Perfect Days - ვიმ ვენდერსის 2023 წლის ფილმია, რომელიც ორი ქვეყნის - იაპონიისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმის პრემიერა 2023 წლის 25 მაისს კანის კინოფესტივალზე, 21 და 22 დეკემბერს კი გერმანიასა და იაპონიაში შედგა, მოიპოვა ეკუმენური ჟიურის პრიზი და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო Kōji Yakusho-სთვის, ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში ოსკარის 96-ე დაჯილდოებაზე. ფილმის სცენარი გარდა ვიმ ვენდერსისა, Takuma Takasaki-საც ეკუთვნის, მთავარ როლს კი Kōji Yakusho ასრულებს.
124-წუთიანი იაპონური ფილმი ტოკიოში მომუშავე დასუფთავების თანამშრომლის - ჰიროიამას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რუტინულ ცხოვრებას მიჰყვება, რასაც მუსიკების, წიგნებისა და ბუნების სიყვარულით ამრავალფეროვნებს. ჰიროიამას მარტოობასთან ბრძოლის მთავარი იარაღი სწორედ ძველი აუდიოკასეტებია, ფილმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ერთ-ერთი მთავარი მოტივია მუსიკა, რომელსაც ჰიროიამა უსმენს, 60-70-იანი წლების ამერიკული და ბრიტანული, კლასიკურ როკი და სოული - Velvet Underground, The Kinks, Otis Redding, Nina Simone, Patti Smith და ამავე პერიოდის იაპონური ფოლკი. ასევე შეხვდებით ორ - Perfect Day სახელწოდების ტრეკს, რომელთაგანაც ერთი ლუ რიდს, მეორე კი Patrick Watson-ს ეკუთვნის და ფილმის სახელწოდებას ემთხვევა.
რუტინულ ყოველდღიურობას მთავარი გმირის გაუცხოებული დის თინეიჯერი ქალიშვილი ნიკო არღვევს, რომელიც მოულოდნელად ჩნდება ჰიროიამას კართან და გადაწყვეტილი აქვს მასთან რამდენიმე დღით დარჩეს. სწორედ ამის შემდეგ ცხადი ხდება, რომ რუტინა ჰიროიამას ცხოვრებისადმი მიზანმიმართული მიდგომაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ თავი დაიცვას წარსული ცხოვრებისგან, რომელშიც მას დაბრუნება არ სურს.
2023 წლის ფილმის გადაღებების დაწყებამდე, მაშინ როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის რეგულაციები შემსუბუქდა, კოჯი იანამ რეჟისორი ტოკიოში მიიწვია, რათა საპირფარეშოების ახალი პროექტი დაეთვალიერებინა, რომლის ფარგლებშიც იაპონური საზოგადოებრივი სველი წერტილები გადაკეთდა და განახლდა 17 ადგილას Shibuya-ში. თავდაპირველად პროდიუსერებმა ჩათვალეს, რომ ვენდერსი ობიექტებზე მოკლემეტრაჟიან ფილმს ან გარკვეულ სერიას გადაიღებდა, თუმცა მას შემდეგ რაც რეჟისორმა თითოეული მათგანი დაათვალიერა, გადაწყვიტა, შეექმნა მხატვრული ფილმი.
ფოტოების წყარო: IMDb, The Hollywood Reporter, Variety
დაწერე კომენტარი