The Hôtel du Cap-Eden-Roc - სასტუმრო ანტიბში, საფრანგეთის რივიერაზე მდებარეობს, რომელიც 1869 წელს ფრანგული გაზეთის, Le Figaro-ს დამფუძნებელმა - Hippolyte de Villemessant-მა ააშენა. მან შექმნა ვილა მწერალთათვის, რომლებიც ეძებდნენ შთაგონების წყაროს. სასტუმრომ მისი დღევანდელი სახელი და ფუნქცია კი 1889 წლიდან მიიღო.
სასტუმრო ცხრა ჰექტარ პარკს მოიცავს, რომელიც მდებარეობს Cap d'Antibes-ში, კანსა და ნიცას შორის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. მას ელეგანტური ინტერიერი და ვინტაჟური ავეჯი გამოარჩევს, დამსვენებლებისთვის სასტუმროში 119 ნომერია, მათ შორის კი სამი ვილა, ზღვისა და ყვავილების ბაღის ხედებით.
The Hôtel du Cap-Eden-Roc-ში Dior-თან თანამშრომლობით შექმნილ სპას შეხვდებით - საფრანგეთის რივიერასა და ხმელთაშუა ზღვის ცისფერი პალიტრით. სპაში სპეციალურად Dior Spa Eden-Roc-ისთვის შექმნილი ექსკლუზიური თავის მოვლის პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი, რომელსაც The Dioriginels ეწოდება. ამ რიტუალის შთაგონების წყარო ოთხი ელემენტია, რომლებიც სასტუმროს უნიკალურ ხასიათს ანიჭებენ, ესენია - ბაღი, ზღვა, კლდეები და მზე.
სასტუმროში სამი რესტორანი მდებარეობს - Eden-Roc, Louroc - Michelin-ის ვარსკვლავით და Eden-Roc Grill. აქვე შეხვდებით არაერთ ბარს და ლაუნჯს, წვენებისა და ნაყინის მოსამზადებელ კუთხეს და Giovanni's, სადაც მწვანე პერგოლასა და ფიჭვების ქვეშ, ხმელთაშუა ზღვის ხედების ფონზე, შეგიძლიათ ავთენტური, იტალიური კერძები დააგემოვნოთ, რომელზეც სიცილიელი შეფმზარეული ზრუნავს.
სასტუმროს ეკუთვნის სამი ვილა - Villa Sainte-Anne, Villa Eleana და Villa Les Cèdres, თითოეული მათგანი გარშემორტყმულია იტალიური ბაღებით, ციტრუსის ხეებით, აქვს დიდი ტერასები და საცურაო აუზები. გარდა მისაღები, სასადილო და მოსასვენებელი ოთახებისა, ვილები ფიტნეს დარბაზსა და კერძო სპა, საუნასაც მოიცავს.
სასტუმროს მრავალწლიან ისტორიას მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე უამრავი დამსვენებელი ქმნის, The Hôtel du Cap-Eden-Roc-მა უმასპინძლა ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან - სკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი, მარკ შაგალი, ჯონ კენედი, მარლენ დიტრიხი, ორსონ უელსი, ვინდსორის ჰერცოგი და ჰერცოგინია, შარლ დე გოლი.
ფოტოების წყარო: Oetker Collection
დაწერე კომენტარი