1921 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წითელმა არმიამ დაიპყრო და ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა შეიქნა, ქვეყნის დატოვება არაერთ ქართველს მოუწია. ქართველმა არისტოკრატმა ქალებმა - მერი შერვაშიძემ, ანა ჭავჭავაძემ, მელიტა ჩოლოყაშვილმა, ქალიშვილ ლილია ზელენსკაისთან ერთად, და რიმა ერისთავმა თავი საფრანგეთს შეაფარეს და ემიგრაციაში სამოდელო კარიერა წამოიწყეს. დახვეწილი სტილით, გემოვნებით და სილამაზით გამორჩეულმა არისტოკრატებმა კოკო შანელის ყურადღება მიიქციეს და ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლის - Chanel-ის მოდელები გახდნენ. 

მერი შერვაშიძე, რომელსაც XX საუკუნის სილამაზის ქართველ კერპს უწოდებენ, მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო თავისი ელეგანტურობითა და ინდივიდუალიზმით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია არასდროს დადასტურებულა, არისტოკრატი ქალი დღემდე მიიჩნევა გალაკტიონ ტაბიძის მუზად, რომელსაც პოეტმა თავისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ლექსი ,,მერი” მიუძღვნა. მას შემდეგ, რაც მერიმ სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, პარიზში ოჯახთან ერთად გაემგზავრა და ბინა ქალაქის მე-16 უბანში, რიუ დე ლა ტურში დაიდო. შეხვედრა, რომელმაც მერის შანელის მოდის სახლში გზა გაუხსნა, ელისეის კაფეში გაიმართა, სადაც იგი პრინც დიმიტრი პავლოვს შეხვდა, რომელმაც დახმარება შესთავაზა და მეგობართან დააკავშირა. იგი გაბრიელა შანელი აღმოჩნდა და დანახვისთანავე მოიხიბლა მერის სილამაზით. როგორც ცნობილია, შანელის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული მარგალიტის მძივი პირველად პოდიუმზე სწორედ მერი შერვაშიძემ გამოიტანა.

პარიზული მოდის კიდევ ერთი ვარსკვლავი ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი - ანა ჭავჭავაძეა, რომელსაც საფრანგეთისთვის საქართველოს სახელის გაცნობა უკავშირდება. 1924 წელს პარიზში მოდის სახლი ,,იმედი” გახსნა, რომელიც სტილით ,,Caucasien” და ქსოვილით, სახელწოდებით ,,Tiflis”-ით მუშაობდა, ფრანგული ჟურნალები კი აღფრთოვანებით წერდნენ ამ სტილსა და ქსოვილზე. ანას დამსახურებით პარიზის ქუჩებში კავკასიური ორნამენტებით შეკერილი სამოსით მოსიარულე უამრავ ადამიანს შეხვდებოდით. პარალელურად კი თავად დიზაინერი კოკო შანელის ჩვენებებზეც გამოდიოდა, ძალიან ხშირად ჩნდებოდა ფრანგული მოდის სახლის შექმნილი სამოსით, ესწრებოდა სხვადასხვა შეხვედრას და ამბობდა, რომ ეცვა მისი კოლეგის - კოკოს ნაჩუქარი სამოსი… 

IMG_5019.png 893.94 KB
მელიტა ჩოლოყაშვილმა ქალიშვილთან და დასთან ერთად, 1922 წელს წელს დატოვა საქართველო. აღსანიშნავია, რომ როგორც მელიტა, ისე მისი ქალიშვილი - ლილია ზელენსკაია ორივენი იყვნენ შანელის მოდელები. როგორც საველი სორინი ამბობდა, მელიტას მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს, რაც ნაკლებად იყო ფოტოებზე აღქმადი, სწორედ სორინის ეკუთვნის არისტოკრატი ქალის ყველაზე ცნობილი პორტრეტი, რომელიც 1947 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა და ამ დროიდან ნამუშევარი თბილისში, მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. გარდა საველისა, მელიტა კიდევ სხვა მრავალი ხელოვანის მუზა იყო. პარიზში ცხოვრებისას იგი მეგობრობდა მერი შერვაშიძესთან, შანელის მოდელები ხშირად ატარებდნენ დროს ერთად.

მელიტა ჩოლოყაშვილის სამოდელო კარიერა მისმა ქალიშვილმა - ლილია ზელენსკაიამ გააგრძელა, რომელმაც ითანამშრომლა არაერთ ცნობილ და წარმატებულ მოდის სახლთან, გარდა შანელისა, იყო ლუსიენ ლელონგის წამყვანი მოდელი, ხშირად ხვდებოდა ისეთი ფოტოგრაფების ობიექტივში, როგორებიც არიან - სესილ ბიტონი, ჰორსტი, მან რეი და მას 1930-იანი წლების ჟურნალ Vogue-შიც შეხვდებოდით. ლილიას გასაოცარი ქარიზმა არასდროს რჩებოდა ყურადღების მიღმა, მან 91 წელი იცოცხლა და ღრმა სიბერეშიც კი ინარჩუნებდა ელეგანტურობასა და დახვეწილობას.

რიმა ერისთავი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც “Prencesse Rimma Eristoff”. ქალი, რომელიც უმშვენიერესი გარეგნობით, დახვეწილი სტილით, მანერებითა და გემოვნებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა როგორც ქართულ, ისე ფრანგულ არისტოკრატიაში, მას ასევე ჰქონდა საოცარი მუსიკალური ნიჭი. გამორჩეული გარეგნობისა და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, რიმა მოდის სახლებისთვის პრესტიჟული სახე იყო, თანამშრომლობდა არაერთ წამყვან მოდის სახლთან, მათ შორის - შანელთან. იგი მუდმივად დადიოდა მაღალ საზოგადოებაში ცნობილი ბრენდების სამოსით. 


ფოტოების წყარო: Wikipedia, Georgian Journal,  Nplg.gov, Wikimedia