1979 წელს, ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ, არაერთმა კინორეჟისორმა კულტურული ცვლილებების ფონზე დატოვა ქვეყანა, ამ პერიოდში კინოხელოვნება თითქმის სრულად აიკრძალა, კინოთეატრები, გაზეთები და ჟურნალები კი დაიხურა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, აბას კიაროსტამმა ირანში დარჩენა ამჯობინა და 40-ზე მეტი ფილმი გადაიღო, იმ დროისათვის არსებული პოლიტიკური მდგომარეობისა და ცენზურის პარალელურად, შექმნა მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები. 


კიაროსტამი გარდა იმისა, რომ მუშაობდა, როგორც რეჟისორი, სცენარისტი, რედაქტორი და პროდიუსერი, ის ასევე იყო პოეტი, ფოტოგრაფი, ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი. მისი პირველი გამოცდილება მხატვრობა იყო, 18 წლის ასაკში გაიმარჯვა კონკურსში და თეირანის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების სკოლაში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც დაეუფლა ფერწერასა და გრაფიკულ დიზაინს. 1960-იან წლებში კი მუშაობდა, როგორც დიზაინერი და ილუსტრატორი, ქმნიდა პოსტერებსა და რეკლამებს, სწორედ ამ წლებში გადაიღო დაახლოებით 150 რეკლამა ირანის ტელევიზიისთვის და შექმნა საბავშვო წიგნების ილუსტრაციები. 


კიაროსტამის სადებიუტო, პირველი ფილმი 1970 წელს გამოვიდა, სახელწოდებით ,,The Bread and Alley” - თორმეტწუთიანი ნეორეალისტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც სკოლის მოსწავლის აგრესიულ ძაღლთან დაპირისპირებას ასახავს. აღსანიშნავია, რომ კიაროსტამის ფილმებში ძალიან ხშირად შეხვდებით აქცენტს  ბავშვებზე, მათ შორის ფილმში „Where Is The Friend’s Home?”. ფილმის სიუჟეტი რვა წლის ბიჭზე, აჰმედზე მოგვითხრობს, სადაც რეჟისორი მტრულ და სირთულეებით სავსე სამყაროში ბავშვური სიკეთისა და ადამიანობის გამოვლინებას ასახავს. 


1990 წლის ფილმში „Close-up”, კიაროსტამმა ხელოვნება სიყვარულის და შერეული ემოციების გამომწვევ მიზეზად წარმოადგინა, საკუთარი იდეები და აზრი დოკუმენტურ მასალაში ასახა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა კაცს იჭერენ, რადგან თავს ცნობილ ირანელ რეჟისორად - მოჰსენ მაჰმალბაფად ასაღებს. ერთი მხრივ, მძიმე დანაშაული, რეალურად კინოს სიყვარულის ძლიერი გამოვლინებაა, რის გამოც მთავარი გმირი მთელი არსებით იჭრება რეჟისორის როლში. ფილმის დასასრულს კი მთავარი გმირი და რეჟისორი ველოსიპედით ერთად სეირნობენ, რაც ცხადყოფს დამნაშავის გამართლებას.


კიაროსტამის კინოს გარდამტეხი მომენტი 1997 წელს ჰქონდა, როდესაც კანის კინოფესტივალზე ფილმმა, სახელწოდებით  ”Taste of Cherry’’, მთავარი პრიზი - ოქროს პალმის რტო მიიღო. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ ირანული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარადგინეს, რამაც ირანულ კინოს რთული საზღვრები და მნიშვნელოვანი გზა გაუხსნა. 


კანის კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმი - „Taste of Cherry” მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს დაგეგმილი და უდაბურ გზაზე ეძებს ადამიანს, რომელიც გეგმის განხორციელებაში დაეხმარება, არაერთი უარის და ადამიანებში გამოწვეული შიშის შემდეგ, მონახავს მოხუცს, რომელიც ჰპირდება, რომ გეგმის შესრულებაში დაეხმარება და უყვება ისტორიას, რომლის მიხედვითაც მოხუცმა მრავალი წლის წინ გადაწყვეტილი და დაგეგმილი თვითმკვლელობა თუთის გასინჯვის მერე გადაიფიქრა, ისტორია მაყურებელს უცნაურ სითბოსა და სიყვარულს ჰგვრის და სხვადასხვა ადამიანურ ღირებულებაზე აფიქრებს.


მიუხედავად იმისა, თუ რა პირობებში და როგორი მდგომარეობის ფონზე უწევდა რეჟისორს ფილმების შექმნა, მის ვერცერთ ნამუშევარში ვერ შეხვდებით ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო სურათს და პოლიტიკური პრობლემების გამოხატვას.  

IMG_5268.png 48.96 KB
აბას კიაროსტამმა მისი შემოქმედების ბოლო ორი ფილმი ირანის ფარგლებს გარეთ გადაიღო, რეჟისორმა 4-ჯერ მოიპოვა ვენეციის კინოფესტივალის პრიზი და არაერთხელ გახდა ევროპის ქვეყნების კინოაკადემიის პრიზის ლაურეატი.


ფოტოების წყარო: IMDb, The New York Times, Medium