ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის სიყვარული, წყვილის ურთიერთობა მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში და დღემდე ხშირად განსახილველი თემაა. სწორედ მათზე შარშან სოფია კოპოლამ კინოფილმი Priscilla გადაიღო, რომელიც პრისცილას 1985 წლის ავტობიოგრაფიულ ნოველას - Elvis and Me-ს ეფუძნება. ფილმში მთავარ - ელვისისა და პრისცილას როლებს კეილი სპეინი და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ და წყვილის გაცნობის ისტორიიდან მოყოლებული მათ სიყვარულზე, ურთიერთობაზე, ქორწინებასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მოგვითხრობს.
წყვილი ერთმანეთს პირველად 1959 წელს ბად ნაუჰემში შეხვდა, იმ პერიოდში ელვისი ჯარში მსახურობდა და Eagles Club-ს დროის მხიარულად გასატარებლად და გასართობად ესტუმრა, სწორედ ამ დროს იქ 14 წლის გოგონა - პრისცილა ბოლიე იმყოფებოდა, რომელიც მისი ასაკის უამრავი მოზარდის მსგავსად, პრესლის და მისი შემოქმედების გულშემატკივარი იყო. კერი გრანტმა, პრესლის ახლო მეგობარმა გოგონას მომღერალთან შეხვედრა და მისი გაცნობა შესთავაზა.
პრისცილას მშობლებმა, რომლებიც აღფრთოვანდნენ თავიანთი ქალიშვილის ელვისთან შეხვედრის იდეით, გრანტს ნება დართეს, რომ გოგონა მომღერლის სახლში წაეყვანა იმ პირობით, რომ შეხვედრას სხვა ადამიანებიც დაესწრებოდნენ და გოგონა სახლში დაწესებულ დროს დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ კი იწყება უცნაური რომანი - პრისცილა დღეებს სკოლაში, გაკვეთილებზე ატარებს და საღამოს საყვარელ მომღერალს პაემნებზე სტუმრობს. მისი ასაკის გამო წყვილს არ შეეძლო საზოგადოებაში ერთად გამოჩენა, თუმცა დროს მაინც ხშირად ატარებდნენ ერთად.
მას შემდეგ, რაც წყვილმა ოთხი პაემანი გაატარა ერთად, გოგონას მშობლების დაჟინებული თხოვნით, პრესლის შეხვდნენ, რომელსაც ჰკითხეს, თუ რატომ დაინტერესდა მსოფლიო ვარსკვლავი მათი თინეიჯერი ქალიშვილით. ,,მე ძალიან მიყვარს პრისცილა, ის ბევრად უფრო მოწიფულია, ვიდრე მისი ასაკის სხვა გოგონები’’ - როგორც ჩანს, ბოლიეები იმდენად მოხიბლულები იყვნენ როგორც პრესლის შემოქმედებით, ისე მისი საუბრის გამო, რომ თინეიჯერ გოგონას ელვისთან შეხვედრებზე დათანხმდნენ.
დაახლოებით ორი წლის შემდეგ პრესლიმ გერმანია დატოვა და ამერიკაში დაბრუნდა, რის შემდეგაც პრისცილა მას ვარდისფერი კონვერტებით წერილებს უგზავნიდა. მშობლები გოგონას ეუბნებოდნენ, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა და როკ-ენ-როლის მეფე პრისცილას აუცილებლად დაივიწყებდა, თუმცა მალევე დაურეკა და სთხოვა, ლოს-ანჯელესში ჩასულიყო. ასეც მოხდა, გოგონა გაემგზავრა, პრესლიმ მას ერთგვარი სტილი შეურჩია - კოსტიუმები, თმა და მაკიაჟი, მუდმივად მიუთითებდა, რომ მომღერალს ძალიან მოსწონდა ბევრი და დატვირთული მაკიაჟი.
,,ელვისის ცოცხალი თოჯინა”, - ასე ეძახდნენ თინეიჯერ გოგონას, რომელიც მომღერალმა საკუთარ გემოვნებასა და ცხოვრების სტილს მოარგო. წყვილი 1697 წლის 1-ელ მაისს ლას-ვეგასში დაქორწინდა. ელვისის მენეჯერი - ტომ პარკერი მუდმივად წუხდა მოსალოდნელ შედეგებზე, რა მოხდებოდა, თუკი პრესლი გოგონას ცოლად არ შეირთავდა, თუმცა 32 წლის ვარსკვლავმა პრისცილა თითქმის 22 წლისა შეირთო. ქორწილიდან 9 თვეში - 1968 წლის 1-ელ თებერვალს დაიბადა მათი ქალიშვილი - ლისა-მარი პრესლი.
ჯერ კიდევ პრისცილას ორსულობისას ელვისი ღელავდა, თუ როგორ იმოქმედებდა მამობა მის კარიერაზე, რამაც, როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა მეტად დაძაბა, შვიდი თვის ორსულმა პრისცილამ დაშორება მოითხოვა, თუმცა ეს მხოლოდ ძალიან ცოტა ხნით გაგრძელდა და წყვილი ისევ შერიგდა.
1973 წლის 9 ოქტომბერს კი ისინი საბოლოოდ განქორწინდნენ, თუმცა შეინარჩუნეს მეგობრული ურთიერთობა, იზიარებდნენ შვილის მეურვეობას და რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. „მას იმიტომ კი არ დავშორდი, რომ აღარ მიყვარდა, ის ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო. დავშორდი იმიტომ, რომ მინდოდა სამყაროს შესახებ გამეგო“, „ჩემი ცხოვრება მისი ცხოვრება იყო“, „ჩემი პრობლემები - მეორეხარისხოვანი“. - წერდა პრისცილა თავის მემუარებში.
საკმაოდ რთული ურთიერთობა ნათლად ჩანს სოფია კოპოლას ფილმში, ასევე ნახავთ, თუ როგორ ცდილობდა პრისცილა ელვისისთვის თავი მუდმივად მოეწონებინა, რომ მისადმი ინტერესი შეენარჩუნებინა. ისტორიები როგორც ფილმში, ისე პრისცილას წიგნში ზოგჯერ საკმაოდ ემოციურია. 1977 წლის 16 აგვისტოს, როდესაც ელვისი გარდაიცვალა, პრისცილა მემუარებში წერს: ,,ძალიან მინდოდა სიკვდილი’’...
ფოტოების წყარო: Vogue
დაწერე კომენტარი