ავსტრიის ქალაქ Bad Gastein-ში, 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სასტუმრო Cōmodo, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, ბუნებასა და კომფორტს. ალპების უნიკალური ხედები, ვინტაჟური ინტერიერის დიზაინი, კრეატიული სამზარეულო, კონცეფციით - ფერმიდან რესტორნამდე და სპა, რომელიც ეფუძნება Gastein-ის თერმული წყლის სამკურნალო თვისებების მრავალწლიან ისტორიას, ქმნის გამორჩეულ გარემოს სამთო კურორტზე დასასვენებლად.
Bad Gastein იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კურორტი ავსტრიის ალპებში, გამორჩეული სამკურნალო წყლებითა და ელეგანტური - Belle Époque არქიტექტურით, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისიდან მრავალმა შენობამ დაკარგა ფუნქცია, მათ შორის - სხვადასხვა ცნობილმა სასტუმრომ. რამდენიმე წლის შემდეგ კურორტი კვლავ აღორძინდა, რომლის ნაწილია სასტუმრო Cōmodo - 1881 წელს აშენებული ნაგებობით, შუასაუკუნეების ესთეტიკით, რომლის დიზაინი შექმნილია მოდერნიზმის, ეკლექტიზმისა და თანამედროვე ხელოვნების შერწყმით.
სასტუმრო დამსვენებელს სულ 70 ნომერს სთავაზობს, რეტრო დიზაინის შტრიხებით, 1960-70-იანი წლების მოდერნისტული სტილითა და ორიგინალური ვინტაჟური ავეჯით. თითოეული დეტალი შთაგონებულია რეგიონის მახასიათებლებით, უმეტესობას აქვს ალპების ხედი და ფართო აივნები. ოთახებში ავსტრიული მარმარილოსგან დამზადებულ კედლებს, ტყავის ტახტებსა და 1970-80-იანი წლების ვინტაჟური ვინილის საკრავებს შეხვდებით.
სასტუმროს ადგილობრივი ავსტრიული სამზარეულო - რესტორანი De Leit ამშვენებს, რომელზეც შეფმზარეული - მაქს ჯენსენი ზრუნავს. განსაკუთრებული აქცენტი ორგანულ ინგრედიენტებზე კეთდება - თანამედროვე ავსტრიული კერძებისთვის ინგრედიენტებს ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლებისგან იღებენ, შესაბამისად, კერძების მენიუ ეფუძნება სეზონებს. ამავდროულად, სასტუმროს ბარი სტუმრებს უმაღლესი ხარისხის Winzersekt-ს ადგილობრივი ვენახებიდან სთავაზობს. რესტორნის ინტერიერის დიზაინი ვინტაჟურ სკამებს, მდოგვისფერ ქსოვილებს, მწვანე მარმარილოს მაგიდებს და ნაცრისფერ ტერაცოს იატაკს მოიცავს.
სასტუმროს მნიშვნელოვან ნაწილს Comodo Spa წარმოადგენს, რადგან Bad Gastein მე-19 საუკუნიდან აღიარებულია სამკურნალო თვისებებით. ამ ადგილს იმპერატორებიც სტუმრობდნენ, მინერალებით მდიდარი აბანოებისა და მრავალფეროვანი ბუნების გამო. სასტუმროს სპა სწორედ ამ საუკუნოვან ისტორიას ემყარება და ტრადიციას უწყვეტად აგრძელებს.
გამაჯანსაღებელ პროცედურებს ინდივიდუალურად არჩევენ სტუმრისთვის და როგორც Saint Charles-ის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების, ისე Gastein-ის სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლის გამოყენებით ატარებენ. მინერალებით მდიდარ წყალს აქვს აღმდგენი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი სახსრებსა და კუნთებზე და ზრუნავს უჯრედების განახლებაზე. სპა გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო ოთახებს, ორ საუნასა და დახურულ აუზს მოიცავს. უძველესი და თანამედროვე სამკურნალო ტექნიკის გაერთიანებაზე კი პროფესიონალი თერაპევტები ზრუნავენ.
ფოტოების წყარო: The cōmodo
დაწერე კომენტარი