მზით გახუნებული ტერაკოტას აგურით აშენებული სახლები, უძველესი არისტოკრატული ვილები, პატარა ფერმები, პაპებისა და კარდინალების ყოფილი საცხოვრებლები, არქიტექტურული და ისტორიით გაჟღენთილი ადგილები ტოსკანას საუკეთესო დასასვენებელ რეგიონად აქცევს. მრავალი ადგილიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული - Villa Cetinale გახლავთ, რომელიც თავდაპირველად პაპ ალექსანდრე VII-ს ეკუთვნოდა, ვილა და მიწები მემკვიდრეობით მიიღო პაპის ძმისშვილმა, კარდინალმა ფლავიო ჩიგიმ, მან 1680 წელს არქიტექტორ კარლო ფონტანას დახმარებით შექმნა რომაული ბაროკოს სტილში დაპროექტებული ვილა. 

1977 წელს ჩიგის დინასტიის მფლობელობაში მყოფი ვილა ბრიტანელმა არისტოკრატმა ანტონი ლამბტონმა შეიძინა, რომელმაც Villa Cetinale-ს სახელი მნიშვნელოვნად გაუთქვა, იზრუნა მის რესტავრაციაზე, გააშენა ახალი ბაღები და მასპინძლობდა სტუმრებს - პრინცესა მარგარეტს, პრინც ჩარლზს, მიკ ჯაგერს, რუპერტ ევერეტს, ტონი ბლერს და ქეით მოსის.

ვილას ძირითადი რესტავრაცია და სარემონტო სამუშაოები ფლორენციელმა არქიტექტორმა - Bolko von Schweinichen-მა ჩაატარა, რომელიც ცნობილია ისტორიული ნაგებობებისადმი მაქსიმალური პატივისცემით, სწორედ უნიკალური ხასიათის შენარჩუნებითა და ისტორიის გათვალისწინებით იმუშავა Villa Cetinale-ზეც. 

Villa Cetinale-ს უმთავრესი ღირსშესანიშნაობა მისი ბაღებია, რომელიც Giardino all'italiana სტილშია გაშენებული - ზეთისხილის კორომებით, ტოპიარებით, ლიმონისა და კვიპაროსის ხეებით, გლიცინიებითა და ჟასმინებით, შროშანებითა და ზამბახებით, ვარდებითა და პლუმბაგოს ყვავილებით, 16 ქანდაკებით და 29 ბიუსტით, მათ შორის ჰერკულესის და ჯუზეპე მაზუოლის ქანდაკებებით.

ვილა სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. დამსვენებლისთვის იქ 13 ოთახია, თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული ფერთა პალიტრა გამოარჩევს, აქვე დაგხვდებათ კერძო აუზი და ჩოგბურთის კორტებიც. გარდა იმისა, რომ ვილა საოჯახო დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად იდეალური ადგილია, ის საქორწილო ცერემონიების მასპინძლობითაც არის განთქმული - Villa Cetinale უკვე არაერთ ქორწილსა და ხელის მოწერის ცერემონიას ითვლის. 

Villa Cetinale მდებარეობის გამო სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები, ტოსკანას ლანდშაფტი, ისტორიითა და კულტურით განთქმული ზონა. ვილა ახლოს არის ისეთ ისტორიულ ქალაქებთან, როგორებიცაა სიენა, სან-ჯიმინიანო და მონტერიჯიონი, ასევე ერთი საათის სავალზე მდებარეობს ფლორენციაც. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ადგილობრივი ექსკურსიებით და ეწვიონ რომაულ მონასტერს ტორსა და მონტე ოლივეტოში, ცისტერციანის სააბატოს სან გალგანოში, პიაცა დელ კამპოს სიენაში და კიდევ მრავალ სხვა საინტერესო ადგილს.


ფოტოების წყარო: Villa Cetinale, Condé Nast Traveller, Tatler