ირლანდიაში, ლიმერიკის საგრაფოს სოფელ ადარში, მდინარე მაიგის სანაპიროზე მე-19 საუკუნის ნეო-გოტიკური ციხესიმაგრე მდებარეობს, რომელიც 2017 წლიდან განახლებული ინტერპრეტაციით ფუნქციონირებს, როგორც - Adare Manor Hotel & Golf Resort, რომელიც 365 ფანჯრით, 52 ბუხრით, შვიდი სვეტითა და ოთხი კოშკით „კალენდარული“ სახლის იშვიათი მაგალითია, რომლის ყოველი კუთხე გაჯერებულია საუკუნოვანი ისტორიით.
Adare Manor Hotel & Golf Resort გარშემორტყმულია შუა საუკუნეების ნაგებობებით, გალავნით შემოსილი ბაღებითა და ტყის ბილიკებით, სასტუმრო მოიცავს 840 ჰექტარ მიწას და გოლფის მოედანს, რომელიც შექმნილია ტომ ფაზიოს მიერ და აერთიანებს თანამედროვეობის შერწყმას ისტორიულ დეტალებთან. სასტუმროს დიზაინზე კი არქიტექტორმა ავგუსტუს პუგინმა იმუშავა, რომელმაც მაქსიმალურად შეინარჩუნა ძველი სამყაროს ექსტრავაგანტურობა.
სასტუმრო, რომელიც დღესდღეობით უამრავ სტუმარს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს, დუნრეივენის გრაფის ყოფილი საგვარეულო სახლია, რაც უფრო საინტერესოს ხდის აქ დასვენებას. დუნრევენის ერთ-ერთი წარმომადგენლის - ლედი კეროლაინის ინიციალები დღესაც ამოკვეთილია ორიგინალურ მარმარილოს ბუხარზე.
დამსვენებლებისთვის სასტუმროში 104 ნომერია, თითოეული მათგანი მე-19 საუკუნის სტილშია მოწყობილი, ხელოვნებითა და Georgian სტილით შთაგონებული ვინტაჟური ავეჯით, უმაღლესი ხარისხის ქსოვილებითა და მარმარილოთი მოპირკეთებული სააბაზანოებით. სასტუმროს ყველა ოთახს ამშვენებს ხედი, რომელიც სიმწვანეში ჩაფლულ ბაღს გადაჰყურებს.
Adare Manor Hotel-ს Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი - Oak Room-იც გამოარჩევს, სადაც მთავარი შეფმზარეული - Michael Tweedie ქმნის სეზონურ მენიუს სტუმრებისთვის, რაც მოიცავს ირლანდიის ტრადიციული ინგრედიენტებით მომზადებულ კერძებსა და ღვინის მრავალფეროვან კოლექციას.
სასტუმროში The Padel Club მდებარეობს, რომელიც სტუმრებს ვარჯიშისა და გართობისთვის სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს. გარდა გოლფის თამაშისა და გაკვეთილებისა, აქ სტუმარს სპორტის მრავალ სახეობაში შეუძლია ჩაერთოს, მაგალითად - ბეისბოლი, ჰოკეი, ფეხბურთი, წყლის ნიჩბოსნობა და პელოტონის ველოსიპედით გასეირნება. გარდა ამისა, Padel Club მოიცავს 17-მეტრიან საცურაო აუზს, საუნასა და ორთქლის ოთახებს. იმისათვის რომ დამსვენებელმა აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ სეზონზე შეძლოს, Padel Club ირლანდიურ ლანდშაფტთან შერწყმული პროექტით არის აგებული, შუშის ფართო და გრძელი ფანჯრებით, გარე ხედებით, რაც გარემოსთან კავშირს ქმნის.
დაწერე კომენტარი