ცნობილი რეპერი და დიზაინერი – Tyler, the Creator და Louis Vuitton-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ფარელ უილიამსი ახალი კოლაბორაციული კოლექციით გაერთიანდნენ. ფრანგული მოდის სახლისთვის Tyler, the Creator-მა Capsule კოლექცია შექმნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 21 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ფარელ უილიამსსა და ტაილერს ერთმანეთთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, უილიამსის 2022 წლის სინგლი, სახელწოდებით "Cash In Cash Out" სწორედ მათი თანამშრომლობის შედეგია, ტაილერის დისკოგრაფიაში რამდენჯერმე შეხვდებით ფარელს, თუმცა “Louis Vuitton Spring 2024 Men’s Capsule by Tyler, The Creator” მათი პირველი სრულფასოვანი კოლაბორაციაა მოდის ინდუსტრიაში.
როგორც შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს თანამშრომლობა უნიკალურია Louis Vuitton-ისთვის, რადგან LVERS ფილოსოფიისა და ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა.
ტაილერი შეუერთდა იმ არტისტების სიას, რომლებმაც შექმნეს საკულტო Louis Vuitton-ის მონოგრამული ჩანთის საკუთარი ვერსიები და ახალი ინტერპრეტაციით შექმნილ ჩანთას ‘’Craggy Monogram’’ ეწოდა, რომელიც პასტელის ფერებშია წარმოდგენილი.
ახალ კოლექციაში შეხვდებით გოლფის ჯვარედინ, ასევე სამოგზაურო, ჭადრაკის ფორმის დიზაინის ჩანთებს.
ტაილერმა, როგორც დიზაინერმა, Golf Wang-ისა და Golf Le Fleur-ისთვის შექმნა სამოსი, რომლის ჩაცმა თავადაც სურდა და ამავე პრინციპით იმუშავა Louis Vuitton-ისთვისაც, მისი შთაგონება იყო შეექმნა კოლექცია, რომელსაც ყოველთვის და ყველგან სიამოვნებით ატარებდა.
შესაბამისად, კოლექცია საკუთარ სტილს მოარგო და წარმოადგინა ნაქსოვი კრიკეტის სვიტერები, მოკლე ჟილეტები, ქურთუკები, კლასიკური შარვლები და ბერმუდის შორტები, რომლითაც მას ხშირად ვხვდებით დაჯილდოებების ცერემონიებზე.
ფოტოების წყარო: Louis Vuitton, GQ
დაწერე კომენტარი