2024 წლის ბერლინალეს კინოფესტივალის სექცია - ,,პანორამა” 15 თებერვალს წარმოშობით ქართველი რეჟისორის - ლევან აკინის ფილმით ,,გზაჯვარედინზე” გაიხსნა, რომელიც ხუთი ქვეყნის კოპროდუქციაა და მოიცავს ქართული კომპანიის - 1991 Productions-ის თანამშრომლობას შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან (French Quarter Film , Easy Riders Films , Adomeit Film, Bir Film, SVT, RMV Film).106-წუთიან ფილმში, რომელიც ქართულ და თურქულ ენაზეა წარმოდგენილი, მთავარ როლებს მზია არაბული, ლუკა კანკავა და დენიზ დუმანლი ასრულებენ.
ფილმი პენსიაზე გასულ მასწავლებელ ლიაზე მოგვითხრობს, რომელიც პირობას დებს, რომ გაარკვევს, რა შეემთხვა მის დისშვილ თეკლას, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. ლია მეზობელი აჩისგან იგებს, რომ შესაძლებელია თეკლა თურქეთში იმყოფებოდეს. თეკლას საძებნელად ლია აჩისთან ერთად სტამბულში მიემგზავრება. ულამაზესი სტამბული სავსეა ახალი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით, მაგრამ იმ ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს სდომებია ვინმეს ეპოვა, ბევრად რთული აღმოჩნდება, ვიდრე ეს ლიას და აჩის ეგონათ. სირთულეები გრძელდება იქამდე, ვიდრე ისინი ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლ ადვოკატს - ევრიმს არ შეხვდებიან. ლია, აჩისთან ერთად, გზას იკვლევს სტამბულის ქუჩებში, თეკლა კი უფრო და უფრო უახლოვდება მათ.ფილმის რეჟისორი - ლევან აკინი დღევანდელი შვედური კინოს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი, რამდენიმე წარმატებული მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა და ასევე ტელესერიალის ავტორია.
მისი ყველაზე გახმაურებული ფილმია - “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომლის პრემიერა 2019 წელს კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა კვირეულის სექციაში (Director’s fortnight) შედგა.
საპროდიუსერო კომპანია - 1991 Productions - 2017 წელს ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძეს მიერ შეიქმნა, რომელიც ევროპული კოპროდუქციის საშუალებით ავითარებს და აწარმოებს ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
კომპანიის უახლესი დოკუმენტური ფილმია “ღიმილიანი საქართველო”, ლუკა ბერაძის რეჟისორობით, რომლის პრემიერა 2023 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ასევე აღსანიშნავია 2020 წლის მხატვრული-დოკუმენტური ფილმი - “დიდება დედოფალს”, რომლის რეჟისორები თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე არიან. ავსტრიასა და სერბეთთან კოპროდუქციით შექმნილი ფილმი იხილეს მსოფლიოს 25-ზე მეტ ფესტივალზე. სურათმა 2021 წელს საქართველოში დაიმსახურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო - ოქროს პრომეთე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის. კომპანია ამჟამად იღებს დოკუმენტურ ფილმებს: “9-თვიანი კონტრაქტი” (რეჟისორი - ქეთევან ვაშაგაშვილი) და “ბერლინელი” (რეჟისორი - ანა ხაზარაძე), ასევე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს - “ცრემლსადენი გაზი” უტა ბერიას რეჟისორობით.
დაწერე კომენტარი