ნიუ-იორკში, 650 Madison Avenue-ზე, შტაბ-ბინაში, Ralph Lauren-ის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელიც შთაგონებულია დიზაინერის  ქალის ტანსაცმლის პირველი, 1972 წლის  ჩვენებით, სადაც ლორენმა კოლექცია საკუთარ ოფისში წარადგინა. 2024 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე მონაწილეობდა ქართველი მოდელი - მატილდა გვარლიანი, რომელიც წელს ასევე გამოვიდა ისეთი  მოდის სახლების ჩვენებებზე, როგორიცაა - Dior, Louis Vuitton, Gucci, Isabel Marant.

ჩვენება ბილი ჯოელის სიმღერაზე - "Just the Way You Are" -  გახსნა სუპერმოდელმა  კრისტი  ტარლინგტონმა, დახვეწილი კრემისფერი ლუქით და შალის ქურთუკით. ტარლინგტონისა და ლორენის მეგობრობა 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც მოდელი პირველ კარიერულ ნაბიჯებს დგამდა. 

კოლექციაშია ნეიტრალური ტონები - კრემისფერი,  ყავისფერი, ნაცრისფერი და შავი. მინიმალისტური დიზაინით და ნეიტრალურ ფერთა პალიტრით წარმოდგენილია როგორც დღის სამოსი - ქურთუკები, დიდი ზომის სვიტერები, ჟაკეტები და კლასიკური შარვლები, ისე საღამოს გამოსასვლელი კაბები. 

ახალ კოლექციას ლორენის ნაცნობი და დამახასიათებელი დასავლური აქცენტები აქვს, შეხვდებით Cowboy სტილის ქუდებსა და ტყავის ქამრებს ,,RL'' ბალთებით. 

პირველი კოლექციიდან 52 წლის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში უცვლელი დარჩა ლორენის ესთეტიკა, რომელიც აღნიშნავს: ,,ქალს, რომლისთვისაც სამოსს ვქმნი, აქვს სილამაზე, რომელიც შინაგანი თავდაჯერებულობიდან მოდის. ჩემი კოლექცია შთაგონებულია ქალის ინდივიდუალიზმითა და სტილით, რომელიც მარადიულია..."


ფოტოების წყარო: Vogue Runway