სამხრეთ ტიროლში, იტალიის ალპებში, Vigiljoch-ის მთაზე დამსვენებელს ეკომეგობრული Vigilius Mountain Resort მასპინძლობს, სადაც მისასვლელი ერთადერთი ტრანსპორტი  საბაგიროა, რომელიც პირველად 1912 წელს გაიხსნა. ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე სასტუმრო იდეალურად ერწყმის იტალიური ალპების ლანდშაფტსა და ბუნებას. 

არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა - მატეო თუნმა ბუნებასთან მაქსიმალური კავშირისთვის გამოიყენა „ორგანული არქიტექტურის“ პრინციპები და მასალები -  ტრადიციული ადგილობრივი ხის კონსტრუქციების ხელახალი ინტერპრეტაციები - ქვა, თიხა და მინა. სასტუმროს დიზაინი ნეიტრალური, თბილი ფერებით, მაქსიმალური სიმარტივით გამოირჩევა, ყველა დეტალში კი ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა იგრძნობა. 

დამსვენებლისთვის სულ 41 ნომერია, მათ შორის - 6 ლუქსი, ყოველ მათგანს აქვს მინის დიდი ფანჯრები, რაც იძლევა ალპური გარემოს, ხედებით ტკბობის საშუალებას. ოთახები მინიმალურად არის დეკორაციებით დატვირთული, კედლებზე ვერ შეხვდებით ნახატებსა და ნამუშევრებს. თითოეული ნომრის მარტივი დიზაინი შექმნილია იმისათვის, რომ დამსვენებელმა შეძლოს ბუნებასთან კავშირი. თიხის კედლები კი ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს ინარჩუნებს. 

სასტუმროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  Aquiléia Spa-ს, რომელიც აუზს, საუნას, ორთქლის აბაზანებსა და მედიტაციის ოთახებს მოიცავს. სპა პროცედურები აკავშირებს სამხრეთ ტიროლის მთების უნიკალურობასა და შორეული აღმოსავლეთის ხელოვნებას. გარდა მრავალი სახეობის მასაჟისა, სპა სტუმრებს სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც სთავაზობს.

Stube Ida სამხრეთ ტიროლის კულინარიული ტრადიციებით შთაგონებულ სამზარეულოს, ხოლო რესტორანი - 1500 საერთაშორისო კერძებს სთავაზობს სტუმრებს. ორგანული, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებული კერძების მირთმევა სტუმარს პანორამული ხედების ფონზე შეუძლია.

უნიკალური ბუნების გასაცნობად დამსვენებლებს საშუალება აქვთ სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ, მაგალითად, ჯგუფურ ლაშქრობაში, გარე სავარჯიშო გაკვეთილებში, იოგას, პილატესის, Qi Gong-ის სესიებში, ველოსიპედებით სეირნობასა და ტყის დათვალიერებაში, ზამთრის სეზონზე კი სასტუმროს მიმდებარედ სათხილამურო ზონა იხსნება. სასტუმრო ხშირად მასპინძლობს ადგილობრივ მუსიკოსებს  სასიამოვნო საღამოებისთვის და სტუმრებისთვის ტრადიციული კულტურის გასაცნობად.


ფოტოების წყარო: Vigilius Mountain Resort