვცხოვრობდი და ვსუნთქავდი თავიდან ბოლომდე იმ ეპოქის მუსიკით. 90-იანების მუსიკოსები დღეს ხშირად იხსენებენ, რომ ძალიან ბნელ, რთულ დროს მუსიკა იყო ერთადერთი, რითაც ირჩენდნენ თავს და მეც ზუსტად ის ადამიანი ვარ, რომელიც მორალური და ფსიქოლოგიური გადარჩენის გზად მუსიკას ვხედავდი. თავიდან ბოლომდე მესმის, ვგრძნობ და ვიცი, რამხელა მნიშვნელობას და თავისუფლებას გვაძლევდა მუსიკა იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავით...
მუსიკალური კარიერის შექმნა ადრეული ასაკიდან დაიწყეთ და რაც დრო გავიდა, მნიშვნელოვნად განავითარეთ. გაიხსენეთ, როდის და როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები და შექმენით თქვენი მუსიკალური კარიერა?
მაშინ ხუთი წლის ვიყავი, ბებია პიანისტი იყო და მისი დახმარებით ფორტეპიანოზე დაკვრა დავიწყე, მას შემდეგ სცენაზე ვიყავი, როგორც კლასიკური პიანისტი - ეს იყო ჩემი პირველი მუსიკალური კარიერა და დასაწყისი ძალიან პატარა ასაკში. დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როდესაც რადიოს დიჯეი გავხდი, შემდეგ ლონდონში წავედი და მოკლედ რომ ვთქვა, სულ ვმუსიკოსობ, თუმცა პროფილს ხშირად ვიცვლი. დღეს ორი მუსიკალური ლეიბლის დამფუძნებელი ვარ, მაქვს პირველი ელექტრონული მუსიკის სკოლა და ვცდილობ იმასაც, რომ ჩემი მუსიკა ვწერო.
თქვენი დაფუძნებული მუსიკისა და დიზაინის სკოლა - Creative Education Studio წლებია ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, საინტერესო კურსების გავლით მუსიკალური განათლება მიიღონ. მოგვიყევით თქვენი სკოლის შესახებ, სადაც ცოდნას აზიარებთ და მუსიკალური განათლების კერას ქმნით.
სკოლა დაახლოებით 12 წლის წინ დავაფუძნე, დავიწყეთ ერთ პატარა სტუდიაში, ახლა უკვე მესამე ადგილას ვართ - ფაბრიკაში და გვაქვს ხუთი სტუდია. ფანტასტიკურად ვვითარდებით, ჩვენი კომუნა იზრდება და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური აუდიტორია გვყავს ჩვენს ქვეყანაში, ახალგაზრდები მოდიან და ვქმნით ჯანსაღ, შემოქმედებით გარემოს. გვემატება საინტერესო კურსები, ჩვენი მიზანი თავიდან უფრო ტექნიკური, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მუსიკის შექმნა იყო, თუმცა უკვე 3-4 წელია ვზრუნავთ იმაზე, რომ განვავითაროთ ის მიმართულება, რაც დღეს სჭირდება ინდუსტრიას და შემოვიტანეთ ისეთი კურსები, როგორიცაა მუსიკის ჟურნალისტიკა, მუსიკის ბიზნესის მენეჯმენტი და ასე შემდეგ. ჩვენს ბაზარზე შეიქმნა არაერთი პლატფორმა და CES Records, თავისთავად, რომელიც 5 წელია არსებობს და განსაკუთრებით უწყობს ხელს ჩვენი სტუდენტებისა და მათი მუსიკის პოპულარიზაციას.
თქვენი შემოქმედებისა და კარიერის თანმდევი ნაწილი მუდმივი განვითარება და სიახლეების დანერგვაა, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები მუსიკალურ სფეროში?
ამ ეტაპზე ძალიან ბევრი საქმე გვაქვს როგორც CES Records-ში, ისე სკოლაში. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას პროექტზე - ,,ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა". რა თქმა უნდა, ყოველი მათგანის მუდმივი განვითარება და ზრდა არის ჩემთვის პრიორიტეტული და ძალიან მნიშვნელოვანი, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვმუშაობთ და სამომავლოდაც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.
დაწერე კომენტარი