ქალაქის ყოველდღიური ხმაურის ბუნების ხმებით ჩასანაცვლებლად, კაკაოს კორომებისა და მარცვლების შესასწავლად, სენტ-ლუსიას ტროპიკულ ტყეში, 140 ჰექტარზე გაშენებულ კაკაოს ფერმაში Rabot Hotel მდებარეობს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, საკულტო - Petit Piton-ის ხედებით. 2011 წელს ფერმიდან გარდაქმნილი სასტუმრო ბრიტანულ ბრენდს - Hotel Chocolat-ს ეკუთვნის და უძველეს, 1745 წლით დათარიღებულ ისტორიას ინახავს, როდესაც აქ საცხოვრებელი სახლი კაკაოს კორომებში იყო ჩაშენებული.

Phil Buckley-ის არქიტექტურით და მისივე ინტერიერის დიზაინით Terry Moore-თან ერთად, სასტუმროში 25 კოტეჯი შეიქმნა, ხის ჭერით, ქვის კედლებითა და ნათელი დიზაინით, თითოეულ მათგანს დახრილი ხის სახურავები, გარე საშხაპეები და ჟალუზები აქვს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ბუნებრივ ნაკადს და მზის შუქით ნომრის ბუნებრივად განათებას.

ინტერიერის დიზაინი მინიმალისტური და მყუდროა, სკანდინავიური სტილის ელემენტებით, სასტუმროს ოთახებს მხოლოდ სამი კედელი აქვს, რაც ქმნის სივრცეს, კარიბის ზღვისა და მთების ხედებით.

სასტუმროს გამორჩეული ნაწილი რესტორანია, რომელსაც მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ სანახაობრივი გარემოსა და ექსკლუზიური მენიუს გამო. Rabot Estate-ს კონცეფციიდან გამომდინარე, თითოეული კერძი კაკაოს შთაგონებით იქმნება, მზარეულები იყენებენ მას, როგორც სანელებელს, უმატებენ ყველა კერძს, თევზითა და ხორცით დაწყებული, ბოსტნეულითა და ხილით დამთავრებული, რაც ქმნის კერძების ბუნებრივ, საინტერესო ჰარმონიას.

Beauté de Cacao Spa-ში ანტიოქსიდანტებითა და სასიცოცხლო მინერალებით მდიდარ კაკაოს მარცვლებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. სპა დამსვენებელს მრავალფეროვან მასაჟს სთავაზობს, რომლებშიც კაკაოს ვარიაციებს, პიტნასთან, ვარდთან, დარიჩინსა და სხვა მცენარეებთან თუ ყვავილებთან შეხვდებით. გარდა მასაჟებისა, სპაში ბევრი გამაჯანსაღებელი პროცედურაა, მაგალითად, Rabot Beauty Cacao & Kaolin Clay - სხეულის თერმული ნიღაბი, რომელიც შთაგონებულია სენტ-ლუსიას ცნობილი გოგირდის წყაროებით და დამზადებულია კაოლინის თიხის მდიდარი მინერალებით. 

შოკოლადის და კაკაოს მოყვარულებს სასტუმრო საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს - დამსვენებელს შეუძლია ტროპიკული ტყის კორომები დაათვალიეროს, გაეცნოს, როგორ იქმნება შოკოლადი კაკაოს მარცვლებიდან, დააგემოვნოს ახლად მოკრეფილი რბილობი და საკუთარი ხელითაც დაამზადოს შოკოლადის ფილა. ტროპიკულ ტყეში შეხვდებით მრავალი სახეობის ციტრუსს, ქოქოსს, მანგოს და სხვა ხილს, აღმოაჩენთ უნიკალურ ფლორასა და ფაუნას.

გარდა Project Chocolat-ის აქტივობებში ჩართვისა, შეგიძლიათ ადგილობრივ ბაზარში გაისეირნოთ, რითაც ადგილზე მოყვანილ, მდგრადი პროდუქტებს გაეცნოთ. ასევე სასტუმროს ნავით შეგიძლიათ კარიბის ზღვის ულამაზესი გარემო და ველური ბუნება აღმოაჩინოთ. Rabot Hotel-იდან რამდენიმე ასეული მეტრის ქვემოთ კი ორი სანაპირო - Anse Chastanet და Anse Mamin მდებარეობს, სადაც სასტუმროს დამსვენებლების განკარგულებაშია შეზლონგები ქოლგებით, ბარი სასმელებით, რესტორნები, კაიაკები და მყვინთავის აღჭურვილობა.


ფოტოების წყარო: The Rabot Estate